8-07-2022
ნიდერლანდების სამეფოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის დირექტორი, ბრიგადის გენერალი, პოლ ჰოფსლოტი, ნიდერლანდების საზღვაო ძალების რეზერვის კომანდერი, სამხედრო ვეტერანი, სესილია ჯოანა ვან პესკი, ვეტერანთა ინსტიტუტის მკვლევარი, ჰიელტ ალჰრა და პროფესორი, ფსიქიატრი, სამხედრო მენტალური ჯანმრთელობის სტრატეგიული მრჩეველი, თადარიგის პოლკოვნიკი, ერიკ ვერმეტენი, საქართველოში ვიზიტს განაგრძობს.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მარო მაყაშვილის სახელობის წეროვნის სარეაბილიტაციო ცენტრს ეწვივნენ, გაეცნენ ცენტრის მმართველობას, პერსონალს, ინფრასტრუქტურას, დაჭრილ-დაშავებული მეომრების ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციისთვის, საგანგებოდ შერჩეულ როგორც საერთო, ასევე, ინდივიდუალურ პროგრამებს. გამოხატეს პატივისცემა ქართველი ჯარისკაცების მიმართ, იმ არც თუ მოკრძალებული წვლილისთვის, რომელიც მათ საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში გაიღეს.
მოგვიანებით, ნიდერლანდელი სტუმრები, ქართველ მასპინძლებთან ერთად, შინდისში ჩავიდნენ, მოინახულეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ამ გამორჩეული ბრძოლის ადგილი. მათ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან, გენერალ-მაიორ კობა კობალაძესთან, სამსახურის თანამშრომლებთან, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ვეტერანებთან ერთად, შინდისის გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლის ველზე დაცემული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. იმყოფებოდნენ სოფელ ნიქოზში, საოკუპაციო ხაზთან, ადგილობრივ ვეტერანებს გაესაუბრნენ და იმ გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება, რომლებსაც ე.წ. საზღვართან მცხოვრები მოსახლეობა ყოველდღიურად აწყდება და რომელთა დასაძლევად, საერთაშორისო თანამეგობრობის თანადგომა უმნიშვნელოვანესია. სტუმრები ნიქოზის საკათედრო ტაძრის ეზოში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, 1992-93 წლებში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაღუპული მეომრების საფლავებზე იმყოფებოდნენ და მათ ხსოვნას მიაგეს პატივი. დიდი ინტერესით მოისმინეს შინდისის ბრძოლის, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების, ქართველი მებრძოლებისა და საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში მონაწილე ჩვენი თანამემამულეების ისტორიები და ერთხმად აღიარეს, რომ ამაყი, უდრეკი ქართული სულის შესახებ მსოფლიოს ქვეყნებმა მეტი უნდა იცოდნენ.
სესილია ვან პესკიმ, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ, თითქმის 4 წელი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ, აღნიშნა, რომ ნიდერლანდების სამეფო არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს და ყოველთვის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას დაუჭერს მხარს. მან განაცხადა, რომ მიესალმება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან კონფლიქტის დარეგულირების მშვიდობიან გზას, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ ოფიციალურადაა დეკლარირებული და რომელსაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობა და ვეტერანები სრულად უჭერენ მხარს.
გენერალმა პოლ ჰოფსლოტმა და კობა კობალაძემ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ნიდერლანდების სამეფოს ვეტერანთა ინსტიტუტს შორის შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობასა და ურთიერთობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, პორტუგალიის ვეტერანთა სამსახურის შემდეგ, ერთად ერთი ინსტიტუციაა, რომელთანაც ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს. გენერალმა ჰოფსლოტმა კობა კობალაძეს განუცხადა, რომ ინსტიტუტში, მისი ხელმძღვანელობით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ქართულ მხარესთან კოორდინაციით, იმ პროექტებზე, სტრატეგიასა და კონცეფციებზე იმუშავებს, რომლებიც მხარეთა შორის ურთიერთობას გააღრმავებს. ხაზი გაესვა უწყებათა დეპარტამენტებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და სოფლის მეურნეობის სფეროში კოორდინირებულ თანამშრომლობას. პოლ ჰოფსლოტმა გამოთქვა სურვილი, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამუშაო ჯგუფი, ნიდერლანდებს, საპასუხო ვიზიტით უახლოეს მომავალში ეწვევა.
შეგახსენებთ, ნიდერლანდების სამეფოს ვეტერანთა ინსტიტუტის დელეგაციის ვიზიტის ინიციატორი საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ერთად, თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალქო საბჭო გახლავთ. ვიზიტი 9 ივლისამდე გასტანს და ის მიზნად ისახავს, ნიდერლანდებსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნებში მოქმედი ვეტერანთა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარებას და სამომავლოდ, ქართველ ვეტერანებზე მორგებული, ერთობლივი პროექტების დაგეგმვას. ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალურ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, რაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნიდერლანდებსა და დასავლეთის ბევრ ქვეყანაში, მიუხედავად სერიოზული ძალისხმევისა, დღესაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა.