გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

«BBC News» (დიდი ბრიტანეთი): აფხაზეთი, დნესტრისპირეთი და ჩრდილოეთ კვიპროსი-უცნაური ნორმალური ცხოვრება „გარიყულ სახელმწიფოებში“

21-01-2019

გავლენიანი ბრიტანული მედიასაშუალების, «BBC News»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გაანალიზებულია თანამედროვე მსოფლიოში არსებული არაღიარებული და ნაწილობრივ აღიარებული სეპარატისტული რეგიონების ამჟამინდელი პოლიტიკური-სამართლებრივი და ეკონომიკური მდგომარეობა.


საინფორმაციო პორტალი region.ge გთავაზობთ კარნეგის ფონდის თანამშრომლის, თომას დე ვაალის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას შემოკლებით:


„საფოსტო მისამართით ჩვენი სახლის მდებარეობა განისაზღვრება მსოფლიოში. მაგრამ მილიონობით ადამიანისათვის საცხოვრებელი სახლის ადგილდებარეობის აღნიშვნა დიდ პრობლემას წარმოადგენს. საერთაშორისო საფოსტო სამსახური არ აღიარებს წერილებს აფხაზეთის, დნესტრიპირეთის ან ჩრდ. კვიპროსის თურქული რესპუბლიკის შტემპელით.


ევროპაში მდებარე ამ ქვეყნების სამეული მსოფლიოს იმ ტერიტორიებს მიეკუთვნება, რომლებიც ომის შედეგად გაჩდნენ, რუკებზე არსებობენ, მაგრამ სრულფასოვან ეროვნულ სახელმწიფოებად და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებად არ ითვლებიან. ამავე დროს ისინი თვითმართვადნი არიან და საკმაოდ სტაბილურებიც. იქ ცხოვრება გრძელდება - ხალხი გადასახადებს იხდის, ბავშვები სკოლებში დადიან... თუმცა მათთვის ეს ყველაფერი უფრო რთულია, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში.


ამჟამად არსებული „სადაო ქვეყნებიდან“ ყველაზე დიდია ტაივანი, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ის 1949 წლიდან ყველა კრიტერიუმით დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მას მაინც თავის ტერიტორიად მიიჩნევს და შესაბამისად, „აუცილებლად იქნება მიერთებული“. არადა, ტაივანი 20-ზე მეტი სახელმწიფოს მიერ არის აღიარებული სუვერენულ სახელმწიფოდ.


„სადაო ქვეყნების“ შკალის სულ ბოლო ქვედა ზღვარზე შეიძლება ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ ვიგულისხმოთ, რომელიც სირია-ერაყის ტერიტორიებზე ორი წელი არსებობდა, თუმცა არავის არ უღიარებია.


აფხაზეთი, დნესტრისპირეთი და ჩრდილოეთ კვიპროსი შკალის სადღაც შუა ნაწილში იმყოფებიან. სამივე კონფლიქტის გზით ჩამოყალიბდა, რომელიც ჯერ ბოლომდე არაა მოგვარებული.


სეპარატისტულმა აფხაზეთმა 1992-1993 წლებში საქართველოს, მისგან გამოყოფის მიზნით, ომი მოუგო და 1999 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 2008 წელს აფხაზეთის სუვერენიტეტი რუსეთმა და კიდევ მსოფლიოს ორიოდე სახელმწიფომ აღიარა. თავის მხრივ, საქართველო რუსეთს ოკუპანტად მიიჩნევს.


დნესტრისპირეთიც აფხაზეთის მსგავსად შეიქმნა, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა. ის მოლდოვას გამოეყო ხანმოკლე ომის შემდეგ 1992 წელს.


კვიპროსელმა თურქებმა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა ჯერ კიდევ 1983 წელს გამოაცხადეს, კუნძულზე მიმდინარე კრიზისისა და კონფლიქტის ათი წლისთავზე, რომლის დროსაც თურქეთის არმია კუნძულზე შეიჭრა და მისი ჩრდ.ნაწილი დაიკავა. გაეროს ძალები დღემდე პატრულირებენ კვიპროსის გამმიჯნავ ე.წ. „მწვანე ხაზის“ გასწვრივ. მოლაპარაკება კუნძულის ორი ნაწილის გაერთიანების მიზნით წარუმატებელი აღმოჩნდა.


ზემოთ ჩამოთვლილთაგან ყველას ჰყავს საკუთარი მთავრობა და მიუხედავად იმისა, რომ ისინი საერთაშორისო აღიარებისაგან შორს არიან, არცერთს კრახის ნიშნები არ ეტყობათ. ისინი კვალიფიცირდებიან როგორც „დე-ფაქტო სახელმწიფოები“ - ანუ ისინი თავიანთ ტერიტორიებს მართავენ, მაგრამ საერთაშორისო სიტემის გარეთ იმყოფებიან.


მნიშვნელოვანია დავაფიქსიროთ, რომ სამივე გამოყოფილ ტერიტორიას ჰყავს ძლიერი მფარველები: აფხაზეთს და დნესტრისპირეთს - რუსეთი, ჩრდილოეთ კვიპროსს - თურქეთი. მფარველები მათ ეხმარებიან, სიცოცხლეს უხანგრძლივებენ ფინანსურად, ეკონომიკურად, სამხედრო თვალსაზრისით - იქ ჯარებიც ჰყავთ განლაგებული.


