6-11-2017
„ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე, საშინელება ხდება“, „გადაკეტილი აქვთ თურქებს“, „წაგვლეკეს ამ თურქებმა“ – მსგავს ქსენოფობიურ მოსაზრებებს ხშირად ვისმენთ. ამ განწყობებს, ძირითადად, ის პოლიტიკოსები თუ მედია ასაზრდოებს, რომელთაც ღიად აქვთ გაცხადებული, რომ „თურქეთი მტერია“, ხოლო „რუსეთი ერთმორწმუნე მეგობარი“. სისტემური და თანმიმდევრული პროპაგანდის შედეგად, დღეს უკვე ბევრ ადამიანს სჯერა მითის, რომლის მიხედვითაც ბათუმის „ერთი კვარტალი თურქებმა ჩაიგდეს ხელში“. ზოგ შემთხვევაში ამის სჯერათ ბათუმის მცხოვრებთაც კი. დაახლოებით იგივე ვითარებაა თბილისში, აღმაშენებლის გამზირთან მიმართებაშიც. „ბათუმელებმა“ შეისწავლა, ვინ ფლობს თითოეულ კვადრატულ მეტრს ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე. ამ მონაცემების შესწავლას ერთი თვე მოვანდომეთ, თუმცა იმავე მონაცემების მოძიება შეუძლებელი აღმოჩნდა თბილისში, აღმაშენებლის გამზირთან მიმართებაში, ამ ქუჩის ზომებიდან გამომდინარე.
ბათუმში ქუთაისის ქუჩა თურქებმა იყიდეს.
ქუთაისის ქუჩაზე კერძო საკუთრებას ეროვნებით თურქი მხოლოდ 5 მოქალაქე ფლობს, მთლიანობაში 280 კვადრატულ მეტრ ფართობს. საქართველოს საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცემებით, ქუთაისის ქუჩაზე, გარდა ამ 280 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართობისა, ყველა კვადრატული მეტრის მფლობელი საქართველოს მოქალაქეები არიან, მათ შორის არც ერთი არ არის ეთნიკური თურქი.
ქუთაისის ქუჩაზე მხოლოდ თურქული რესტორნები მუშაობს, სადაც ქართველებს არ უშვებენ.
ქუთაისის ქუჩაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 23 კომერციული ობიექტია, მაღაზიები და რესტორნები, რომელთა მფლობელები ეროვნებით თურქები არიან. რესტორანში ნებისმიერი ეროვნების ადამიანს უმასპინძლდებიან. ამის გადამოწმება დიდი ძალისხმევის გარეშე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.
თურქებს ქუთაისის ქუჩაზე ბორდელები აქვთ გახსნილი.
დაწესებულებები, სადაც არაოფიციალური ინფორმაციით, კლიენტს სხვა სერვისთან ერთად სექსმომსახურებასაც სთავაზობენ, ძირითადად ეკუთვნით არა თურქეთის, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს. ამ დაწესებულების კლიენტები არიან როგორც ეროვნებით თურქები, ისე ქართველი და ასევე, სხვა ეროვნების მამაკაცები.
ბათუმში 40 ათასი თურქი ცხოვრობს, მალე ისინი რეფერენდუმს ჩაატარებენ და აჭარის თურქეთზე მიერთებას მოითხოვენ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2016 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველო-თურქეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2196 პირიდან უშუალოდ ბათუმში 1252 პირია რეგისტრირებული. ცხადია, ამ მონაცემებს ცალკეული ჯგუფები უნდობლობას უცხადებენ, ხოლო მოქალაქეებში შიშის დასაძლევად თავად იუსტიციის სამინისტრო არაფერს აკეთებს. სტატისტიკას თავი რომც დავანებოთ, 40 ათასი ეროვნებით თურქი მოქალაქე ცხოვრობს თუ არა ბათუმში, მარტივად გასარკვევია – სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2014 წლის აღწერის მონაცემებით, ბათუმში სულ 154 600 ადამიანი ცხოვრობს, შესაბამისად, ბათუმში 40 ათასი ეთნიკური თურქი რომ ცხოვრობდეს, გამოდის, ყოველი მეოთხე (თითოეული ჩვენგანის მეზობლების ჩათვლით) ეთნიკური თურქი უნდა იყოს. ფაქტია, რომ ეს ასე არ არის.
