გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2022    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მიხეილ ჩხენკელმა ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისთბილისის ოფისი გახსნა

28-09-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის თბილისისოფისის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ახალი სამუშაო სივრცის გახსნა მიულოცა. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიხსნა აკადემიკოს ჯუმბერ ლომინაძისსახელობის კაბინეტი,  მოეწყო მეცნიერის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა და ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიასა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის.


სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა ობსერვატორიის განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ მისი ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის 10 მილიონი ლარი გამოყო.


მიხეილ ჩხენკელი: „მთელი გულით გილოცავთ ასტროფიზიკური ობსერვატორიის თბილისის ოფისის გახსნას. მოხარული ვარ, რომ მეცნიერებს სამუშაოდ ღირსეული პირობები შეექმნათ. ასევე, ძალიან მახარებს, რომ ობსერვატორიაში დაიწყო ფუნდამენტური ცვლილებები. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობამ უკვე გამოყო თანხები მისი ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის. ეს არის ახალი ეტაპი ობსერვატორიის ისტორიაში, რომელიც ახალ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებს მისცემს დასაბამს.


მოხარული ვარ, რომ ოფისის გახსნასთან ერთად აკადემიკოს ჯუმბერ ლომინაძის სახელობის კაბინეტი გაიხსნა, რომელიცუდიდესი მეცნიერი და შესანიშნავი პიროვნება გახლდათ. ძალიან კარგია, რომ ის არა მხოლოდ სამუზეუმო, არამედ  სამუშაო სივრცე იქნება, სადაც ახალგაზრდებს აკადემიკოს ჯუმბერ ლომინაძის სამეცნიერო მემკვიდრეობის გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ, ასევე, ჩატარდება სამეცნიერო-კვლევითი სემინარები და შეხვედრები.

მოხარული ვარ, რომ დღეს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიასა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის, რაც საშუალებას მისცემს ობსერვატორიის თანამშრომლებს, ჩაერთონ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიურ ცხოვრებაში“.


მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის დაარსება უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში. უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.


მინისტრის თქმით, ინტერნაციონალიზაციას, ერთი მხრივ, განაპირობებს ის აკადემიური პროგრამები, რომლებიც მსოფლიოს ლიდერ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით იქმნება და, მეორე მხრივ, ის, რომ უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში ქართველებთან ერთად ჩართული არიან ცნობილი უცხოელი პროფესორებიც. გარდა ამისა, ძალიან დიდი ყურადღება ექცევა მეცნიერების განვითარებას, რაშიც ადრონული თერაპიის ცენტრი დიდ წვლილს შეიტანს.

თბილისის ოფისის შენობაში მოეწყო სამუშაო ოთახები ობსერვატორიის მეცნიერ-თანამშრომლებისთვის, საკონფერენციო დარბაზი და სამეცნიერო საბჭოს სამუშაო კაბინეტი. ოფისის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა, 750 ათას ლარამდე ღირებულებისაა. ოფისი აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით, რისთვისაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 40 000 ლარი გამოყო. უახლოეს მომავალში ობსერვატორიის თბილისის ოფისში ევგენი ხარაძის სახელობის კაბინეტი გაიხსნება, სადაც მეცნიერის მემორიალური ნივთები განთავსდება.


ღონისძიების ფარგლებში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიასა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის, რომლის მიზანია მხარეთა შორის აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით  სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება, მათ შორის, ერთობლივი საგრანტო პროექტების განხორციელება სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა ჩართულობით, ერთობლივი სემინარების, კონფერენციების, სიმპოზიუმების ორგანიზება, მეცნიერების პოპულარიზაციისკენ მიმართულ პროექტების განხორციელება ასტრონომიისა და ასტროფიზიკის მიმართულებით. მემორანდუმის ფარგლებში ობსერვატორია მხარს დაუჭერს უნივერსიტეტში დარგობრივი სადოქტორო პროგრამ(ებ)ის განხორციელებას, გარდა ამისა, ობსერვატორიაში დასაქმებულ მეცნიერებს საშუალება ექნებათ უხელმძღვანელონ უნივერსიტეტის სტუდენტებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების შესასრულებლად.


აღნიშნულ მემორანდუმს ხელი ობსერვატორიის დირექტორმა რევაზ ჭანიშვილმა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ მოაწერეს.


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის ალექსანდრე თევზაძის ინიციატივით, ახალგაზრდა მეცნიერებისათვის ფულადი ჯილდოები დაწესდება – ჯუმბერ ლომინაძის ჯილდო ასტროფიზიკაში, მიხეილ ვაშაკიძის ჯილდო – ასტრონომიაში, ევგენი ხარაძის ჯილდო კი – ასტროფიზიკასა და ასტრონომიაში.

აღსანიშნავია, რომ ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია, როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ხელმისაწვდომია ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამეცნიერო ორგანიზაციისთვის, მეცნიერებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისათვის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.