შპს „სერვისი 2007“ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოა. დედოფლისწყაროს გამგეობას 2015-2016 წლებში, ტენდერების საფუძველზე, „სერვისი 2007“-თან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის მომსახურებაზე ორი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. შპს-სა და გამგეობას შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით, ორი წლის განმავლობაში, შპს-ს ჯამში შესრულებული აქვს 52 034 კუბ. მეტრი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა და ანაზღაურების სახით მიღებული აქვს დაახლოებით 510 ათასი ლარი.
კანონმდებლობის მიხედვით, გამგეობა ვალდებული იყო შპს-ს მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლი განეხორციელებინა. დოკუმენტაციის შემოწმების დროს, აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა მიიჩნიეს, რომ მუნიციპალიტეტის მხრიდან მომსახურების გაწევაზე დაწესებული კონტროლის მექანიზმები არ იძლეოდა სარწმუნო მტკიცებულებას, შესრულებული სამუშაოების მოცულობების დასადასტურებლად.
აუდიტის ჯგუფის განმარტებით, მათ დამატებითი აუდიტორული პროცედურები ჩაატარეს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ რეგისტრირებული ნაგავსაყრელი. შპს „სერვისი 2007“-ს საყოფაცხოვრებო ნარჩენები აღნიშნულ ნაგავსაყრელზე შეაქვს.
ნაგავსაყრელის ადმინისტრაცია აღრიცხავს შეტანილი ნარჩენების მოცულობებს და მონაცემებს ნარჩენების მართვის კომპანიას აწვდის.
აუდიტის ჯგუფის დავალებით, გამგეობამ შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისგან“ გამოითხოვა წერილობითი ინფორმაცია, 2015-2016 წლებში დედოფლისწყაროში რეგისტრირებულ ნაგავსაყრელზე შპს „სერვისი 2007-ს რა მოცულობის ნარჩენები ჰქონდა შეტანილი.
მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში შპს „სერვისი 2007“-ის მიერ ნაგავსაყრელზე შეტანილი ნარჩენების მოცულობა შეადგენს 38 153 კუბ. მეტრს, რაც 13 881 კუბ.მეტრით ნაკლებია შესრულებული სამუშაოების აქტებში დაფიქსირებულ მოცულობებთან შედარებით.
შესრულებული სამუშაოს აქტებში 1 კუბ. მეტრი ნარჩენის გატანის ღირებულებაა 9.13 ლარი.
მას შემდეგ, რაც დაფიქსირებულ მოცულობებს შორის სხვაობა დადასტურდა, შპს „სერვისი 2007“-ის ხელმძღვანელმა დავით დუღაშვილმა განმარტა, რომ სხვაობის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი, ნაგავსაყრელის პერსონალის მიერ შეტანილი ნარჩენების არასათანადო აღრიცხვაა.
აუდიტის ჯგუფი დაუკავშირდა შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ რეგიონული მართვის დეპარტმენტის უფროსს. მისი ინფორმაციით, სააუდიტე პერიოდში ნაგავსაყრელის პერსონალი შეტანილი ნარჩენების მოცულობას ყოველდღიურად აღრიცხავდა და აკონტროლებდა, ხოლო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოქმედ ნაგავსაყრელზე ნარჩენების აღურიცხავად შეტანის შემთხვევები არ გამოვლენილა.
ამის შემდეგ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა ნარჩენების მოცულობებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობის ახსნა იმით სცადა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ ხორციელდება სტიქიური და უკანონო ნაგავსაყრელების დასუფთავება. გამგეობის განმარტებით, უკანონო ნაგავსაყრელებიდან გატანილი ნარჩენი შეიცავდა, როგორც საყოფაცხოვრებო, ისე სამშენებლო ნარჩენებსაც და ამის გამო ოფიციალურ ნაგავსაყრელზე მათ შეტანის ნებართვას არ აძლევდნენ.
თუმცა, ამ ფაქტის დასადასტურებლად გამგეობამ აუდიტს ვერ წარუდგინა დოკუმენტური მტკიცებულება,შერეული ნარჩენების შეტანის ნებართვის მოთხოვნის ან მასზე მიღებული უარის შესახებ. შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსმა კი განაცხადა, რომ მათ მიერ მსგავსი ტიპის შეზღუდვა დაწესებული არ არის და მუნიციპალიტეტს შეეძლო ნაგავსაყრელზე შერეული ტიპის ნარჩენებიც უსასყიდლოდ შეეტანა.
