20-12-2022
„შავი ზღვის გადამცემი ინფრასტრუქტურის აშენების შემდეგ, რეალისტური გახდება საქართველოს ENTSO-E-ში გაწევრიანების საკითხი. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს და ევროპის ენერგოსისტემები პარალელურ რეჟიმში დაიწყებენ მუშაობას, რაც საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების პრობლემის საბოლოო გადაჭრას უდრის“- ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.
გვიდიანი შავი ზღვის გადამცემი ქსელის პროექტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ იმდენად რევოლუციურია, ალბათ სრულად უნდა გადავიაზროთ ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკა და დიამეტრალურად განსხვავებულად დავინახოთ ჩვენი პოტენციალი.
მისივე თქმით, დღეს ენერგეტიკის განვითარებაზე დიდი საქმე ამ ქვეყანაში არაფერია.
„ცოტა ვრცლად შავი ზღვის გადამცემი ქსელის პროექტზე შავი ზღვის გადამცემი ქსელის შესახებ ბევრი ითქვა, ეს პროექტი რომ ისტორიული მასშტაბის წამოწყებაა, ეს ყველასთვის ცხადია. პოლიტიკური თვალსაზრისით რომ უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს, ესეც ყველასთვის ნათელია.
თუმცა, ამ პროექტის ყველაზე დიდი პერსპექტივა, რა თქმა უნდა, ენერგეტიკას უკავშირდება. ეს პროექტი იმდენად რევოლუციურია, რომ ალბათ სრულად უნდა გადავიაზროთ ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკა და დიამეტრალურად განსხვავებულად დავინახოთ ჩვენი პოტენციალი. საქართველოს ენერგეტიკა დღეს ბუნებრივი რესურსების კუთხით, თუ რამე აქვს საქართველოს, ეს ჩვენი ჰიდრორესურსებია, რომელთა არ ათვისება, უბრალოდ დანაშაული მგონია.
სხვადასხვა კვლევებით, საქართველოს გააჩნია 15.500 მეგავატის დადგმული სიმძლავრის ათვისების პოტენციალი. თუმცა, აქედან ჯერჯერობით, მხოლოდ 3354 გვაქვს ათვისებული, ანუ დაახლოებით 21%. თავის მხრივ, ამ დადგმული სიმძლავრეების სრულად ათვისება დაახლოებით, 40 მილიარდი კილოვატსაათი ენერგიის გამომუშავებას უდრის. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი რესურსების ათვისება, დეფიციტური ქვეყნის სტატუსიდან, წმინდა ექსპორტიორად გარდაქმნის შესაძლებლობას იძლევა. ევროპის ენერგეტიკული ბალანსი ევროკავშირის 27 ქვეყნის ელექტროენერგიის მოხმარება 2021 წლის მონაცემებით, 2,865 ტერავატ/საათია. აქედან დაახლოებით 33% მოდის განახლებად რესურსებზე (ჰიდრო, ქარი, მზე). დანარჩენი გამომუშავება იმპორტირებული გაზით, ქვანახშირით და ატომური ენერგიით ბალანსდება. დღეს უკვე ყველასთვის ნათელია, რომ ზუსტად ეს ფაქტორია ევროპის ენერგეტიკული კრიზისის მთავარი მიზეზი.
ამდენად, ევროკავშირისთვის ენერგიის მიწოდების დივერსიფიკაცია უმთავრეს ამოცანად იქცა. რეალურად ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დაჩქარდა შავი ზღვის გადამცემი ქსელის მშენებლობის საკითხი, სწორედ შექმნილი ენერგეტიკული კრიზისია. ჩვენი საექსპორტო პოტენციალი დღეს საქართველოს თეორიულად შეუძლია ელექტროიენერგია მიაწოდოს, მხოლოდ რუსეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს და თურქეთს.