მაგრამ რუსეთმაც და თურქეთმაც რომ თავიანთ პროტეჟეებს დახმარება შეუწყვიტონ, ისინი უცბად არ „დადნებიან“. ისინი სუსტები იქნებოდნენ, მაგრამ შეინარჩუნებდნენ ადგილობრივ იდენტურობას და ცალკე ცხოვრებისაკენ სწრაფვას.


საერთაშორისო თანამეგობრობა ამ ტერიტორიებზე და იქ არსებულ პრობლემებზე მაინცდამაინც ხშირად არ ფიქრობს. ისინი გაურკვეველ მდგომარეობაში იმყოფებიან. მათ მიმართ დაინტერესებას უფრო მეტად „არარსებული ადგილების“ მოყვარულები ამჟღავნებენ, განსაკუთრებით დნესტრისპირეთისა და აფხაზეთისადმი. რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ არცერთი აღიარებული არ არის, მათი სახელმწიფო სიმბოლოები და სხვა ატრიბუტები ყურადღების ობიექტებს წარმოადგენენ. აფხაზეთი ეგზოტიკურ საფოსტო მარკებს ბეჭდავს, მსოფლიოს ფილატელისტებისთვის, რომლებიც მარკების კოლექციებს აგროვებენ. დნესტრისპირეთის სახელმწიფო სიმბოლოებზე დღემდე შემორჩენილია საბჭოთა დროის გადმონაშთები, ვთქვათ, ჩაქუჩი და ნამგალი. იქ საკუთარ მონეტებს და ვალუტას ბეჭდავენ - დნესტრიპირეთის რუბლს, რომელიც, რა თქმა უნდა, მის საზღვრებს მიღმა უსარგებლოა. ისინი გარიყულები არიან და თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ.


რა თქმა უნდა, მათ პრობლემებიც აქვთ, მაგალითად ადამიანებით ვაჭრობა, რომელიც ჩრდილოეთ კვიპროსზე და დნესტრისპირეთში შეიმჩნევა.

მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ მათი ცხოვრება ჩვეულებრივია - არის შუქნიშნები, საგზაო პოლიცია, საავადმყოფოები - შეიძლება ითქვას, „ნორმალურ მდგომარეობაში“. კლიენტები კაფეებში სხედან, ყავას სვამენ და სმარტფონებს ჩასცქერიან... და მაინც, მათ მშობლიურ სახელმწიფოებს, ყველაფრის მიუხედავად, თითქმის ნულოვანი პერსპექტივა აქვთ ფართო საერთაშორისო აღიარების თვალსაზრისით.


მათი ბიზნესი საგარეო ვაჭრობა ესაჭიროებათ. სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლა სურთ. ამ „სადაო სახელმწიფოებს“ თითქმის ევროპული სტანდარტების კანონმდებლობა აქვთ, სიკვდილით დასჯა გაუქმებულია, არჩევნებიც საკმაოდ კონკურენტულ გარემოში ტარდება... დასავლეთი მათ განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში თანამშრომლობას პირდება, მაგრამ მათგან საპასუხო ნაბიჯებსაც ითხოვს, მაგალითად, იმ პირების გადაცემას, ვინც მათ ტერიტორიებზე მართლმსაჯულებას ემალება. თანამშრომლობა ზოგჯერ საკმაოდ ღრმად ვითარდება - იქმდეც კი, რომ დნესტრისპირეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას ვაჭრობის შესახებ როგორც მოლდოვასთან, ასევე ევროკავშირთან. დნესტრისპირეთის მთავარი უნივერსიტეტის მიერ გაცემული უმაღლესი განათლების დიპლომები შეიძლება საერთაშორისო დონეზეც იქნეს დარეგისტრირებული.


ვიზუალურად დნესტრისპირეთი შეიძლება საბჭოთა კავშირის ამსახველ თემატურ პარკად მივიჩნიოთ - ვლადიმერ ილიჩის ძეგლებით, ჩაქუჩ-ნამგლიანი ატრიბუტებით, მაგრამ სინამდვილეში ის უკვე სხვა მიმართულებით მიდის. როგორც მე ერთმა იქაურმა ჩინოვნიკმა მითხრა, „ჩემი თავი რუსეთშია, მაგრამ ფეხებს დასავლეთში მივყავარ“.


რადგან აღნიშნულ რეგიონებში („სადაო სახელმწიფოებში“) კონფლიქტების დარეგულირება ვერ ხერხდება, საერთაშორისო თანამეგობრობამ ალტერნატიული გზა უნდა შეიმუშაოს. თუ ახლო მომავალში ეს სამი ტერიტორია თავიანთ „დედა-სახელმწიფოებში“ არ იქნებიან ინტეგრირებულნი - კვიპროსის, მოლდოვასა და საქართველოს შემადგენლობაში, მაშინ ისინი - თუ მთავრობა არა, მოსახლეობა მაინც - გლობალური თანამეგობრობის ნაწილები უნდა გახდნენ. ამით დე-ფაქტო სახელმწიფოები უფრო პროგნოზირებულები იქნებიან და უფრო იოლად იცხოვრებენ მეზობლებთან.


გრძელვადიან პერსპექტივაში, ალბათ, ამით შესაბამისი პოზიტიური ფონი შეიქმნება და კონფლიქტებიც უფრო ადვილად მოგვარდება.