გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

“მიზეზი იმის, რომ ამ საქმეს შევჭიდებოდი, ჩემი მამამთილი გახდა” -გაიცანით ახალგაზრდა მეფუტკრე ცაგერიდან

11-05-2020

მარიამ ბენდელიანი 24 წლისაა. ის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ  წიფერჩში  მეუღლესთან, ორ მცირეწლოვან ბავშვთან და მეუღლის მშობლებთან ერთად ცხოვრობს. მარიამის მამამთილი წლებია მეფუტკრეა და ეკოლოგიურად სუფთა თაფლს აწარმოებს. სწორედ ეს გახდა ახალგაზრდა ქალისთვის მოტივაცია და მანაც მეფუტკრეობას მიჰყო ხელი.

“მიზეზი იმისა, რომ ამ საქმეს შევჭიდებოდი, ჩემი მამამთილი გახდა. ყოველდღიურად ვუყურებდი მის შრომას, ამ საოცრად საინტერესო საქმეს და ვიფიქრე, მამამთილისთვის შრომაც შემემსუბუქებინა და მეც მეფუტკრე გავმხდარიყავი“,  – უყვება “რეგიონულ კვირას” მარიამი.

 წარმოების გაფართოების მიზნით, 2018 წელს, სახელმწიფო პროგრამა  “აწარმოე საქართველოში“ გამოცხადებულ კონკურსში გადაწყვიტეს მონაწილეობა. გაუმართლათ  და  მიღებული ფინანსური დახმარებით სპეციალური დანადგარები: ციბრუტი, თაფლის შესარევი მექანიზმი და დოზადორი შეიძინეს. თაფლის  მცირე საწარმოს “ანი – მარი“ დაარქვეს.

როგორც მარიამი ამბობს, ფუტკარს საკვებისთვის შორს წასვლა რომ არ დასჭირვებოდა, კუთვნილ მიწაზე სხვადასხვა ჯიშის ხეებიც თავად დარგეს და სწორედ აქედან იღებენ საკვებს მწერები.

“50 ოჯახი სკა გვყავს, ყოველწლიურად 800 კილოგრამამდე თაფლი ამოგვაქვს. ჩვენი მომხმარებელი წლებია გვაკითხავს და თაფლი მიაქვთ,მაგრამ მაინც ბევრი გვრჩება გასაყიდი. არადა, ჩვენი პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთა და მარგებელია. დავდივართ სხვადასხვა გამოფენებზე, სერთიფიკატებიც კი მივიღეთ“,- გვიყვება ახალგაზრდა მეფუტკრე.

24 წლის მეწარმემ იცის, რომ მეფუტკრეობა პერსპექტიული დარგია, ამიტომ, მუდმივად ადევნებს თვალს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ კონკურსებს და გეგმავს, კიდევ ბევრ პროექტში მიიღოს მონაწილეობა.

“ახლა “გრეტას” პროექტი იწყება. გადავწყვიტეთ მონაწილეობდა და პროექტის მზადების პროცესში ვართ. მინდა, უფრო ფართო ბაზარზე გავიდე. ყველა ახალგაზრდას ვურჩევ, განსაკუთრებით მათ, ვინც სოფლად ცხოვრობს, იმ უამრავ პროგრამასა და პროექტში მიიღონ მონაწილეობა, რომელსაც სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ. მე არაფერი არ მქონდა, ერთ დღესაც მოვინდომე და საქმეც გამოგვივიდა“,- ამბობს ახალგაზრდა მეფუტკრე ცაგერიდან.

მარინე სვანიძე

კვირა