18-12-2017
გასულ კვირას შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა 1969 წელს დაბადებულ კ.მ-ს და მასზე ოფიციალურად ძებნა გამოაცხადა. საქმე ეხება 20 ივლისს ოზურგეთში 42 წლის გურამ ფოცხიშვილისა და მისი 33 წლის სიძის, დიმა ომოლჩენკოს მკვლელობას.
გიორგი გახარიას უწყებას ბრალდებულის ვინაობა არ დაუკონკრეტებია და მხოლოდ მისი ინიციალებით შემოიფარგლა, თუმცა „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა როგორც ძებნილი კ.მ-ს ვინაობა, ისე ამ საქმის ექსკლუზიური დეტალები. ირკვევა, რომ ორმაგ მკვლელობას წლების განმავლობაში არსებული დაპირისპირება უძღოდა წინ. კრიმინალურ პოლიციაში ჩვენი წყარო ვარაუდობს, რომ გურამ ფოცხიშვილი „კანონიერი ქურდების“ შეკვეთით მოკლეს და, ასევე, მოიცილეს მისი სიძე, რომელიც იმ მომენტში ფოცხიშვილთან ერთად იმყოფებოდა.
რა კავშირი აქვს ამ ორმაგ მკვლელობას „კანონიერ ქურდებთან“ და რომელ კრიმინალურ ავტორიტეტებთან ჰქონდა დაპირისპირება აწ გარდაცვლილ გურამ ფოცხიშვილს? სანამ ამ დეტალებს გაგაცნობთ მანამდე, მოდი, ვნახოთ, რას წერს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1969 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ კ.მ.-ს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ კ.მ. განაწყენებული იყო ნაცნობზე – გ.ფ.-ზე, რომელმაც წარსულში, შეიარაღებულმა სახლში მიაკითხა და მის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ბრალდებულმა, ანგარიშსწორების მიზნით, გ.ფ.-ს მოკვლა განიზრახა...
გამოძიება ორი ან მეტი პირის მიერ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც თექვსმეტიდან ოც წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს. ბრალდებულ კ.მ.-ზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ძებნა გამოცხადდა“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ჩვენი ინფორმაციით, ბრალდებული „კ.მ“ 49 წლის კახა მეგრელიშვილი გახლავთ, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „ბუძგიას“ მეტსახელით იცნობენ. გარდაცვლილი გურამ ფოცხიშვილი კი ძველი თაობის „კანონიერი ქურდის“, გურამ ფოცხიშვილის (უფროსი) შვილიშვილია. ეს უკანასკნელი 1993 წელს 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„პრაიმტაიმის“ წყაროს ცნობით, გურამ ფოცხიშვილს (უმცროსი) და კახა მეგრელიშვილს („ბუძგია“) შორის დაპირისპირება სათავეს ჯერ კიდევ 2000 წლიდან იღებს. ცნობილია, რომ მეგრელიშვილს ახლო ურთიერთობა აკავშირებდა „კანონიერ ქურდ“ გიორგი ღლონტთან, რომელსაც ქურდულ სამყაროში „კოკილოს“ მეტსახელით იცნობდნენ. 18 წლის წინათ ის სწორედ გურამ ფოცხიშვილმა დაჭრა, რის გამოც „კოკილოს“ ფეხით გადაადგილებაც კი უჭირდა. ამის გამო „კოკილოს“ გარემოცვა მასზე შურისძიებას გეგმავდა, მათ შორის კახა მეგრელიშვილი („ბუძგია“), თუმცა გურამ ფოცხიშვილმა 2001 წელს საქმის გასარჩევად მეგრელიშვილს სახლში მიაკითხა და მის მეუღლეს შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც „ბუძგიამ“ თანმხლებ პირებთან ერთად ცეცხლი გაუხსნა გურამ ფოცხიშვილს, თუმცა ამ უკანასკნელმა საპასუხო სროლა განახორციელა და მაშინ კახა მეგრელიშვილი სიკვდილს სრულიად შემთხვევით გადაურჩა.
2002 წელს გურამ ფოცხიშვილის სამიზნე გახდა ამავე დაჯგუფების კიდევ ერთი „კანონიერი ქურდი“ გოჩა ლომინეიშვილიც, რომელსაც დანით 12 ჭრილობა მიაყენა, მათ შორის ყელის არეში. ფოცხიშვილის თავდასხმას ლომინეიშვილიც გადაურჩა. მოგვიანებით, მას სხვა მიზეზით „კანონიერი ქურდის“ სტატუსი შეუჩერეს.
