20-09-2018
ინტერვიუში, რომელიც „იზვესტიაში“ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დღესთან“ – 20 სექტემბერთან დაკავშირებით ქვეყნდება, „პრეზიდენტი“ ანატოლი ბიბილოვი საუბრობს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შედეგებზე, რუსეთის დახმარებაზე, „სამხრეთ ოსეთის“ საერთაშორისო სტატუსზე და დიპლომატიური აღიარების პერსპექტივებზე, ცხინვალ-თბილისის ურთიერთდამოკიდებულებაზე და სხვა საკითხებზე.
პორტალი region.ge გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან (ესაუბრება ჟურნალისტი დიმიტრი ლარუ):
- მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკება კონკრეტულ სახელმწიფოებთან სამხრეთ ოსეთის აღიარების თაობაზე და გაქვთ თუ არა გეგმები საერთაშორისო ურთიერთობებში გააქტიურების თვალსაზრისით?
- მოლაპარაკებები მუდმივად მიმდინარეობს - გეოგრაფია ამ მხრივ საკმაოდ ფართოა და წარმატებებსაც ველოდებით. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს საერთაშორისო დონეზე, რასაკვირველია, გეგმები გვაქვს, მაგრამ რეალიზებაში ხელს საქართველო გვიშლის, რომელიც ჩვენს შესაძლებლობებს ბლოკავს. და მაინც ასეთ ვითარებაშიც კი ჩვენი რესპუბლიკის წარმომადგენლები მუდმივად ცდილობენ სამხრეთ ოსეთის პოზიციის გაცნობას საერთაშორისო საზოგადოებამისადმი. ჩემი აზრით, მსოფლიო დაინტერესებული უნდა იყოს ობიექტური ინფორმაციის მიღებით, თუ რა ხდება რეგიონში... და როცა [დასავლეთში] სამხრეთ ოსეთს არ უსმენენ, ეს ორმაგი სტანდარტების გამოვლენაა.
- საქართველო ძველებურად უარს აცხადებს ხელი მოაწეროს შეთანხმებას ძალის არგამოყენების თაობაზე ჟენევის დისკუსიის ჩარჩოებში. მზადაა თუ არა სამხრეთ ოსეთი თბილისთან პირდაპირ დიალოგზე?
- ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ დიალოგისთვის მზად ვართ და ისიც ვთქვით, როგორი პირობები უნდა იყოს შექმნილი ამისათვის. პირველი, რასაკვირველია, ძალის გამოუყენებლობის თაობაზე შეთანხმების ხელმოწერა უნდა იყოს, რაზეც საქართველო უარს ამბობს - აშკარაd აშშ-ის ზეწოლის გამო, ეს უკვე დამალული აღარაა. ხაზს ვუსვამთ, რომ თუ საქართველო ხელს მოაწერს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელები მზად იქნებიან პირდაპირი დიალოგისათვის.
- სამხრეთ ოსეთი საქართველოს მხრიდან პერიოდულად პროვოკაციების ობიექტი ხდება. რამდენი ინციდენტი იქნა დაფიქსირებული მიმდინარე წელს?
- საქართველოს მხრიდან რეგულარულად ხდება ინციდენტები ჩვენს საზღვრებზე, როგორც წინასწარგანზრახულად, ისე შემთხვევითობით. ასეთი წინასწარდაგეგმილი პროვოკაციებით თბილისი ცდილობს საკუთარი მოსახლეობის ყურადღება ქვეყნის საშინაო პრობლემებზე მოადუნოს და სხვა მიმართულებით გადაიტანოს. ძალიან ხშირად აფუჭებენ ჩვენს სასაზღვრო ნიშნებს, იყო საზღვარზე მასობრივი გადმოსვლის მცდელობაც - რატომღაც მაინცდამაინც ჩვენს ტერიტორიაზე მოუნდათ საეკლესიო რიტუალის შესრულება. თბილისი რეგულარულად აწყობს ექსკურსიებს ჩვენს საზღვარზე უცხოელი პოლიტიკოსებისათვის და ა.შ. მიმდინარე წელს ჩვენს საზღვრებზე 400 ადამიანი იქნა დაკავებული. ძირითადად, რასაკვირველია, მიზეზი სამეურნეო საქმიანობასთან არის დაკავშირებული და იმას გამოც, რომ საქართველო უარს აცხადებს ჩვენთან ერთად საზღვრის დემარკაცია განახორციელოს. ვფიქრობთ, საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩვენი მეზობლების პროვოკაციები გახშირდება, რათა ამომრჩევლებს თავიანთი ფსევდოპატრიოტობა აჩვენონ.
(...)
- სამხრეთ ოსეთს არაერთხელ განუცხადებია, რომ უცხოური ინვესტიციებისათვის კარი ღია აქვს. კონკრეტულად რომელი პროექტები შეიძლება რეალიზებული იქნეს თქვენს რესპუბლიკაში?
- ჩვენ მზად ვართ ყველა ინვესტორთან ვითანამშრომლოთ. ჩვენი კანონები, შეიძლება ითქვას, საკმაოდ ტოლერანტული და მოქნილია იმისათვის, რომ უცხოელ ინვესტორს ბიზნესის დასაწყებად კარგი პირობები ჰქონდეს. მაგალითად, რუს ინვესტორები მოდიან და მუშაობენ, თანაც საკმაოდ ეფექტურად. არ მინდა კომპანია კონკრეტულად დავასახელო, მაგრამ გეტყვით, რომ ველოდებით მსხვილ ინვესტიციას სოფლის მეურნეობის სფეროში. არის გეგმები ელექტრონიკაში, სამშენებლო დარგში, ერთობლივი საწარმოების სახით.
ეკონომიკური სიტუაცია თანდათან უმჯობესდება: 2008 წლიდან, რუსეთის დახმარებით, ხელფასები რეგულარულად იზრდება, აშენდა სოციალური დანიშნულების მრავალი ობიექტი, საცხოვრებელი ბინები... ჩვენც, რასაკვირველია, ვცდილობთ საბიუჯეტო შემოსავლები გავზარდოთ, რაც მოსახლეობისადმი დახმარებასაც ითვალისწინებს... ვერ ვიტყვი, რომ კმაყოფილი ვარ სამხრეთ ოსეთის განვითარების ტემპებით, მაგრამ გარკვეულ სფეროებში აშკარაა, რომ რესპუბლიკის მოქალაქეთა ცხოვრება ნამდვილად უკეთესდება.