რუსეთში და აზერბაიჯანში ჩვენი ენერგია არავის სჭირდება - მათ თავის გენერაცია ჭარბად აქვთ. სომხეთს ატომური სადგური და, შესაბამისად, ძალიან მცირე დეფიციტი აქვს. აქედან გამომდინარე, ენერგიის სომხეთში ექსპორტი ვერ განიხილება სტრატეგიულ მიმართულებად. თურქეთი ექსპორტის თვალსაზრისით, ადრე საინტერესო იყო, თუმცა მათ დაიწყეს საკუთარი გენერაციის განვითარება და, შესაბამისად, რამოდენიმე წელიწადში საექსპორტო თვალსაზრისით, თურქეთი საერთოდ აღარ იქნება საინტერესო. ამდენად, შავი ზღვის გადამცემი ქსელის განვითარება საქართველოსთვის ექსპორტის პრაქტიკულად ამოუწურავ რესურსს ქმნის. ENTSO-E ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ევროპის ელექტროენერგიის გადამცემი ქსელების გაერთიანების (ENTSO-E) წევრობის საკითხია.
შავი ზღვის გადამცემი ქსელის აშენების შემდეგ, საქართველო პრაქტიკულად პირდაპირ ხდება ევროპის ენერგეტიკული ოჯახის წევრი. შესაბამისად, შავი ზღვის გადამცემი ინფრასტრუქტურის აშენების შემდეგ, რეალისტური გახდება საქართველოს ENTSO-E-ში გაწევრიანების საკითხი. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს და ევროპის ენერგოსისტემები პარალელურ რეჟიმში დაიწყებენ მუშაობას, რაც საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების პრობლემის საბოლოო გადაჭრას უდრის.
Carbon Tax მწვანე ენერგეტიკის განვითარების აუცილებლობას ერთი ასად ამძაფრებს კლიმატის ცვლილებებზე 2016 წლის პარიზის შეთანხმება. აღნიშნული დოკუმენტით, ევროკავშირს აქვს ვალდებულება 2027 წლიდან აამოქმედოს განახლებადი ენერგორესურსების წახალისების პოლიტიკა. შესაბამისად, შემოდის ე.წ. carbon-tax (ნახშირბადის გადასახადი). აღნიშნული შეთანხმება მიზნად ისახავს დააჩქაროს ევროპული ინდუსტრიის დეკარბონიზაცია. პარიზის შეთანხმების მიზანს წარმოადგენს განახლებადი ენერგიის წარმოების პრიორიტეტიზაცია და წახალისება. შესაბამისად, გარემოსთვის მავნე ზემოქმედების მქონე რესურსებისთვის შემოდის განსხვავებული დაბეგვრის რეჟიმი. მათ შორის, იმპორტირებულ ენერგორესურსებზე. ცხადია, ეს შეთანხმება სრულად შეცვლის ენერგორესურსების ათვისების პოლიტიკას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩნდება მწვანე ენერგეტიკის მიმართ გაზრდილი ინტერესი და, შესაბამისად, საქართველოს განახლებადი რესურსების ათვისების უდიდესი სტიმული. პიკის საათები ტექნიკური თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი პიკური პერიოდების მოხმარების საკითხია.
საათობრივი განსხვავების გამო, ევროპის პიკური მოხმარება იწყება მაშინ, როცა საქართველოში პიკი გადავლილია. შესაბამისად, ეს ფაქტორი აჩენს შესაძლებლობას, რომ მცირე სადგურების გამომუშავებული ენერგია ევროკავშირს პიკურ პერიოდებში მივაწოდოთ. ანუ, მაშინ, როცა ენერგია ყველაზე ძვირი და მოთხოვნადია. ცხადია, ეს სრულად ცვლის მცირე სადგურების ეფექტურობას და მათ დანიშნულებას. აღარაფერს ვამბობ, მარეგულირებელი ჰესების მიერ გარანტირებული სიმძლავრის მიწოდების მნიშვნელობაზე.
P.S. - ზემოთ ნახსენები საკითხები კიდევ მცირე ჩამონათვალია იმ ბენეფიტებიდან, რაც შავი ზღვის გადამცემი ქსელის მშენებლობას ახლავს თან. შეგნებულად აღარ აღვწერე ამ პროექტის პოლიტიკური და ევროკავშირთან ინტეგრაციის დაჩქარების ასპექტები; P.P.S - ვთვლი, რომ დღეს ენერგეტიკის განვითარებაზე დიდი საქმე ამ ქვეყანაში არაფერია. ყველაფერი უნდა გადავდოთ და მთელი ყურადღება ენერგეტიკაზე უნდა გადავიტანოთ. ყველაფერი უნდა ავაშენოთ და ყველაფერი უნდა ავითვისოთ!“- წერს ანდრია გვიდიანი.