გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რას უპირებს ბათუმის მერია ქუჩის ძაღლებს

8-11-2017

მომავალ წელს ქუჩის ძაღლების რეგულაციასთან დაკავშირებით ბათუმის მერია სიახლეებს გეგმავს. ამის თაობაზე მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის უფროსმა მარინე რუხაძემ დღეს,  8 ნოემბერს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ 2018 წლის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ბიუჯეტის განხილვის დროს ისაუბრა.

მარინე რუხაძის თქმით,  იმ შემთხვევაში, თუკი ქუჩაში მცხოვრები ძაღლი გარშემომყოფებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, მისი ევთანაზია კომისიური წესით მოხდება, 6 თვემდე ძაღლის ლეკვებსა და კატის კნუტებს კი მერია სპეციალურ ვოლიერში გადაიყვანს და ბუნებრივ გარემოში აცრების შემდეგ დააბრუნებს.

„წლების წინ ნამდვილად არაჰუმანური გზებით ხდებოდა ცხოველებზე ზემოქმედება და ეს მიდგომები მნიშვნელოვნად შეიცვალა. ჩვენ ვაპირებთ, მომავალ წელს გამოვყოთ ბიუჯეტი 6 თვემდე ლეკვებისა და კნუტებისთვის, გავაკეთოთ მათთვის პატარა ვოლიერები, აცრებისა  და სხვა ღონისძიებების  ჩატარების შემდეგ კი ისინი კვლავ ნეიტრალურ ზონაში დავაბრუნოთ“-ამბობს რუხაძე.

პროგრამის განხილვის დროს, ქუჩაში მყოფი ცხოველების მისამართით მოქალაქეების მხრიდან პრეტენზიებიც გამოითქვა.  ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, „დევნილთა დასახლებაში იმდენი ქუჩის ძაღლია, რამდენიც მთელ ქალაქში  ერთად აღებულიც კი შეიძლება არ იყოს“. მისი აზრით, მერიამ ამ პრობლემის მოგვარებაზე უნდა იზრუნოს, „რადგან რაც უნდა ავცრათ ძაღლი და დავბირკოთ, მისი მაინც ეშინიათ ბავშვებს და უბნის სხვა მცხოვრებლებსაც“.

ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრობლემაა ქუჩის ძაღლების გადაადგილება ბულვარსა და პარკებში. „ვფიქრობ, არ არის ლამაზი, როცა ექვსი უზარმაზარი ძაღლი ერთად დადის ბულვარში, სადაც  ბავშვები და ტურისტები სეირნობენ“-ამბობს მოქალაქე.

ქუჩის ძაღლების პრობლემაზე კიდევ ერთმა მოქალაქემ ისაუბრა. მისი თქმით, ხელვაჩაურში განსაკუთრებით ბევრი ქუჩის ძაღლია, რომლის რეგულაციაც არ ხდება მერიის მხრიდან.

„ეს არ არის მარტო სამრწველო ზონა, ამ ზონაში ათი ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის ბავშვები, რომლებიც სკოლაში დადიან და გზად ქუჩის ძაღლები  აშინებთ“.

მარინე რუხაძის თქმით, მერიას არ აქვს შესაძლებლობა, რომ დიდი ვოლიერები გააკეთოს და ქუჩის ყველა ძაღლი სტაციონალურად განათავსოს იქ.

„ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანებს შინაური ცხოველები სოფლებიდან ჩამოჰყავთ  და შემდეგ ქუჩაში უშვებენ. ასევე ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანები თავიანთ შინაურ ცხოველებს ავად გახდომის ან სხვა მიზეზების გამო ქუჩაში აგდებენ.  ვფიქრობ, მოსახლეობის პასუხისმგებლობაც უნდა გაიზარდოს და  ასეთ შემთხვევებში მოქალაქეები უნდა დაჯარიმდნენ“-განაცხადა რუხაძემ.

 


წყარო: გაზეთი "ბათუმელები"