19-09-2023
„მინდა შევეხო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, რომელიც პირდაპირ კავშირშია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან და რომელიც ნამდვილად სამარცხვინოა ჩვენი ქვეყნისათვის. “, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ საქართველოს ნამდვილად აინტერესებს ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღება, პირველ რიგში, კანონის უზენაესობა უნდა იყოს მკაცრად დაცული
„თუ გვინდა ევროპული სახელმწიფო, თვალს ვერ დავხუჭავთ კონსტიტუციის აშკარა დარღვევაზე. ეს აშკარა დარღვევა პრეზიდენტმა თავადაც აღიარა და იგი ამით, ვფიქრობ, ამაყობს კიდეც. თუმცა, თუ ნამდვილად გვინდა ავაშენოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, კონსტიტუციის და კანონის უზენაესობის დარღვევაზე თვალს ვერ და არ დავხუჭავთ. ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება.
ნამდვილად სამარცხვინოა ეს ფაქტი იმიტომ, რომ პრეზიდენტი, რომელიც პირდაპირ თვითონ უნდა მოუწოდებდეს ყველას კონსტიტუციის დაცვისკენ, ამ კონსტიტუციას თვითონვე არღვევს და ამ საკითხს ისე წარმოაჩენს, თითქოს ძალიან საამაყო იყოს. ხოლო ის რადიკალური ოპოზიცია, რომლის ნარატივს თავიდან ბოლომდე იზიარებს პრეზიდენტი ბოლო პერიოდში, ცდილობს საზოგადოებას შეუქმნას ცრუ აღქმა და ყალბი ნარატივი იმისა, რომ თითქოს მმართველი, აღმასრულებელი გუნდის მიერ ამ ფაქტზე რეაგირება არის სწორედაც ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესისთვის ხელის შეშლა. არადა, სინამდვილეში, ეს ყველაფერი პირიქით არის.
თუ პრეზიდენტს ნამდვილად გული შესტკივა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციაზე და ნამდვილად უნდა, რომ სტატუსი მივიღოთ, უკეთესი განცხადებების გაკეთება შეეძლო საქართველოს შესახებ იმ 12 რეკომენდაციისა და ასოცირების შეთანხმებით გაწერილი ვალდებულებების შესრულების თაობაზე, რომელსაც საქართველო პირნათლად ასრულებს. თუმცა მის განცხადებებში ვხედავთ, რომ იგი ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებს საქართველოს მიერ ამ ვალდებულებების შესრულებას; ამბობს, რომ ევროპამ სამართლიანად არ მოგვანიჭა სტატუსი გასულ წელს და ეს იყო თურმე მათი მხრიდან გაფრთხილება. არადა, ევროკავშირის მხრიდან პირდაპირ თუ ირიბად რამდენიმე აღიარება მოვისმინეთ, რომ ეს იყო დაშვებული შეცდომა და საქართველო ნამდვილად იმსახურებდა სტატუსს.
ასევე, პრეზიდენტისგან განუწყვეტლივ გვესმის, რომ ან არ ვასრულებთ სათანადოდ ვალდებულებებს და რეკომენდაციებს, ან ფორმალურად ვასრულებთ. ამ ყველაფრის შემდეგ მას ჰქონდა იმედი, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება მას ანდობდა საქართველოსათვის სტატუსის მინიჭების ლობირებას ევროკავშირში? ძალიან გასაოცარი ფაქტია. როგორ შეიძლება ამ განცხადებების შემდეგ ვინმემ დაიჯეროს, რომ იგი სწორედაც სტატუსის მინიჭების საკითხს ლობირებდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირთა შეხვედრაზე. ალბათ მას გაცილებით მეტი ძალისხმევა უნდა დაეხარჯა იმისათვის, რომ ქართულ საზოგადოებას ნამდვილად ერწმუნა, რომ იგი ამ საკითხს ლობირებს და არ დასჭირვებოდა რადიკალურ ოპოზიციას ამ ცრუ ნარატივის გავრცელება და ცრუ აღქმების შექმნა ხალხში, რომ თურმე ქალბატონი პრეზიდენტი ევროინტეგრაციისთვის იღვწის.
რეალობა ის არის, რომ თუ ნამდვილად გვაინტერესებს ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღება, პირველ რიგში კანონის უზენაესობა უნდა იყოს მკაცრად დაცული. რა თქმა უნდა, არ გვეხალისება არავის არც იმპიჩმენტის პროცესის დაწყება და არც ამ პროცესის განვითარება. თუმცა, ეს ჩვენი მოვალეობაა, რომ კონსტიტუცია სათანადოდ დავიცვათ. კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ საქართველოს ევროინტეგრაციის არჩევის დასაცავად და ამ არჩევანისკენ რეალური ნაბიჯების გადასადგმელად“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.