30-06-2022
"საქართველო მყარად ინარჩუნებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას 2022 წელსაც" - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების შეფასებისას მედიასთან განაცხადა.
„საქსტატის" წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ 2022 წლის მაისში 11.6% შეადგინა, ხოლო იანვარი-მაისის საშუალო ზრდა 11.2%-ით განისაზღვრა.
„მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ 26 პროცენტიანი ზრდა გვქონდა შარშან მაისის თვეში, შესაბამისად, არამხოლოდ 2021 წლის აპრილი, რომელიც 40 პროცენტზე მეტი ეკონომიკური ზრდით ხასიათდებოდა არამედ მაისის თვეც იყო განსაკუთრებით სწრაფად მზარდი. შესაბამისად, ამ პირობებში, ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება მეორე წლის განმავლობაში და მიმდინარე წლის შედეგები 5 თვის ფარგლებში, სადაც გვაქვს ორნიშნა, 11 პროცენტზე მეტი ზრდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის შეფასებით, ეს მონაცემები არის დამაიმედებელი იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, წლის პერსპექტივაშიც, მოგვიანებით გადაიხედოს.
„ნახეთ, რომ ის პესიმისტური შეფასებები, რომლებიც ჰქონდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, შეცვლილილია - მსოფლიო ბანკმაც გაზარდა ჩვენი ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა და ვფიქრობთ, რომ ამ ტენდენციების გაანალიზების შემდეგ, რა თქმა უნდა, საერთაშორისო პარტნიორებიც დაგვეთანხმებიან, რომ საქართველო მყარად ინარჩუნებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას 2022 წელსაც" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
„საქსტატის" წინასწარი შეფასებით, 2022 წლის მაისშიც გრძელდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდის დინამიკა, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ ფონზეც, რომ წინა წლის მაისში ეკონომიკური ზრდის მაღალი (25.8%-იანი) ზრდა დაფიქსირდა. ეკონომიკურმა ზრდამ 2022 წლის მაისში 11.6% შეადგინა, ხოლო იანვარი-მაისის საშუალო ზრდა 11.2%-ით განისაზღვრა.
მაისში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით, 25.3%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 6,930 ერთეულს გაუტოლდა, რაც 93.5 პროცენტით მეტია 2021 წლის მაისის თვის მონაცემზე.
2022 წლის მაისის ეკონომიკურ ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი შეიტანა ტრანსპორტისა და დასაწყობების, ენერგეტიკის, მომსახურების და მრეწველობის სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ. 2022 წლის მაისში მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა: ტრანსპორტის და დასაწყობების, ენერგეტიკის, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების, დამამუშავებელი მრეწველობის, განათლების, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების, მშენებლობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის და ინფორმაციის და კომუნიკაციის საქმიანობების სექტორებში.
2022 წლის მაისში ეკონომიკური გაჯანსაღების მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა საქონლით საგარეო ვაჭრობის და ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები - 2022 წლის მაისში ექსპორტი გაიზარდა 54.3 პროცენტით და 524.6 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რე-ექსპორტის გამოკლებით) 63.3 პროცენტით გაიზარდა და 391.9 მლნ. დოლარი შეადგინა.
გაჯანსაღების ტენდენციები მნიშვნელოვნად გაძლიერდა ტურიზმის სექტორში, კერძოდ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე მაისში (პანდემიამდე 2019 წლის მაისში დაფიქსირებული საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების) 96 პროცენტი იყო და 259 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2022 წლის მაისში ფულადი გზავნილების მოცულობა 169.4 პროცენტით გაიზარდა და 505.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე მხარდაჭერის ღონისძიებებს მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების, ინვესტიციების მოზიდვის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ინდუსტრიული მიმართულებით მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა აქვს ეკონომიკური აქტივობის და სამუშაო ადგილების ზრდაზე.