9-07-2018
2016 წელს ხარაგაულში ამფითეატრი გაიხსნა, რომლის რეაბილიტაციაზეც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 449 999 ლარი დაიხარჯა. „ღია ესტრადა“ 2015 წლის 17 დეკემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაშინდელმა გამგებელმა, დღეს უკვე "ქართული ოცნების" დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა მიღება-ჩაბარების აქტით ჩაიბარა.
Facebook-გვერდზე "ფლანგვის დეტექტორი", რომელიც საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ და უყარიათო ხარჯვის შესახებ პოსტებს აქვეყნებს, ამფითეატრთან დაკავშირებით წერს, რომ გარემონტებულ ამფითეატრში მხოლოდ ორი ღონისძიება (ორივე კობა ლურსმანაშვილის საარჩევნო შეხვედრა იყო 2016 წლის 17 სექტემბერს და 4 ოქტომბერს) გაიმართა და დღეს შენობა უკვე ავარიულია, უფუნქციოდ არის და ინგრევა.
როგორც კობა ლურსმანაშვილი imedinews-სთან საუბარში ამბობს, მან შენობა ინსპექტირების ჯგუფისა და ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნის შემდეგ ჩაიბარა. ამასთან, ლურსმანაშვილი ამბობს, რომ მშენებელ კომპანიას ორწლიანი გარანტია ჰქონდა, რომლის მიხედვითაც, თუ ორი წლის განმავლობაში რამე დაზიანდებოდა კომპანიას უნდა შეეკეთებინა. ამასთან, გარანტია გამყარებული იყო 11-12 ათასი ლარით, რომლის გამოყენებაც მუნიციპალიტეტს იმ შემთხვევაში შეეძლო, თუ სამუშაობის შემსრულებელი კომპანია ორი წლის განმავლობაში წარმოქმნილ პრობლემებს არ მოაგვარებდა.
დეპუტატმა ასევე თქვა, რომ 2016-17 წლებში ამფითეატრში ვანდალურ ფაქტებს სისტემური ხასიათი ჰქონდა, რაზეც გამოძიება დაიწყო.
"ჩემი წინასაარჩენო კამპანიისას ეს ობიექტი ნორმალურ მდგომარეობაში იყო, თუ მერე იჩინა თავი გარკვეულმა პრობლემებმა, ამაზე უნდა დაყენებულიყო საკითხი კომპანიის წინაშე უნდა მოეთხოვათ, რომ გასწორებულიყო. რადგან მუნიციპალური ქონებაა, მუნიციპალიტეტს უნდა მიეხედა. თუ დაზიანებები გარეზემოქმედებით არის მიყენებული, მაინც მეპატრონემ უნდა მიაქციოს ყურადღება", - განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.
დეპუტატის თქმით, არასწორია ცნობა იმის შესახებ, რომ ამფითეატრში მხოლოდ მისი საარჩევნო ღონისძიებები გაიმართა. ლურსმანაშვილის თქმით, ქორეოგრაფიულმა ანსაბმა "უბისმაც" ჩაატარა ღონისძიება.
"დღეს როგორც ყოფილ გამგებელს თუ ვინმე მეუბნება რომ უკეთესი უნდა ყოფილიყო, დავეთანხმები რომ უკეთესი პროექტი და უკეთესად ჩატარებული სამუშაოები უნდა ყოფილიყო, თუმცა პროექტის მიხედვით იქ რაც მოეთხოვებოდა მშენებლებს, ის ჩატარდა და რაც ქონების მიმღებს მოეთხოვებოდა, ის მივიღეთ, რაც პროექტით იყო გათვალისწინებული.
კონკრეტული პასუხისმგებელი სუბიექტები ამ საკითხზე უნდა გამოიკვეთნონ", - თქვა დეპუტატმა და ხარაგაულის მაშინდელმა გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა.
როგორფ "ფლანგვის დეტექტორი" წერს, ხარაგაულის დღევანდელი მერი ნიკოლოს თოფურიძე (რომელიც 2017 წლის არჩევნებზე პარტია "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა) ამ საკითხზე პასუხისმგებლობას იხსნის და ამბობს, რომ ამფითეატრს თავიდან ვერ გაარემონტებს და ამ საკითხზე გამოძიება უნდა დაიწყოს.
ამფითეატრის გარეფასადი რეაბილიტაციის შემდეგ/ კობა ლურსმანაშვილის მიერ მოწოდებული ფოტო
დარბაზი რეაბილიტაციის შემდეგ/ კობა ლურსმანაშვილის მიერ მოწოდებული ფოტო
დარბაზის ახლანდელი მდგომარეობა. ფოტო: ფლანგვის დეტექტორი/facebook