რაც შეეხება რეფერენდუმის ჩატარებას, საქართველოს კონსტიტუციით, რეფერენდუმის დანიშვნის უფლება-მოვალეობა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციაა და სხვისი არავისი.
ქუთაისის ქუჩაზე თურქეთის დროშები არის გამოფენილი.
ქუთაისის ქუჩაზე არც ერთი თურქული დროშა არ არის გამოფენილი. თუმცა, 2017 წლის 21 ივნისს ნამდვილად იყო ქუთაისის ქუჩაზე თურქეთის ეროვნული დროშები გამოფენილი – ეს დასტურდება ერთ-ერთი მოქალაქის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრებითაც. ვიდეოში მოქალაქე განმარტავს, რომ თურქული რესტორნები თურქეთის სახელმწიფოს მხარდაჭერით რამაზნის (მარხვა) თვეში მუსლიმ მრევლს უფასოდ ავახშმებდა და ამ ამბის გასაშუქებლად ჩამოვიდა თურქული მედია.
გასულ კვირას ბათუმში, კაფე „ვინილში“, ერთ-ერთი ტურისტი ნაცნობების წრეში იჯდა და ირწმუნებოდა, რომ „ქუთაისის ქუჩა თურქებს აქვთ გადაკეტილი“ და რომ „ქართველებს ამ ქუჩაზე შესვლის უფლებასაც კი აღარ აძლევენ“. ქუთაისის ქუჩა „ვინილიდან“ ფეხით ხუთი წუთის სავალზეა. ამის მიუხედავად, ტურისტმა არ ისურვა თავისი შიშისგან გათავისუფლება, როცა მას შესთავაზეს გაყოლა ამ ქუჩაზე სასეირნოდ. აღმოჩნდა, რომ მისთვის უფრო კომფორტულია დაიჯეროს მითი „თურქების მიერ ქუთაისის ქუჩის ოკუპაციაზე“, ვიდრე იმაზე, რომ შეიძლება ის დეზინფორმაციის მსხვერპლია.
მათთვის, ვინც ქუთაისის ქუჩაზე არასდროს ყოფილა: ეს არის დაახლოებით ნახევარი კილომეტრი სიგრძის ვიწრო ქუჩა, სადაც ბათუმის მეჩეთია განთავსებული. ე.წ. „თურქული უბანი“ ანუ ყველაზე მეტი თურქული რესტორანი სწორედ მეჩეთის მიმდებარედ ფუნქციონირებს. google-ის მონაცემებით, თურქულ რესტორნებს ქუთაისის ქუჩაზე 180 მეტრი უკავია სიგრძეში, რასაც ხულოს ქუჩის ერთი მონაკვეთიც ემატება – ზვიად გამსახურდიასა (ყოფილი ორჯონიკიძის) და ჭაბუა ამირეჯიბის (ყოფილი ჩკალოვის) ქუჩებს შორის. მათი ძირითადი მომხმარებელი, ყოველ შემთხვევაში სეზონზე, თურქი ტურისტები არიან, რომლებიც მოდიან ჯგუფებად და ასევე ჯგუფებად ბრუნდებიან მოშორებით გაჩერებული ავტობუსებისკენ. ცხადია, ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე ძველ ქუჩაზე არც ქართველებისა თუ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტების ნაკლებობა არ იგრძნობა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, თურქეთის მოქალაქეები ქუთაისის ქუჩაზე (სასტუმრო „ვორლდ პალასის“ ჩათვლით) მხოლოდ 5 მისამართზე ფლობენ ქონებას. ერთ მათგანში ხორცის მაღაზიაა გახსნილი, სამში კი – კვების ობიექტები. ქონების ოთხ მეპატრონეს ქუთაისის ქუჩაზე („ვორლდ პალასის“ გამოკლებით) ჯამში 280 კვ/მეტრი ფართობი აქვს საკუთრებაში.
საჯარო რეესტრში დეტალურად გადავამოწმეთ ის საცხოვრებელი თუ არასაცხოვრებელი ფართობები, რაც ქუთაისის ქუჩაზე მდებარეობს. მონაცემების შესწავლის გზით დადგინდა, რომ უშუალოდ მეჩეთისა და ორთა ჯამეს მიმდებარედ არც ერთი შენობა არ აქვს საკუთრებაში თურქეთის არც ერთ მოქალაქეს. მეტიც, ეს შენობები, მეჩეთის ჩათვლით, ისე როგორც მის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება, საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაა. სახელმწიფომ ეს ქონება სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ 2011 წლის აგვისტოდან გადასცა ოფიციალურად, ისიც მხოლოდ სარგებლობის უფლებით. მეჩეთისა და მისი მიმდებარე შენობების საერთო ფართობი 1056 კვადრატული მეტრია, ხოლო მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის – 1789 კვადრატული მეტრი.
