18-05-2020
კოვიდ - 19 - ის პანდემიის პერიოდში საქართველოს ხელისუფლების დახმარებით საქართველოში 200 - ზე მეტი მეზღვაური დაბრუნდა სამშობლოში. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ათეულობით მეზღვაურის ქეისს სწავლობს და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უცხოეთის ქვეყნებში საქართველოს საელჩოებთან აქტიური თანამშრომლობით ხელს უწყობს ქართველი მეზღვაურების სამშობლოში დაბრუნების პროცესს. სააგენტოს დირექტორის თამარ იოსელიანის განცხადებით, დღეს მეზღვაურები პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან და თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ვირუსთან ბრძოლაში. საზღვაო ტრანსპორტით მსოფლიო ტვირთების 90% გადაიზიდება და შექმნილი კრიზისის გამო მეზღვაურებს ურთულეს პირობებში უწევთ მუშაობა, რომ მსოფლიო ლოგისტიკურმა ჯაჭვმა შეუფერხებლად იმუშაოს.
„ამ ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი მეზღვაურების როტაციისა და რეპატრიაციის პროცესი მაქსიმალურად შეუფერხებლად განხორციელდეს. ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გაქვს საკრუინგო და გემთმფლობელ კომპანიებთან გემებზე ეკიპაჟის ქართველი წევრების როტაციის უზრუნველსაყოფად. მათი სამშობლოში ტრანსპორტირების ორგანიზებისათვის ბევრი ფაქტორი და დეტალია გასათვალისწინებელი და შესათანხმებელი პროცესში ჩართულ სხვადასხვა მხარესთან, მათ შორის გემთმფლობელებთან და იმ ქვეყნების მთავრობებთან, რომელთა ტერიტორიაზეც ხდება მეზღვაურთა გადაადგილება,“ - განაცხადა საზღვაიო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი საზღვაო ქვეყანაა, რომელმაც ჯერ კიდევ მარტიდან დაიწყო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის მიერ მიერ პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული რეგულაციების ადაპტირება და კრიზისის საპასუხო ნაბიჯების გადადგმა საზღვაო სექტორის გამართული მუშაობის, აგრეთვე უცხოეთში დასაქმებული ქართველი მეზღვაურების შრომითი პირობების შესამსუბუქებლად.