გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

14 წლის ობოლი გოგონას სიყვარული და ათეულობით წლების შემდეგ გამჟღავნებული საიდუმლო-უცნობი დეტალები სტალინის ცხოვრებიდან

21-01-2019

რუსეთის ტელეარხის «МИР-24»-ის საინფორმაციო-ანალიტიკურ პროგრამაში «Вместе»-ს ეთერში გადაიცა ვრცელი ვიდეოსიუჟეტი, რომელშიც საუბარი იყო იოსებ სტალინის ბიოგრაფიის ნაკლებად ცნობილ ფაქტებზე, კერძოდ - მის ქორწინების გარეშე შვილებზე.


საინფორმაციო პორტალი region.ge გთავაზობთ ვიდეოსიუჟეტის ტექსტურ ვერსიას:
---------
„გადასახლებული რევოლუციონერისა და 14 წლის ობოლი გოგონას სიყვარულის ისტორია, რომელიც მხოლოდ მცირე ხანს - ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. მაგრამ იყო თუ არა სინამდვილეში სიყვარული? როგორი იყო იოსებ (კობა) ჯუღაშვილისა და კურეიკელი გლეხი გოგონას ლიდია პერეპრიგინას ტრფობა შორეულ ციმბირში, მიყრუებულ ტურუხანსკის მხარეში? როგორც ზღაპრებშია ხოლმე, როცა მათი ხანმოკლე სიყვარულიდან ასი წელი და ერთი დღე გავიდა, ჩვენი ტელეარხის ჟურნალისტებს დაუკავშირდა ადამიანი, რომელმაც წარმოადგინა დეზოქსირიბონუკლეინმჟავას (დნმ) ტესტი და განაცხადა: „მე იოსებ ბესარიონის ძე სტალინის შვილიშვილი ვარ“.


ტელეარხ «МИР-24»-ის კორესპონდენტი როდიონ მარინიჩევი რევოლუციონერის სატრფიალო რომანზე მოგვითხრობს:


„დავიდოვების ოჯახის ცხოვრება ჩვეულებრივი საბჭოთა ადამიანების ისტორიას ჰგავს. იური პროფესით ინჟინერია, კუზბასში შახტებს აპროექტებს. მამა - ალექსანდრე - სამხედრო ჩინოსანია, სამსახური მაიორის წოდებით დაასრულა. სწორედ მან გაანდო ვაჟს მრავალი წლის წინანდელი ოჯახური საიდუმლო.

„დავსხედით - მე, მამა, დედა და ჩემი უფროსი ძმა ედუარდი. მგონი, პირველმა დედამ მითხრა, რომ მამაშენი იოსებ სტალინის ვაჟია, შენ კი დიდი ბელადის შვილიშვილი. ახლა რაც გაიგონე, მხოლოდ შენ იცოდე, სხვებისთვის კი დაივიწყეო“, - ამბობს იური დავიდოვი.


რა თქმა უნდა, მას მშობლების დარიგება მუდამ ახსოვდა და ამ ფაქტის აფიშირება არ მოუხდენია მანამ, სანამ 30 წლის შემდეგ ისტორიკოსებმა და ჟურნალისტებმა ბელადის ბიოგრაფიის უცნობი ამბები არ გამოაშკარავეს. უკვე 1990-იანი წლები იდგა, „პრესტროიკამ“ არქივების კარი გააღო და ტაბუდადებულ თემებზე საუბრები დაიწყეს. თავდაპირველად სტალინის ქორწინების გარეშე დაბადებული შვილის ამბავი ტყუილი ეგონათ და სერიოზულად არ აღიქვამდნენ. იური დავიდოვმა მხოლოდ ახლახან გაიკეთა ტესტი დნმ-ზე და დაამტკიცა, რომ იგი გენერალისისმუსის შვილიშვილის ალექსანდრე ბურდონსკის ნათესავია.


