გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 11 ფაქტი გამოავლინეს

14-08-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, უკანონო თევზჭერის 11 ფაქტი გამოავლინეს.


უწყების ინფორმაციით, ქალაქ ფოთში, მდინარე კაპარჭინაზე, მოქალაქეები უკანონო თევზჭერას მოტორიანი ნავიდან ელექტროშოკური მოწყობილობის ე.წ პილიკანის გამოყენებით ახდენდნენ. სამართალდამრღვევებმა უკანონოდ მოიპოვეს 27 კგ-მდე კეფალის სახეობის თევზი. ელექტროშოკურ მოწყობილობებს იყენებდნენ მოქალაქეები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვიშარში, მდინარე რიონზე და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ რბონის მიმდებარედ მდინარე მტკვრის კალაპოტში უკანონო თევზჭერისას. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდინარე კაბალზე კი, სამართალდამრღვევმა დაახლოებით 1 კილოგრამი სხვადასხვა სახეობის თევზი აკრძალული საშუალების - ე.წ. ფაცერის გამოყენებით მოიპოვა.


ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდინარე წყალწითელაზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდინარე მტკვარზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდინარეებზე - გუბისწყალსა და რიონზე, მცხეთა-ნარეკვავის მიმდებარედ, მდინარე არაგვზე, თიანეთის მუნიციპალიტეტში მდინარე იორზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თევზჭერის აკრძალული საშუალებით - ანკესზე გამობმული სახლართი და გასაშლელი ტიპის ბადეებით უკანონო თევზჭერის 7 ფაქტი აღკვეთეს.


აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლისის თვეში უკანონო თევზჭერის 155 ფაქტია გამოვლენილი. მათ შორის, 64 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 2024 წლის იანვარ-ივლისში კი, დეპარტამენტის თანამშრომლებმა თევზჭერის წესების დარღვევის 494 ფაქტი აღკვეთეს, მათ შორის, 206 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.