გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლევან დავითაშვილი: ახალი ტექნოლოგიური ჰაბის პროექტით, პოტენციალი, რომელიც ქუთაისის ახალგაზრდობას გააჩნია, მაქსიმალურად იქნება რეალიზებული

12-10-2024

„ჩემთვის დიდი პატივი, მაგრამ, ამავე დროს, დიდი ბედნიერებაა, რომ დღეს ვისაუბროთ ამ მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ, რომელიც განხორციელდება ქუთაისში - ქალაქში, რომელსაც ისტორიულად დიდი ტრადიციები აქვს განათლების, განსაკუთრებით, ტექნიკური განათლების კუთხით. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტის განხორციელების შედეგად, ის პოტენციალი, რომელიც ქუთაისის ახალგაზრდობას გააჩნია, მაქსიმალურად იქნება რეალიზებული, ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ნიჭის გამოვლენასა და კვალიფიკაციის ამაღლებას, მათ შესაბამის დასაქმებას და მომავალ წარმატებას," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ქუთაისში, ტექნოლოგიური ჰაბის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. ტექნოლოგიური ჰაბი ყოფილი პარლამენტის შენობაში ამოქმედდება.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უშუალოდ ჰაბის კონცეფციაზე კი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ ისაუბრა.


პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, სიმბოლურია, რომ პროექტის პრეზენტაცია ხდება ქუთაისში, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო კერაა. „ქუთაისში არის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ვფიქრობ, ბოლო წლებში, დამოუკიდებლობის პერიოდში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ქვეყანაში ვითარდება, ძალიან წარმატებით ხორციელდება და აქვს მნიშვნელოვანი ამბიციური გეგმები, რომ ეს ქალაქი არა მარტო საგანმანათლებლო, არამედ სამეცნიერო და ტექნოლოგიური ცენტრი იყოს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებას ისახავს მიზნად, სრულად თანხვედრაშია განვითარების ამ ხედვასთან," - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, 10 წლის წინ მთავრობამ ტექნოლოგიების და ინოვაციების სფეროს ხელშეწყობა დაიწყო და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები გადადგა, მათ შორის, ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო დააფუძნა. „მისი ჩამოყალიბებით ჩვენ შევქმენით სტარტაპების და ინოვაციების განვითარების ეკოსისტემა, ჩვენმა სტარტაპერებმა უკვე წარმატებით მოიზიდეს დაახლოებით ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია საერთაშორისო ინვესტორებისგან. ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი დაიბადა საქართველოში და იმედი მაქვს, რომ ეს წარმატებული პროექტები მომავალში გლობალურ წარმატებულ ბიზნესებად იქცევა. სახელმწიფოს როლი სტარტაპ და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაში ძალიან დიდია. გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება აქტიურად უნდა იყოს ჩართული ამ პროცესებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაგრძელებთ პროგრამებს, რომლებიც მიმართულია სტარტაპერების, ინოვაციური იდეების, პროექტების ხელშესაწყობად, ეს გულისხმობს როგორც ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, ისე სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერას, მათ შორის, აქსელერატორების შემოყვანას, აგრეთვე ყველა იმ პროექტს, რომელიც რეალურად ამ ახალ იდეებს საშუალებას მისცემს, წარმატებულ ბიზნესებად გადაიზარდოს," - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ინოვაციების ეკოსისტემა ბევრ აქტორს აერთიანებს. მისი თქმით, პროექტში წარმოდგენილია ძალიან ბევრი რგოლი, სხვადასხვა სამინისტროს, უწყების ხელმძღვანელები, რომლებიც ცალსახად მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ამ ტექნოლოგიური ცენტრის, ტექნოლოგიური ჰაბის განვითარებაში. „რა თქმა უნდა, აქ ასევე წარმოდგენილი იქნებიან საერთაშორისო აქსელერატორები, ინკუბატორები, მაღალტექნოლოგიური კომპანიები, აკადემიური და სამეცნიერო ინსტიტუტები. ამ პროექტის წარმატება ყველას თანამშრომლობასა და კოორდინაციაზეა საბოლოოდ დამოკიდებული. მე მინდა, მადლობა გადავუხადო პროექტში ჩართულ ყველა ადამიანს, პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს ამ პროექტის მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება მორიგი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ქუთაისს ახალ სიცოცხლეს შესძენს," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


აღსანიშნავია, რომ ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბი სხვადასხვა კომპონენტს გააერთიანებს. ტერიტორიაზე მოეწყობა ინტერაქციული - სამეცნიერო-ტექნოლოგიური მუზეუმი, სტარტაპ აქსელერატორი, საერთაშორისო IT სკოლა, საკონფერენციო სივრცე, საერთო სამუშაო სივრცე, ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის მძლავრი მონაცემთა ცენტრი, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების, IoT, STEAM, სამრეწველო ინოვაციების (fablab) და სხვა ექსპერიმენტული ლაბორატორიები. შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური პარკი სწორედ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში განთავსდება, რომელიც 2025 წლის შემოდგომაზე გაიხსნება.