გამოდის, რომ ისინი ერთმანეთისთვის ბიძაშვილები არიან და იმავდროულად ორივე - იოსებ სტალინის შვილიშვილები: ალექსანდრე - იოსებ სტალინის ოფიციალური ცოლის ნადეჟდა ალილუევას შთამომავლისაგან, იური კი - ბელადის იდუმალი სატრფოს ლიდია პერეპრიგინასაგან (მოგვიანებით ლიდიამ ქმრის გვარი - დავიდოვი აიღო). „ახლა სინდისი სუფთა მაქვს მშობლების ხსოვნის წინაშე, რომ არავინ არ მომიტყუებია და ყველაფერი სინამდვილეა“, - აღიარებს იური დავიდოვი.


1914 წელს რევოლუციონერი იოსებ სტალინი თავის უკანასკნელ გადასახლებაში იმყოფებოდა - ენისეის გუბერნიის ტურუხანსკის მხარეში. რვათვიანი ზამთარი, 60 გრადუსიანი ყინვით. რამდენიმე სოფელი გამოიცვალა საცხოვრებლად: ჯერ მონასტირსკოე და სელივანიხა, სემდეგ - კოსტინო და კურეიკა. მომავალმა ბელადმა კურეიკაში ყველაზე დიდხანს დაჰყო - კიდევ ერთ ცნობილ რევოლუციონერ იაკობ სვერდლოვთან ერთად.


სოფელი კურეიკა გეოგრაფიულად დღესაც მიყრუებულია: კრასნოიარსკიდან 1200 კილომეტრით დაშორებული, ენისეის დინების მიმართულებით. გზები, ისევე როგორც 100 წლის წინათ, ახლაც არ არის. არის მხოლოდ მდინარე. ათი სახლი 50-მდე მცხოვრებით. მათი მთავარი საქმიანობა რევოლუციამდე ტყისჭრა და მონადირეობა იყო. თუმცა, ჟანდარმერიის ზედამხედველობის მიუხედავად, ცარიზმის მტრები კურეიკაში ყოფნისას დროს უქმად არ კარგავდნენ და კარგად ერთობოდნენ კიდეც. აი, როგორ იხსენებდნენ იოსებ სტალინს კურეიკელები 70 წლის შემდეგ: „მოსახლეობასთან ძალზე კარგი ურთიერთობა ჰქონდა. იგი უყვარდათ, ავადმყოფებს ბალახებით მკურნალობდა ხოლმე. იოსები ცეკვებზეც დადიოდა“, - ჰყვებოდა 1988 წელს კურეიკელი მარია ლუკიანოვა.


რევოლუციონერმა იოსებ ჯუღაშვილმა ბინა პერეპრიგინების სახლში დაიდო. „ეს იყო ძელური ქოხი, რომელსაც მიდგმული ჰქონდა გომური. ჯერ გომურში უნდა შესულიყავი, რომ ქოხის ოთახში მოხვედრილიყავი. ოთახი დიდი იყო და ნახევრად გადატიხრული. ჰოდა, იოსებიც ამ ტიხრულში დაბინავდა“, - ამბობს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ბორის ილიზაროვი.


ქოხში 7 ბავშვი იყო, ახლად დაობლებულები. მათგან ყველაზე უფროსი - 14 წლის ლიდია იოსებს დანახვისთანავე მოეწონა. ათეულობით წლის შემდეგ, უკვე 1940-იანი წლების დასასრულს, ლიდია თავისი სიყვარულის ამბავს კომპარტიის კრასნოიარსკის სამხარეო კომიტეტის ინსტრუქტორს მოუყვება.
ლიდია პერეპრიგინას მოგონებებიდან:


„თბილ დღეებში იოსებ სტალინი ჟასმინის ფერის მქონე კოსტიუმს იცვამდა, მატყლის შავ სვიტერს. შიგნით ატარებდა ზოლებიან „მაიკა-ტელნიაშკას“. წვერს თვითონ იპარსავდა თავისი სამართებლით“.


