გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

„currenttime.tv“(აშშ-ჩეხეთი): ბიზნესი აფხაზურად-სოხუმში 24 მილიონ ბოთლ ღვინოს აწარმოებენ, თუმცა ამდენი ყურძენი აფხაზეთში ფიზიკურად არ იკრიფება  

22-10-2018


ამერიკულ-ჩეხური ტელეკომპანიის, «ТВ Настоящее время»-ს მიერ გადაცემულ  ვრცელ ვიდეოსიუჟეტში გადმოცემულია აფხაზეთის ეკონომიკური მდგომარეობა.

 

მასში აღნიშნულია, რომ აფხაზეთის ბიუჯეტი თითქმის მთლიანად რუსეთის დოტაციით სარგებლობს - დაახლოებით 300 მლნ. დოლარი წელიწადში, „თუმცა ოფიციალურად ეს ციფრები არასოდეს გამჟღავნებულა“.

 

საინფორმაციო პორტალი region.ge გთავაზობთ ალექსეი ალექსანდროვის ავტორობით გადაცემული მასალის რეზიუმეს:

 

მიუხედავად მოსკოვისაგან მიღებული მილიარდებისა, 25 წლის განმავლობაში აფხაზეთში თითქმის არცერთი მსხვილი ქარხანა ან ფაბრიკა არ აშენებულა. ზოგიერთი მცირე საწარმო მხოლოდ აგრარულ სფეროს ემსახურება და მისი პროდუქციაც მხოლოდ რუსეთში საღდება.

 

ერთ-ერთი ასეთი საწარმოა სოხუმის ღვინის ქარხანა, რომელშიც ყოველწლიურად 24 მილიონი ბოთლი ღვინო ისხმება („ლიხნი“, „აფსნი“, „ფსოუ“). ქარხანაში არ მალავენ, რომ ამდენი ღვინისთვის საკმარისი ყურძენი აფხაზეთში არ იკრიფება, მაგრამ არც იმას ამბობენ, თუ საიდან აქვთ ამდენი ნედლეული - ვაითუ ჩვენს მომწოდებელ კომპანიებს პრობლემები გაუჩნდეთო. ადრე, საბჭოთა პერიოდში, ყურძენი საქართველოდან შედიოდა, მაგრამ ახლა უნებართვოდ ვაჭრობა-მომარაგება აკრძალულია და სანქციები ემუქრებათ.

 

სოხუმის ღვინის ქარხნის ბოთლებს რუსული აქციზის მარკები აკრავს - რუსეთის გარდა, აფხაზურ ღვინოს არსად არ იღებენ. იგივე სიტუაციაა ადგილობრივი ციტრუსების გასაღების სფეროშიც. „მთელი ჩვენი პროდუქცია მხოლოდ რუსეთში მიდის: სოჭში, მოსკოვში, პეტერბურგში, კიროვში და ასე შემდეგ“, - ამბობს სასოფლო-სამეურნეო საწარმო „სოფიას“ მთავარი აგრონომი გიორგი ბოიანი.

 

თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის ადგურ არძინბას აღიარებით, თითქმის ყველა მნიშვნელოვანი გადამხდელი კომპანიის ტოპ-ათეული რუსული წარმოშობისაა და მათ რუსული ინვესტიციები შემოაქვთ, თუმცა ღიად მხოლოდ „როსნეფტი“ და „რუსეთის რკინიგზა“ მუშაობს, დანარჩენები ოფიციალურ დემონსტრირებას არ ჩქარობენ - ეშინიათ, რომ სანქციების ქვეშ აღმოჩნდებიან.

 

2010 წლიდან აფხაზეთში რუსი ტურისტები რკინიგზის მეშვეობითაც ჩადიან, თუმცა ლიანდაგები მხოლოდ სოხუმამდე აღდგა. სოხუმმა მოსკოვისაგან დიდი კრედიტი აიღო, რომელსაც რამდენიმე წლის განმავლობაში იხდის, მაგრამ რკინიგზის განვითარებისათვის რეგიონში დიდი სირთულეები არსებობს. 25 წლის განმავლობაში აქ ახალი რკინიგზა არ აგებულა.

 

აფხაზეთში რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნებიდან ტურისტების ნაკადი მოსალოდნელი არ არის და ამის იმედი არც არავის აქვს. ბოლო დროს პლაჟები ნელ-ნელა ცარიელდება, განსაკუთრებით სოხუმში. საბჭოთა ეპოქის სასტუმროები თანდათან ინგრევა. აფხაზეთში რუსები ხშირად მხოლოდ ორიოდე დღით ჩადიან, ისიც ახალი ათონის  სანახავად, რომელიც საბჭოთა პერიოდის ნოსტალგიას აღძრავს. სიტუაციით რუსული ტუროპერატორები კარგად სარგებლობენ: „საბჭოთა საქართველოში“ წასასვლელად ბილეთის ყიდვა სოჭის ყველა სადგურში შეიძლება.

 

რუსეთიდან თვითგამოცხადებულ აფხაზეთში წამსვლელებს ექსკურსიამძღოლები მხოლოდ რუსული შიდა პასპორტის წაღებას ურჩევენ, რადგან აფხაზური შტამპი ყველანაირ დოკუმენტს უცხოეთისთვის უმოქმედოდ აქცევს. გარდა ამისა, საქართველოს კანონით, სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის მხრიდან შესვლისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა დაწესებული. აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს თბილისი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად თვლის და მოსკოვს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში ადანაშაულებს.