მუსლიმთა სამმართველოსთვის სარგებლობაში გადაცემულ შენობებში (მეჩეთთან) თურქული კვების ობიექტი, საკონდიტრო და ორი მაღაზიაა გახსნილი. სამმართველოში ვერ გვითხრეს, რის საფუძველზე და რა ფორმით არის გაცემული ეს ფართობები: „რაღაც შემოსავალი მეჩეთს ამ ობიექტებიდან აქვს, მაგრამ იურიდიულად ყველაფერი ზაფხულის ბოლომდე უნდა მოწესრიგდეს. ქონების (მეჩეთის, ორთა ჯამეს) მმართველობაში გადმოცემის შემდეგ რაღაცები შეიცვალა“.
ქუთაისის ქუჩა ყველაზე ინტერნაციონალური ქუჩაა მთელს ქალაქში. ის სასტუმრო „ვორლდ პალასით“, სილამაზისა და ტაილანდური მასაჟის სალონებით იწყება. შემდეგ რესტორანი „მიუნჰენია“, სადაც ბავარიულ-ქართული კერძების დაგემოვნება შეიძლება. იქვეა რესტორანი „HB“, რომელსაც ქართული „შემოიხედე გენაცვალე“ მოსდევს. ქუთაისისა და ნოე ჟორდანიას ქუჩების კვეთაში კი არის ჩინური კაფე „UNCLE FENG’S“-ი. „შემოიხედე გენაცვალეს“ გვერდით კიდევ ერთი ტაილანდური მასაჟის სალონია, ცოტა ქვემოთ კი – კაფე „აჭარა“.
ქუთაისის ქუჩას თუ მეჩეთის მიმართულებით ჩაუყვები, შეგხვდება „ლიბერთი ბანკი“, კაზინო „სენატორი“, სასტუმროები – „ვანილლა“, „მირეოსი“, „პორტო ფრანკო“, „ძველი ქალაქი“, ჩილიმ ბარი, სლოტ კლუბი. ამათგან მხოლოდ „ძველი ქალაქი“ ეკუთვნის თურქეთის მოქალაქეს, მას შენობა იჯარით აქვს აღებული. გაგრძელებაზე ასევე არის თურქული რესტორნები (მათ შორის თევზის) და საჩაიები. ალკოჰოლური სასმელების მაღაზია და ვალუტის გადასაცვლელი პუნქტები. ყველა შენობა, რომლებშიც ეს სავაჭრო ობიექტებია გახსნილი, საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაა.
ქუთაისის ქუჩაზე, მეჩეთთან ახლოს, წლების განმავლობაში მუშაობდა კაფე „ბათუმი“. დღეს ამ კაფისა და გვერდით არსებული საცხობის ადგილზე თურქული „ისტანბულ რესტორანია“ გახსნილი.
„ქართველმა მეპატრონემ კაფე და საცხობი ვერ ამუშავა და ასე ამჯობინა ეტყობა – გააქირავა და იღებს შემოსავალს… თურქულ რესტორნებში ქართველები არიან დასაქმებული, დღეში მინიმუმ 20 ლარიდან და ზემოთ უხდიან. თავად თურქები მშრომელი ხალხია, დღე და ღამე მუშაობენ… ხმაურს რაც შეეხება, ქუჩის მხარეს არაფერი ხდება ისეთი. სადაც სამზარეულოა, ეზოს მხარეს, იქ შეიძლება აწუხებდეს რომელიმე მცხოვრებს…“ – გვეუბნება ერთ-ერთი ადგილობრივი შუახნის ქალი, რომელიც, როგორც თავად ამბობს, 40 წელია ქუთაისის ქუჩაზე ცხოვრობს.
