16-07-2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
მისივე განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება შახტის საგამოძიებო მოქმედებების დასრულებდამდე დახურვის შესახებ.
„მინდელის სახელობის შახტში დღეს დილით მორიგი ტრაგედია დატრიალდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ ამ მძიმე წუთებში.
სახელმწიფო ვერ დაუშვებს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაუცველობას. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება და ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა.
შახტში დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურდებათ ხელფასი“-ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.