გიორგი ღლონტზე მორიგი თავდასხმა კი 2005 წლის 25 აპრილს მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანშიც მოხდა, სადაც ის „კანონიერ ქურდ“ ვახტანგ ქარდავასთან ერთად იმყოფებოდა. ნიღბიანმა თავდამსხმელებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა ქარდავამ იცოდა რა, რომ „კოკილო“ ფეხით სწრაფად ვერ გადაადგილდებოდა, თავდამსხმელების შეჩერება სცადა და გიორგი ღლონტს გაქცევის საშუალება მისცა, თავად კი ადგილზე გარდაიცვალა. მას შემდეგ გიორგი ღლონტი ძირითადად მძიმე დაავადებას ებრძოდა. ის მკურნალობის კურსს გერმანიაშიც გადიოდა, თუმცა 2010 წლის 16 მარტს 49 წლის ასაკში კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა.
ყოველივე ამის შემდეგ უკვე ცხადი იყო, რომ ფოცხიშვილს დიდხანს არ აცოცხლებდნენ და მასზე ნადირობაც გამოცხადდა. ერთ-ერთი ინფორმაციით, მისი მკვლელობა გავლენიანმა „კანონიერმა ქურდებმა“ რამდენიმე წლის წინათ შეუკვეთეს, და ვინ შეასრულებდა ამ საქმეს ყველაზე უკეთ, თუ არა კახა მეგრელიშვილი, რომელსაც ფოცხიშვილთან პირადი ანგარიში ჰქონდა გასასწორებელი. ასე იქცა ფოცხიშვილის ქილერად ადამიანი, რომელიც 2001 წელს მისავე ტყვიას გადაურჩა.
ცხადია, ფოცხიშვილმა იცოდა, რომ „კანონიერი ქურდებზე“ თავდასხმებს არ აპატიებდნენ, ამიტომაც ბოლო პერიოდში უსაფრთხოების მიზნით ის საქართველოს არ ტოვებდა. როგორც ჩანს, ის ვარაუდობდა, რომ აქ „კანონიერი ქურდების“ მიმართ მკაცრი პოლიტიკის გამო მათგან უფრო დაცული იქნებოდა, თუმცა კახა მეგრელიშვილმა გურამ ფოცხიშვილს სწორედ მშობლიურ ოზურგეთში მიაგნო...
ირკვევა, რომ ფოცხიშვილზე ანგარიშსწორების მიზნით მეგრელიშვილმა მიმდინარე წლის ივლისში სპეციალურად შეიძინა ავტომანქანა და ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიების ინფორმაციით, 20 ივლისს, მეგრელიშვილი აედევნა მსხვერპლს, რომელიც ოზურგეთში ნათესავთან – დიმა ომოლჩენკოსთან ერთად ავტომანქანით გადაადგილდებოდა. მან ჯერჯერობით დაუდგენელ თანამზრახველთან ერთად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და მაკაროვის სისტემის პისტოლეტიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა გურამ ფოცხიშვილი და მისი სიძე, რის შემდეგაც თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიყენებული ჭრილობების შედეგად გურამ ფოცხიშვილი და დიმა ომოლჩენკო ადგილზე გარდაიცვალნენ.
გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილიდან მიმალულმა ბრალდებულმა და მისმა თანამზრახველმა ავტომანქანა ოზურგეთის რაიონის სოფელ მელექედურის ტერიტორიაზე დაწვეს და მიატოვეს.
ამით დასრულდა ქურდული ვენდეტა 18 წლის შემდეგ, თუმცა მანამდე ამ დაპირისპირებას რამდენიმე „კანონიერი ქურდის“ ტიტულიც შეეწირა. სწორედ გურამ ფოცხიშვილის გამო სტატუსი შეუჩერეს „კანონიერ ქურდ“ ვალიკო მჟავიას. ეს უკანასკნელი „კანონიერმა ქურდებმა“ – კახა ორაგველიძემ და ბონდო სტურუამ ესპანეთში დაიბარეს და პასუხი მოსთხოვეს, რატომ არაფერი მოიმოქმედა მაშინ, როდესაც ის პირისპირ შეხვდა გურამ ფოცხიშვილს. ადამიანს, რომელზეც ქურდულ სამყაროს ნადირობა ჰქონდა გამოცხადებული, გიორგი ღლონტისა და გოჩა ლომინეიშვილის გამო. ვალიკო მჟავიამ ფოცხიშვილთან შეხვედრა და მისი უმოქმედობა ვერაფრით ახსნა, რის გამოც კახა ორაგველიძის ინიციატივით მას ქურდის სტატუსი ჩამოართვეს.