ქუთაისის ქუჩაზე, თურქეთის მოქალაქეებისა თუ სხვების მიერ გახსნილ თითქმის ყველა დაწესებულებაში, იქნება ეს ბარი, რესტორანი, სასტუმრო თუ გასართობი ცენტრი, დასაქმებულთა უმრავლესობა ასევე ქართველია (გამონაკლისი მხოლოდ ტაი-მასაჟის სალონებია, სადაც, ძირითადად, ტაილანდიდან ჩამოსული მოქალაქეები მუშაობენ). „ბათუმელები“ თითოეულ მათგანში იმყოფებოდა და შესაბამისი ინფორმაციაც ამ ადამიანებთან ინტერვიუს გზით მოაგროვა.
„უკვე მეოთხე წელია აქ ვმუშაობ. ანაზღაურებით კმაყოფილი ვარ. თურქული კერძები გვაქვს და მომხმარებლებიც თურქები არიან. ფართობი ქართველებისგან აქვთ ნაქირავები. ეს შენობაც ქართველისაა… ჩვენთან მხოლოდ შეფ-მზარეულია თურქეთიდან, დანარჩენი პერსონალი ქართველები ვართ“, – გვეუბნება ერთ-ერთი თურქული რესტორნის თანამშრომელი.
ქუთაისის ქუჩაზე ქართულ-არაბული რესტორანიცაა გახსნილი – „მექა“. რესტორნის მფლობელი ბადრი ვანაძეა თავის არაბ მეუღლესთან ერთად. პერსონალი ქართველია, მენიუ – ოთხენოვანი, კერძები კი შერეული – ქართულ-არაბული.
„ორი-სამი კერძი მაქვს მენიუში ქართული. სახელიც ქართულ-არაბული იმიტომ დავტოვე, რომ ამ ქუჩაზე რაღაც ქართული მინდოდა ყოფილიყო. თავიდან მხოლოდ ქართული კერძები მქონდა. არ გაამართლა. უცხოელები ვერ მოვიზიდეთ და ვერც ქართველები დავაინტერესეთ – ჩვენთან ალკოჰოლური სასმელები არ არის, ქართულმა სამზარეულომ კი სასმელების გარეშე არ იმუშავა“, – ამბობს ბადრი ვანაძე, რომელიც აქ რესტორანს 2013 წლიდან ამუშავებს.
რესტორანში ადგილები ყოველთვის შევსებულია, ძირითადად არაბული ქვეყნების მოქალაქეებით, რომლებიც, რესტორნის მეპატრონის თქმით, ბათუმში ტურისტებად იმყოფებიან.
ბადრი ვანაძის თქმით, რესტორნის ხშირი სტუმრები არიან ირანელები და ის ქართველებიც, „რომლებიც თბილისიდან ჩამოდიან დასასვენებლად და არაბული კერძების გემო იციან… მეჩეთის არსებობამ გაააქტიურა ეს ქუჩა. თუმცა, კლიენტების მოზიდვის კუთხით მეჩეთი გადამწყვეტ როლს თამაშობს თურქული რესტორნებისთვის, ჩემთვის – არა. მე სხვა უბანშიც მექნება მუშაობა, უბრალოდ, რახან ტურისტები აქ დადიოდნენ ხშირად, აქ ვიქირავე ადგილი და გავხსენი. ივლისსა და აგვისტოში დღე და ღამე ვამუშავებ რესტორანს, ოქტომბრიდან კი ვკეტავ და შემდეგ გაზაფხულზე ვხსნი. თურქული რესტორნები ზამთარშიც მუშაობენ, მაგრამ მათ თავიანთი კლიენტურა ჰყავთ. თურქეთი ახლოსაა და ვინც გადმოდის აქ, მიდის ნაცნობის რესტორანში, ან სხვას აგზავნის, ერთმანეთს ამუშავებენ. ნაციონალური მიდგომა აქვთ“, – ამბობს ბადრი ვანაძე.
თუ ქუთაისის ქუჩაზე და მის მიმდებარედ გაივლით, აუცილებლად ნახავთ ტაილანდური მასაჟის სალონებს. მათი რაოდენობა ამ მონაკვეთში უკვე ოცს აღწევს. სალონებს ადგილობრივებიც აკითხავენ და ტურისტებიც.
განსხვავებით თურქული ობიექტებისგან, ტაი-მასაჟის სალონებში მხოლოდ უცხოელი ქალები არიან დასაქმებული. უმრავლესობა აზიური წარმოშობისაა, რამდენადაც გავარკვიეთ, ძირითადად ტაილანდელები.
