6-11-2017
ახალი ავტობუსების შესაძენად ბათუმის მერიას ტენდერი ისევ არ გამოუცხადებია. „დღე-დღეზე ველოდებით საბოლოო ტექნიკურ დოკუმენტაციას,“ – ამბობს ბადრი ფარტენაძე, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ხელმძღვანელი. ანალოგიური პასუხი გასცა მან „ბათუმელებს“ დაახლოებით ერთი თვის წინ, 13 ოქტომბერს. მაშინ ბადრი ფარტენაძემ თქვა, რომ ერთ კვირაში გამოცხადდებოდა ტენდერი. ახალი ავტობუსების შეძენას ბათუმის მერია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [EBRD] სესხით აპირებს.
ერთი თვის წინანდელი კომენტარის გახსენების შემდეგ „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ უფროსმა გვითხრა, რომ პროექტში ცვლილებები შევიდა და დიზელის ტიპის ავტობუსების შესაძენად საბოლოო დოკუმენტაციას ელიან.
„ცვლილებები უკავშირდებოდა გადაცემათა კოლოფს, ავტობუსების ზომებს და ასე შემდეგ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შევიძინოთ ქალაქისთვის მომგებიანი მუნიციპალური ტრანსპორტი. ვგულისხმობ იმას, რომ მორგებული იყოს ქალაქს, ნაკლები ჰქონდეს წვა… უცხოელი კონსულტანტები თავად EBRD-ს ჰყავს დაქირავებული და მათი რჩევების შესაბამისად იცვლება პროექტი. დღე-დღეზე მივიღებთ დასკვნას და გამოვაცხადებთ ტენდერს. ამის პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ელექტროავტობუსების ტექნიკურ დოკუმენტაციაზე. ამ კუთხით მუშაობა ჯერ დასრულებული არ არის და მუშაობენ სპეციალისტები,“ – ამბობს ბადრი ფარტენაძე.
ბათუმის ავტოპარკში ამ დროისთვის 140 ავტობუსია. მოქალაქემ „ბათუმელებს“ ერთ-ერთი სამარშრუტო ხაზის – #8 ავტობუსში დამტვრეული სკამების ფოტოები გამოუგზავნა. „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ გვითხრეს, რომ პრობლემის შესახებ იციან, მაგრამ ქსელში არის დაახლოებით 15 ავტობუსი, რომლებსაც ახლი ავტობუსების შეძენის შემდეგ ჩამოწერენ.
„ჩვენ ვაპირებდით 25 ახალი ავტობუსის შეძენას, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო მეტის შეძენას მოვახერხებთ. ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით, მაგრამ ალბათ 35-40 ახალი ავტობუსი გვექნება დიზელზე მომუშავე. ვიცი, რომ ძალიან დაზიანებულია ზოგიერთი ავტობუსი, მაგრამ პარკს ჩვენ ვერ გავაჩერებთ. რისი შეკეთებაც შეიძლება, ვარემონტებთ, ზოგიერთი კი, რემონტს არ ექვემდებარება საერთოდ,“ – დასძენს ბადრი ფარტენაძე.
წელს სატრანსპორტო სერვისი განვითარებისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 4 მილიონ 800 ათასი დაიხარჯა. გრძელვადიანი პროგრამის მიხედვით, მუნიციპალური სატრანსპორტო სერვისის განვითარებაზე 5 მილიონ 900 ათასი ლარი გამოიყოფა 2018 წლისთვის.