სხვათა შორის, ეს ის ორაგველიძეა, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ჩათვალა, რომ პირის დამნაშავედ ცნობისთვის მხოლოდ მისი სტატუსი საკმარისი არ იყო და ქმედებაში გამოხატული დანაშაულის არარსებობის გამო, ორაგველიძის მიმართ გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანა.
როგორ აღმოჩნდა ის საქართველოში? უკრაინული მედიის ცნობით, ორაგველიძე რუსეთში 1998 წლიდან განზრახ მკვლელობისა და ყაჩაღობის ბრალდებით იძებნებოდა.
„არაერთხელ ნასამართლევმა „კახა თბილისკიმ“ უკანასკნელად სასჯელი რუსეთის ტერიტორიაზე მოიხადა. მან 11 წლიდან 8 წელი ე.წ. კარცერში გაატარა. ის 2014 წლის იანვარში გაათავისუფლეს, თუმცა სცადა კიევის ტერიტორიაზე ე.წ. გარჩევის მოწყობა უკრაინაში გავლენის სფეროს გადანაწილებისა და კონტროლიორების, ე.წ. „მაყურებლების“, დანიშვნის მიზნით“, – აცხადებდნენ უკრაინის სამართალდამცავ უწყებაში.
შედეგად, უკრაინულმა პოლიციამ ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა და დეპორტაცია გაუკეთა, მას მომავალი 5 წლის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა. „კრიმინალური ავტორიტეტი“ უკრაინის ტერიტორიაზე ანექსირებული ყირიმის გავლით შევიდა. კიევში ის კრიმინალური სამყაროს „ტრადიციების მცველის“ ფუნქციას ასრულებდა და გახლდათ შუამავალი და „არბიტრი“ კონფლიქტურ სიტუაციებში. უცნობია, ამჟამად რომელ ქვეყანას აფარებს თავს კახა ორაგველიძე და რა კავშირი აქვს მას მიმდინარე წლის 20 ივლისს ოზურგეთში მომხდარ ორმაგ მკვლელობასთან.
და ერთი საინტერესო დეტალიც... 20 ივლისს გურამ ფოცხიშვილთან ერთად მოკლული მისი დის ქმარი, 33 წლის დიმა ომოლჩენკო ბავშვობიდან მონასტერში იზრდებოდა. ის სტიქაროსანი გახლდათ და ცხადია, კრიმინალური თავდასხმის სამიზნე ვერ იქნებოდა. სავარაუდოდ, ომოლჩენკო, როგორც მოწმე, ისე მოიცილეს. ადგილობრივების გადმოცემით, ომოლჩენკო ხუთი წლის ასაკში, მშობლების გარდაცვალების შემდეგ, შემოქმედის მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებმა იშვილა და მას შემდეგ გვერდიდან არ მოუშორებია. ამბობენ, მეუფემ შვილობილს ოზურგეთში ბინაც უყიდაო. მას მეუღლე და 3 წლის შვილი დარჩა.
რაც შეეხება გურამ ფოცხიშვილს, ქურდულ სამყაროსთან მისი პირველი დაპირისპირება მამის, დავით ფოცხიშვილის სახელს უკავშირდება, რომელსაც წლების წინათ „კანონიერი ქურდის“ სტატუსი ჩამოართვეს და ქურდების დიდი ნაწილი განუდგა. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა მისი ვაჟის, გურამ ფოცხიშვილის (უმცროსი) გააქტიურება „ავტორიტეტების“ წინააღმდეგ. 2006 წელს ის იარაღის უკანონო ტარებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის გაასამართლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მაშინ მისი მოკვლა ციხეშიც სცადეს და მაკრატლით დაჭრეს კიდეც... გურამ ფოცხიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 2013 წელს დატოვა.
წყარო: "პრაიმტაიმი"