სალონები საღამოს იხსნება და მთელი ღამე მუშაობენ. აქ ენის ბარიერი არ არსებობს. სალონის პერსონალი „მარტივად“ გაგებინებს რა მომსახურებას და რა ფასად გთავაზობს. ტაი-მასაჟის ფასი 40 ლარიდან იწყება. ოფიციალურ მომსახურებაში მხოლოდ მასაჟი შედის, თუმცა სალონებში სექსუალურ მომსახურებასაც გთავაზობენ – 60-80-100 ლარად. ფასების „ტაბლო“ ჩვეულებრივი კალკულატორია.
„მომრავლდა ამ უბანში სალონები. ქირით აქვთ ეს ოთახები აღებული ადგილობრივებისგან. ჩინელები არიან, მგონი. თურქები და სხვები კი სტუმრობენ… თვრებიან, არის მთელი ამბავი ღამით – ხმაური, ყვირილი, ჩხუბი… პატრონი არ ჰყავს აჭარას, ამას უნდა მიხედონ… ქართველი კიდე ქართველს არ უწყობს ხელს, ურჩევნია უცხოს მიაქირაოს და გაცილებით ძვირად“, – გვეუბნება ქალი, რომელსაც მის გვერდით მყოფი მამაკაცი აჩერებს – „გეყოფა ახლა. სხვას კითხოს, რაღა შენგან და ჩემგან უნდა გაიგოს ყველაფერი“.
ტაი-მასაჟის სალონების მომრავლებით ამ უბანში ბევრია უკმაყოფილო – „ყველა სალონი და პატარა კაფეც კი, ფაქტობრივად, ბორდელია. აქ თუ ვინმე დადის, ან ქალს ეძებს, ან თავისი უნდა, რომ გაასაღოს“, – გვითხრა კიდევ ერთმა მოქალაქემ.
ქვეყანაში, სადაც პროსტიტუცია ლეგალიზებული არ არის, სამართალდამცავები „პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის“ მუხლით, ძირითადად, სასტუმროების მეპატრონეებს აკავებენ თუ აჯარიმებენ.
შემოსავლების სამსახურში ამბობენ, რომ მასაჟის სალონების მეპატრონეები არიან როგორც ქართველები, ისე უცხოელები, თუმცა ინფორმაცია მათი ეროვნების შესახებ, არ აქვთ.
„ეროვნული ნიშნით ვერც დავყოფთ და არც დავყოფთ სალონის მესაკუთრეებს… რა ინფორმაციაც გვაქვს საჯარო, შეგიძლიათ მოგვმართოთ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მეპატრონეები არიან ქართველებიც და უცხოელებიც. ამასთან, ადრე უცხოელი უფრო მეტი იყო. ზაფხულის სეზონიდან გამომდინარე, შესაძლოა სადღაც რაღაც იყოს, მაგრამ 2012-2017 წლებს თუ შევადარებთ, კლება არის – ნაკლებად იხსნება (სალონები), ნაკლებად საქმიანობს და თავად არაქართველების რაოდენობაც ნაკლებია შედარებით“, – გვითხრა სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
სხვა თანამშრომლის თქმით კი, სალონების რაოდენობამ იმატა, თუმცა „რეგისტრაცია აქვს ყველას, შპს იქნება თუ ინდმეწარმე და ყველა გადასახადის გადამხდელია“. მისივე თქმით, თუკი ბინადრობის მოწმობა აქვს უცხოელს, შეუძლია ინდმეწარმეც გახდეს და სალონიც გახსნას: „თუმცა, რა სტატუსი აქვთ, კანონმდებლობით როგორ და რა ვადით შემოდიან, ეს ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს.“
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა აქვს 13 ტაილანდელს და 1991 ჩინელს. ხოლო შრომითი ნებართვა აქვს 144 ტაილანდელს და 2752 ჩინელს. აქედან უშუალოდ ბათუმში დროებითი და მუდმივი ბინადრობის ნებართვა აქვთ მხოლოდ 12 ტაილანდელსა და 21 ჩინელს. დროებითი და მუდმივი ბინადრობის ნებართვა აქვს ბათუმში მცხოვრებ 52 ირანელს, 26 ერაყელს, 4 ეგვიპტელს, საუდის არაბეთის ორ მოქალაქეს, სირიის 15 მოქალაქეს, ყაზახეთის 94 მოქალაქეს.
