15-03-2023
ვინ მისცა „ლეგიტიმაცია“ 1992 წლის სამხედრო გადატრიალებას? „ინტელიგენციამ“! უბრალოდ, სიტყვა „ინტელიგენცია“ დღეს „ელიტით“ შეიცვალა სამწუხაროდ, განსხვავება არ არსებობს, 1990-იანი წლების ე.წ. „ინტელიგენციასა“ და დღევანდელ თვითმარქვია ელიტას შორის, რომელიც, ნებითა თუ გავლენების საშუალებით, პირდაპირ ასაზრდოებს „ლიბერალურ ფაშიზმს“ - ფანატიზმის უკიდურეს გამოვლინებას!, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
ის 1991-1992 წელს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს. „იდიოტიზმის აჩრდილი ქართულ პოლიტიკაში“ - ჩაუშესკუ, ჩაუშესკუ! 1991 წლის აქციების ცნობილი შეძახილები ყველას გვემახსოვრება, თუ როგორ გამოაცხადეს ზვიად გამსახურდია დიქტატორად, მოძალადედ, ეთნიკური შუღლის გამღვივებლად, ქსენოფობად.
ზუსტად ამ ეპითეტებით „გააპრავა“ სამხედრო საბჭომ გადატრიალება და ლეგიტიმური, ეროვნული მთავრობის დამხობა „საზოგადოების“ დაკვეთად გაასაღა! ვინ იყო ის საზოგადოება, რომელმაც ნებით თუ მანიპულაციების შედეგად, „ლეგიტიმაცია“ მისცა 1992 წლის სამხედრო გადატრიალებას? - ლექტორების, მეცნიერების, მწერლების, ჟურნალისტების, მომღერლების, რეჟისორების, მხატვრების, სპორტსმენებისა და სტუდენტების გარკვეული ნაწილი, რომელიც მთელი საქართველოს სახელით საუბრობდა. ე.წ. „ინტელიგენცია“, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო „დიქტატორი“ პრეზიდენტის დელეგიტიმაცია და იდეოლოგიურად მოამზადა სამხედრო გადატრიალება, რასაც სახელმწიფოს ჩამოშლა მოჰყვა!
დროთა განმავლობაში, აღმოჩნდა რომ ზვიად გამსახურდია არც დიქტატორი ყოფილა და არც ეთნიკური შუღლის გამღვივებელი. ის დაისაჯა მხოლოდ იმიტომ, რომ, „დინების წინააღმდეგ ცურვით“, საქართველო არ ჯდებოდა გლობალურ პოლიტიკურ კონიუნქტურაში. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ოცდაათი წლის შემდეგ რაიმე დიდად შეიცვალა, ძალიან ცდება! ე.წ. „ინტელიგენციის“ ზოგიერთმა წარმომადგენელმა მართლა შეინანა, აღიარა და გაითავისა საკუთარი საქციელი, პატიოსნად ჩამოშორდა საზოგადოებრივ აქტივობას, თუმცა, სამწუხაროდ, 1992 წლის უბედურების არც სამართლებრივი და არც მორალური შეფასება-გადაფასება არ მომხდარა, საზოგადოებისა თუ კონკრეტული აქტორების მხრიდან.
ყველამ მოიხსნა პასუხისმგებლობა და გადააბრალა დროს, ვითარებას, პერიოდსა თუ გეოპოლიტიკურ მდგომარეობას. ზუსტად ამ ინდიფერენტულმა დამოკიდებულებამ მოიტანა დღევანდელი, არანაკლებ საგანგაშო მდგომარეობა. ახლა, როგორც ოცდაათი წლის წინ, ამოუცნობი „ფანტომივით“ დასტრიალებს სხვადასხვა ავის მომასწავებელი წარსული აჩრდილი საქართველოს, თითქოს რეინკარნაციას ცდილობს ახალ რეალობაში, ახალი ტერმინოლოგიითა და ტაქტიკით, რომელიც უფრო დამანგრეველ პერსპექტივას გვპირდება, ვიდრე 1992 წელს. როგორც ძველმოდური სიტყვა, „ინტელიგენცია“ თანამედროვე „ელიტით" შეიცვალა, ასევე მოხდა ფაქტების შინაარსობრივი დამახინჯება, სადაც აღქმებით განისაზღვრა რეალობა.