ლიდია პერეპრიგინა რომ მოეძებნათ, კრასნოიარსკელ ჩინოვნიკებს ბელადის პირადმა მდივანმა ალექსანდრე პოსკრებიშევმა დაავალა. როგორც გაირკვა, გოგონამ იოსებს ორი ბიჭი გაუჩინა, პირველი ახალშობილი გარდაიცვალა, მეორე კი გადარჩა. ლიდიამ მას ალექსანდრე დაარქვა. თავისი შვილი კრემლის მომავალ ბინადარს არ უნახავს. სხვა გადასახლებულების მოგონებების თანახმად, ქალის ფეხმძიმობის დროს იგი რამდენიმე დღით კრასნოიარსკში წავიდა, მაგრამ შემდეგ უკან არ დაბრუნებულა - რევოლუცია ახლოვდებოდა. ლიდია იძულებული გახდა ადგილობრივ მეთევზე იაკობ დავიდოვზე გათხოვილიყო, რომელმაც ალექსანდრე იშვილა და მას თავისი გვარი მისცა.


რა თქმა უნდა, ამ ისტორიას მკაცრად ასაიდუმლოებდნენ, თანაც არამარტო სტალინის მმართველობის პერიოდში, არამედ მთელი საბჭოთა ეპოქის განმავლობაში. მრავალი წლის მანძილზე ისტორიკოსებს მხოლოდ ორი ეპიზოდი ჰქონდათ მტკიცებულებად, რომ ეს ფაქტი ნამდვილად მოხდა, თუმცა ეს მტკიცებულებებიც მხოლოდ ირიბი იყო: მაგალითად, სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ივანე სეროვისა და კრასნოიარსკის სამხარეო კომიტეტის პირველ მდივანს ავერკი არისტოვის წერილები ნიკიტა ხრუშჩოვს, რომლებშიც ისინი აღნიშნავენ, რომ იოსებ სტალინი ნამდვილად ცხოვრობდა ქორწინების გარეშე 14 წლის გლეხ გოგონასთან, ლიდია პერეპერიგინასთან.


ბელადის ბიოგრაფიის ასეთ ფაქტებზე მსჯელობას ჩინოვნიკები - გინდაც ისეთი მაღალი დონის, როგორებიც სეროვი და არისტოვი იყვნენ - მხოლოდ სტალინის სიკვდილის შემდეგ თუ გაბედავდნენ. ორივე დოკუმენტი 1956 წელს დაიწერა, იოსებ სტალინის პიროვნების კულტის დაგმობის გაგანია კამპანიის დროს.


„რა თქმა უნდა, ეს იყო მკაცრად გასაიდუმლოებული დოკუმენტი, რომელიც არ გავრცელებულა და ტირაჟირება არ მომხდარა. მისი შინაარსი მხოლოდ პარტიის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ იცოდა“, - ამბობს რუსეთის სოციალურ-პოლიტიკური ისტორიის სახელმწიფო არქივის მთავარი სპეციალისტი სერგეი სოლოვიოვი.


სსრ კავშირის ახალმა ხელმძღვანელმა ნიკიტა ხრუშჩოვმა იმ წერილებიან საქაღალდეს დაადო გრიფი „სრულიად საიდუმლოდ“. იოსებ სტალინის მმართველობის დროს მომხდარი რეპრესიებისა და პოლიტიკური შეცდომების ფონზე ბელადის სიყვარულობანას თამაში არასრულწლოვან გოგონასთან დესტალინიზაციისათვის მცირეწონიანი ფაქტი აღმოჩნდა.


„ისტორიკოსთა დიდი ნაწილი თვლის, რომ იოსებ სტალინის კავშირის ლიდია პერეპრიგინასთან სინამდვილეს შეესაბამება. რაც შეეხება შვილს, ამ საკითხზე სხვადასხვა თვალსაზრისი არსებობს“, - ამბობს სერგეი სოლოვიოვი.


არც ლიდია პერეპრიგინა და არც მისი შთამომავლები არანაირი პრივილეგიებით არ სარგებლობდნენ. ბელადის ციმბირელი სატრფომ მთელი სიცოცხლე კურეიკაში გაატარა, უკანასკნელ წლებში კი იგარკაში - ენისეის ქვემო დინებაში, მდინარესთან ახლოს მდებარე დაბაში ცხოვრობდა - მუშაობდა პარიკმახერად. იგი 1964 წელს, თავის პირველ შეყვარებულზე 11 წლით გვიან გარდაიცვალა.