რაც შეეხება ეროვნებით თურქებს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროში დაცული ინფორმაციის თანახმად, რომელიც „ბათუმელებმა“ 2016 წლის ოქტომბრის თვეში გამოითხოვა, საქართველოს მოქალაქეობა 2005 წლიდან დღემდე, მთლიანობაში, თურქეთის 5 802 მოქალაქეს მიენიჭა. მათგან ორმაგი მოქალაქეობის მქონეა (საქართველო – თურქეთი) 2196 პირი, რომელთაგან უშუალოდ ბათუმში რეგისტრირებულია – 1252.
ორმაგი მოქალაქეობის მქონე სულ 3245 პირი ცხოვრობს ბათუმში, ძირითადად საქართველო-რუსეთისა და საქართველო-თურქეთის მოქალაქეები, რაც ქალაქის მთლიანი მოსახლეობის 2 პროცენტია.
უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში ყოფნისა თუ მათთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხს ხშირად საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, განსაკუთრებით, წინასაარჩევნოდ.
ბათუმის მოსახლეობას კი ხშირად იმით აშინებენ, რომ „ამ ქალაქში 40 ათასი თურქი ცხოვრობს, რომელთაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ“. ეს ციფრები განსაკუთრებით აქტუალურია იმ პარტიებისა და პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც როგორც აგვისტოს ომში, ასევე რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციაში დამნაშავედ საქართველს მაშინდელ ხელისუფლებას აცხადებენ და მიტაცებული ტერიტორიების დასაბრუნებლად რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების ინიციატივით გამოდიან.
მითი, რომ მთელი კვარტალი „იყიდეს“ თურქებმა და არაბებმა, უკვე თბილისშიც მუშაობს. მაგალითად, „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორები და მონაწილეები ფიქრობენ, რომ დედაქალაში აღმაშენებლის გამზირი „მიიტაცეს თურქებმა და ყველა ჯურის უცხოელებმა“.
„ბათუმელებმა“ ვერ მოახერხა დეტალურად გადაემოწმებინა რამდენი უცხოელი ფლობს აღმაშენებლის გამზირზე ქონებას, თუმცა ზაარბრუკენის მოედნიდან თამარ მეფის გამზირამდე მონაკვეთი სრულად გადავამოწმეთ. აღმოჩნდა, რომ აღმაშენებლის გამზირის ამ მონაკვეთშიც იდენტური ვითარებაა, რაც ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე – რეესტრის მიხედვით, უცხოელები საკუთრებაში აქაც მხოლოდ რამდენიმე ბინას ფლობენ და ესენიც უფრო სხვა ეროვნების მოქალაქეები არიან, ვიდრე თურქები.
კომერციული ობიექტების აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის თურქული რესტორნები აღმაშენებელზე, ადგილობრივი მოსახლეობისგან ქირით ან იჯარით აღებულ ფართობებშია განთავსებული. აქ დასაქმებული სრული უმრავლესობაც საქართველოს მოქალაქეა.
„ანკარასა“ და „ანკარა სთაილის“ – რესტორნებს, რომლებიც თბილისში აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს, ერთი მეპატრონე ჰყავს. ამ რესტორნების წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ფართობები, მათ შორის „ანკარა ქეთრინი“, ანუ ადგილი, სადაც რესტორნებისთვის საკვებს ამზადებენ, იჯარით აქვთ აღებული.
„ანკარას“ წარმომადგენლის თქმით, მათ 300-მდე თანამშრომელი ჰყავთ, რომელთა 80% საქართველოს მოქალაქეა.
აღმაშენებლის გამზირზეა თურქული რესტორანი „ნასიმიც“. მენეჯერი ამბობს, რომ სამი წელია ამუშავებენ ორ რესტორანს (მეორე საბურთალოზეა) და ორივე შენობა იჯარით აქვთ აღებული. დასაქმებული ჰყავთ 30 თანამშრომელი – 2 თურქი, 2 აზერბაიჯანელი და 26 ქართველი. თურქულ რესტორან „სუფრას“ მენეჯერი კი ამბობს, რომ აღმაშენებელზე ფართობი 2000 წელს აიღეს იჯარით და მას შემდეგ მუშაობენ, მათთანაც 30-მდე თანამშრომლიდან მხოლოდ შეფ-მზარეული და ბუღალტერია ეროვნებით თურქი.
წყარო: გაზეთი "ბათუმელები"
წყარო: გაზეთი "ბათუმელები"