გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2021    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

კახა ბექაური: თანამედროვე მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო სექტორი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და საქართველო ამ პროცესის ნაწილი უნდა იყოს

23-06-2021

“კომუნიკაციების კომისია დღეს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე თამაშის წესებს ცვლის. ჩვენი მიზანია, როგორც მობილური მომსახურებების, ისე ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარი გაიხსნას. ეს ნიშნავს, რომ ვცვლით დიდი ოპერატორების მიერ წლების განმავლობაში დამკვიდრებულ პრაქტიკას, როდესაც ისინი საკუთარი ინფრასტრუქტურის გაზიარებაზე უარს ამბობდნენ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ბაზარი უნდა იყოს ღია და დიდმა კომპანიებმა კომერციული, ურთიერთხელსაყრელი ტარიფით ყველა მსურველი ოპერატორი გაატაროს საკუთარ ქსელზე. თანამედროვე მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო სექტორი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და საქართველო ამ პროცესის ნაწილი უნდა იყოს. სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებართვების საფუძველზე ანძების მშენებლობა, არხის გათხრა და კაბელების გაყვანა ტელეკომ სფეროში დიდი ხანია აღარ არის კონკურენციის ადგილი. ახალი, ინოვაციური პროდუქტების შექმნა, მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი საკომუნიკაციო სერვისების შეთავაზება და მათი მომსახურება - ეს არის მიმართულებები, სადაც კომპანიებმა ერთმანეთს კონკურენცია უნდა გაუწიონ”,- აცხადებს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური.

კომისიის თავმჯდომარის თქმით, სატელეკომუნიკაციო ბაზრის პროგრესულმა მოთამაშეებმა უარი თქვეს ინფრასტრუქტურის მონოპოლიზაციაზე - თანამედროვე ტელეკომ ოპერატორებმა ანძებით და საკაბელო ინფრასტრუქტურით არ უნდა გაუწიონ კონკურენცია ერთმანეთს, რადგან ეს მოძველებული მიდგომაა, რომლის ცვლილებაც საერთაშორისო ბაზარზე დიდი ხანია დაწყებულია.

„ჩვენთან ჯერ კიდევ, ძველი მიდგომებია - ზოგიერთი დიდი კომპანია საკუთარ პოზიციას იმით „ამყარებს“, რომ წლების განმავლობაში ინფრასტრუქტურაში ინვესტირებული მილიონობით ლარის ამოღება უნდა ვაცადოთ და სწორედ ამ მიზეზით არ უშვებენ სხვა კომპანიებს საკუთარ ქსელზე. ეს არ არის სწორი მოდელი, მათ აუცილებლად უნდა გაატარონ ახალი კომპანიები თავის ინფრასტრუქტურაზე, კომერციული ტარიფით, რაც მისცემთ შესაძლებლობას, რომ ინფრასტრუქტურის მშენებლობაში ჩადებული ინვესტიციები ამოიღონ. ეს არის სწორი მიდგომა. რატომ გვინდა ბაზრის გახსნა და კონკურენციის გაძლიერება? ეს პირდაპირ აისახება მომხმარებლებზე, რადგან მაღალი კონკურენციის პირობებში, გაიზრდება საკომუნიკაციო სერვისების ხარისხი, ასევე, კონკურენცია პოზიტიურ გავლენას მოახდენს მომსახურების ფასებზე“,- განაცხადა კახა ბექაურმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში.

კომისიის თავმჯდომარე ამავე ინტერვიუში დეტალურად ხსნის თუ რატომ აქვთ დიდ ტელეკომ კომპანიებს ბაზარზე შემოსვლის მსურველების საკუთარ ინფრასტრუქტურაზე გატარების ვალდებულება. ირკვევა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონი „მაგთიკომს“, „სილქნეტს“ და „ბილაინს“ ახალი კომპანიის თავის ქსელზე გატარების ვალდებულებას უწესებს, ვინაიდან ისინი შეზღუდულ სახელმწიფო რესურს იყენებენ, რომელიც მათ სახელწმიფომ მიანიჭა, ლიცენზიის მინიჭების გარდა სახელწმიფო კომპანიებს სპეციფიური ვალდებულებებიც აკისრიათ.

კახა ბექაური ამავე ინტერვიუში ამბობს, რომ ტელეკომ ბაზარზე არსებულ სუსტ კონკურენციაზე, კომპანიების საბაზრო წილების გადანაწილებაც მიუთითებს. რადგან მობილური კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ სამ ოპერატორს შორის, „მაგთიკომს“ და „სილქნეტს“ ბაზრის 80%-ზე მეტი უკავია, რაც შეეხება ფიქსირებულ ინტერნეტს, „მაგთიკომის“ და „სილქნეტის“ საბაზრო წილი თითქმის 80%-ია, დანარჩენი 20% კი 300-მდე პატარა კომპანიაზე მოდის .