15-01-2019
სომეხი ექსპერტ-პოლიტოლოგი არბაკ ხაჩატრიანი სომხეთის 2019 წლის ეკონომიკურ პერსპექტივებზე საუბრობს, განსაკუთრებით კი აქცენტს ირანთან და რუსეთთან ურთიერთობაზე აკეთებს, მათთან ვაჭრობის განვითარებაზე. იგი ყურადღებას ამახვილებს „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის შეუფერხებელი მუშაობის მნიშვნელობაზე სომხეთისათვის და ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტ ვააგ ზარიანთან საუბარში იხსენებს რუსეთ-საქართველოს შეთანხმებას ტვირთების მოძრაობისა და საბაჟო მონიტორინგის თაობაზე, ე.წ. „სავაჭრო დერეფნების“ შესახებ, შვეიცარიული კომპანიის მონიტორინგით.
საინფორმაციო პორტალი region.ge გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- როგორც ცნობილია, სომხეთი საგარეო ვაჭრობის 80% საქართველოს ტერიტორიის მეშვეობით ხორციელდება. ამიტომაც, ალბათ, ზედმეტი არ იქნება ვისაუბროთ იმ პრობლემაზე, რომელიც სომხეთისათვის „ჟანგბადის რეზერვს“ უკავშირდება - ზემო ლარსის პუნქტის მუშაობაზე. ასევე საინტერესოა თქვენი აზრი სომხური ტვირთების გადაზიდვაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით ფორს-მაჟორულ სიტუაციებში და ამ საკითხზე რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკების შესახებ...
- ჩემი ღრმა რწმენით, სომხეთი ამ მოლაპარაკებებში აუცილებლად უნდა იყოს ჩართული და მონაწილეობდეს. ეს გარდაუვალი აუცილებლობაა, რადგან საკითხი ეხება სომეხი ერის ბედს. ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკების მონები თუ მძევლები. სხვათა შორის, არც შვეიცარიული კომპანია არ იძლევა იმის გარანტიას, რომ თუ შეთანხმება ტვირთების მოძრაობისა და საბაჟო მონიტორინგის თაობაზე ამოქმედდება, ყველაფერი კარგად აეწყობა და პრობლემები აღარ იქნება. სომხეთმა უნდა მოითხოვოს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან, რომ რაიმე დესტაბილიზების შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ მას დანაკარგების გამო კომპენსაცია გადაუხადოს.
ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველოში ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კატეგორიულად არის წინააღმდეგი, რომ რუსეთ-საქართველოს შორის 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმება ამუშავდეს. ქართველი „ნაციონალები“ წინააღმდეგნი არიან, რომ რუსეთ-საქართველოს პირდაპირი ეკონომიკური კავშირები გაღრმავდეს, განსაკუთრებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების გავლით. ამასთან, ქართული „ნაციონალური“ ოპოზიცია მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებს თურქეთთან და აზერბაიჯანთან. ანუ ისინი არად აგდებენ თბილისისა და მოსკოვის ძალისხმევას, რომლებიც ცდილობენ, პოლიტიკური პრობლემების გვერდის ავლით, ვაჭრობაში ითანამშრომლონ და როკი-ფსოუს საკონტროლო გამშვები პუნქტებით ისარგებლონ.
ამის მიუხედავად, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება, ორივე სახელმწიფო დაინტერესებულია იმით, რომ ვაჭრობისა და ტვირთების მოძრაობისათვის საიმედო სახმელეთო გზა არსებობდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სომხეთისთვისაც, რომელიც, ვიმეორებ, აუცილებლად უნდა იყოს ჩართული მოლაპარაკების მხარის სტატუსით. ეს ჩვენი ერის სამომავლო ბედის განმსაზღვრელი პირობაა“.
წყარო: «Новые известия» (რუსეთი)