საყურადღებოა, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის 31-32-ე მუხლების მიხედვით, მუნიციპალური, სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს დამრღვევის დაჯარიმებას 80-500 ლარის ოდენობით. სააუდიტე პერიოდში, მუნიციპალიტეტს არალეგალურ ნაგავსაყრელებზე ნარჩენების დაყრის არცერთი შემთხვევა არ გამოუვლენია და შესაბამისად, დამრღვევები არ დაჯარიმებულან. ამის გათვალისწინებით, სხვაობის ახსნა, უკანონოდ დაყრილი ნარჩენების გატანით, აუდიტმა სარწმუნოდ არ მიიჩნია.
აუდიტის სამსახურმა, რეკომენდაციის სახით, მუნიციპალიტეტს მოსთხოვა დაადგინოს ნაგავსაყრელის მონაცემებსა და შესრულებული სამუშაოს აქტებში დაფიქსირებულ მოცულობებს შორის სხვაობის გამომწვევი მიზეზები და პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
აუდიტის სამსახურის ანგარიში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზეც განიხილეს. საკრებულოს უმრავლესობამ დოკუმენტი ცნობად მიიღო.
აუდიტის ანგარიშში დაფიქსირებულ დარღვევებზე გამოძიების დაწყებას მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრი ლევან ბაღაშვილი ითხოვდა. მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მას უპასუხა, რომ აუდიტის სამსახური დარღვევებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს თუ დაინახავდა, სამართალდამცავ ორგანოებს საქმის მასალებსაც გადაუგზავნიდა.
შეგახსენებთ, 2015 წლის 22 აპრილს კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება „გუბერნატორის ოჯახის ბიზნესინტერესები ბიუჯეტის ხარჯზე და თანამდებობის გამოყენებით“. სტატიაში საუბარია კახეთის გუბერნატორის, ირაკლი შიოლაშვილის ოჯახის წევრების მიერ სხვადასხვა საწარმოს მშენებლობის პროცესში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სპეცტექნიკის და საბიუჯეტო ორგანიზაციის მუშების პირადი ინტერესებისთვის უსასყიდლოდ გამოყენებაზე; გუბერნატორის მამის გენადი შიოლაშვილის მიწის ნაკვეთში შპს „სერვისი 2007“–ის ერთ–ერთი მუშის ნუგზარ ჯინაშვილის გარდაცვალების ფაქტზე; ასევე, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კახეთის გუბერნატორის მამამ გენადი შიოლაშვილმა უკანონოდ დაისაკუთრა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში არსებული სახელმწიფო ქონება; გუბერნატორის დედა - მარინე ღვინიაშვილი კი დედოფლისწყაროს გამგეობის შენობაში არსებულ ფართს კომერციული მიზნით, უსასყიდლოდ იყენებდა წლების განმავლობაში.
ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებამდე ირაკლი შიოლაშვილი საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორის გელა მთივლიშვილის მოსყიდვას ცდილობდა. ჟურნალისტს რამდენჯერმე მიუგზავნა მსხვილი ბიზნესმენი და სთავაზობდა გარიგებას, რაზედაც უარი მიიღო.
გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ კი, გუბერნატორმა ჟურნალისტი შანტაჟსა და მუქარაში დაადანაშაულა და კახეთის საინფორმაციო ცენტრს ბოიკოტი გამოუცხადა.
ჟურნალისტმა გუბერნატორს სასამართლოში უჩივლა. თელავის სასამართლომ ჟურნალისტის სარჩელი არ დააკმაყოფილა. რაიონული სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებით წახალისებული ირაკლი შიოლაშვილი კვლავ აგრძელებდა ცრუ ინფორმაციის გავრცელებას საინფორმაციო ცენტრების ქსელის და მისი რედაქტორის მიმართ სხვადასხვა სატელევიზიო ეთერითაც, როცა ჟურნალისტები მას კითხვებს უსვამდნენ, მის საქმიანობასთან დაკავშირებით, კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ მასალებზე. შიოლაშვილი იმეორებდა, რომ ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი მის დაშანტაჟებას ცდილობდა თანხის მიღების მიზნით, რაზედაც მან უარი უთხრა და ამიტომ იყო გადაკიდებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2017 წლის 31 მაისს, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა და ირაკლი შიოლაშვილს გელა მთივლიშვილის მიმართ ცილისწამების საჯაროდ უარყოფა დაავალა. გელა მთივლიშვილმა ირაკლი შიოლაშვილს საქმე უზენაეს სასამართლოშიც მოუგო.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან 5 მაისს მიღებული ინფორმაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გამოვლენილ ფინანსურ დარღვევებზე საგამოძიებო სამსახურს გამოძიება აქვს დაწყებული სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს მითვისებას ან გაფლანგვას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.