22-02-2019
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი მიმდინარე წელს ცხინვალში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ვიზიტს ელოდება. ამის შესახებ «Известия»-ს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა აცნობა. ინტერვიუში მან ასევე განაცხადა, რომ მზადაა შეხვდეს და მოელაპარაკოს საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს იმ შემთხვევაში, თუ თბილისი ხელს მოაწერს მემორანდუმს ძალის გამოუყენებლობის თაობაზე. გარდა ამისა, ბიბილოვმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს სირიაში შეიძლება სამხრეთ ოსეთის საელჩო გაიხსნას, ხოლო ცხინვალში მუშაობას დაიწყებს სირიის დიპლომატიური მისია.
- გასული წლის ბოლოს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. არის თუ არა რაიმე დადებითი ცვლილებები თქვენს მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობებში პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემდეგ?
- საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგად პოლიტიკური სიტუაცია არ შეიცვლება. პირველ რიგში, ქართველი პოლიტიკოსების დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს რუსეთის მიმართ. არ შეიცვლება მანამ, სანამ არ იქნება პოზიტიური ცვლილებები სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობებშიც. სამხედრო აგრესიიდან უკვე მეთერთმეტე წელი მიდის, მაგრამ საქართველო მაინც არ არის მზად ძალის გამოუყენებლობის მემორანდუმზე ხელმოსაწერად. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები გარედან გარკვეული გავლენას განიცდიან და ისინი საკუთარ თავს არ ეკუთვნიან. ამიტომაც ჩვენ რაიმე სიახლეებს არ ველოდებით. პრინციპში, ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე ეს ფაქტი არანაირად არ მოქმედებს. ჩვენ გვყავს სტრატეგიული პარტნიორი - რუსეთის ფედერაცია, ვისთანაც ურთიერთობასა და ინტეგრაციას მაქსიმალურად ვაღრმავებთ, ვინც გვეხმარება შენებაში და ვინც სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა.
- მზად ხართ საქართველოს პრეზიდენტთან პირდაპირი მოლაპარაკებისათვის?
- ყველაფერი თბილისის პოზიციაზეა დამოკიდებული. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მზად ვართ თბილისთან ან პირდაპირ ვილაპარაკოთ, ან შუამავლების მეშვეობით. რასაკვირველია, თუ შუამავლების დახმარებით ვილაპარაკებთ, პირველ რიგში, ჩვენ გვინდა, რომ შუამავალი რუსეთი იყოს. მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვაქვს მთავავრი მოთხოვნა, რომელიც ქართულმა მხარემ უნდა შეასრულოს - საქმე ეხება ისევ ძალის გამოუყენებლობის მემორანდუმზე ხელმოწერას. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მემორანდუმის სახით ქართულ მხარე პასუხისმგებლობას იღებს მსოფლიო საზოგადოების წინაშე და რომ თბილისი მოსახლეობის წინააღმდეგ სამხედრო ძალას არ გამოიყენებს. ასე რომ, სანამ ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება, მანამ ვერაფერზე ვილაპარაკებთ, თუნდაც ერთმანეთს რომ შევხვდეთ.
- შარშან სექტემბერში თქვენ განაცხადეთ, რომ 2018 წლის იანვრიდან საქართველოს საზღვარზე, ქართული მხარის პროვოკაციის შედეგად, 400 ინციდენტი (დაკავება) მოხდაო. დღეს როგორი სიტუაციაა საზღვარზე?
- ახლა ზამთარია და წლის ამ დროს საზღვართან მაინცდამაინც ვერ იხტუნებ, სიცივეა კარავშიც, ამიტომ სიტუაცია მშვიდია. იმ უხამს პროვოკაციებს კი, რომლებიც აქა-იქ მაინც ხდება, წვრილმანი ხასიათი აქვთ. მაგალითად, ღამ-ღამობით სასაზღვრო ბოძებთან მოდიან და ცდილობენ მათ წაქცევას, ფირნიშის აგლეჯვას, საინჟინრო ნაგებობების დაზიანებას. ასეთი მოქმედება მაინცდამაინც დიდად სანერვიულო და სიტუაციის დამძაბველი არ არის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენს მესაზღვრეებს გარკვეულ დისკომფორტს უქმნის. ასევე ძალიან კარგად ვიცით და თქვენც ხართ, ალბათ, საქმის კურსში, რომ ყველა პროვოკაცია უცხოურ მასმედიაში 180 გრადუსით ტრიალდება და სრულიად სხვაგვარად შუქდება. თუმცა არაფერია, ჩვენ ამას უკვე მიჩვეულები ვართ და ყველაფერს ვაფიქსირებთ.
- იგეგემება თუ არა მიმდინარე წელს სამხრეთ ოსეთში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ვიზიტი?
- ჩვენი შეთავაზება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ვიზიტზე ვლადიმერ პუტინს უკვე მიღებული აქვს. რუსეთის პრეზიდენტის მოწვევა ყოველთვის ღიაა და სასურველია. მის ჩამოსვლას ყოველთვის მივესალმებით. ეს არა მარტო ჩემი პირადი პოზიციაა, არამედ მთელი სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის სურვილიც, რომელიც ძალიან დიდ პატივს სცემს ვლადიმერ პუტინს. მუდამ მზად ვართ მშობლიური ადამიანი ჩვენს მიწაზე მივიღოთ. რა თქმა უნდა, ჩვენი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების მე-11 წლისთავის ზეიმზე, 26 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტი აუცილებლად იქნება მოწვეული.
- გასულ წელს თქვენ იალტაში გამართულ მე-4 საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდით. დაგეგმილი გაქვთ ისევ ეწვიოთ მორიგ მე-5 ფორუმს, რომელიც აპრილში ჩატარდება?
- დიახ. ყირიმთან ჩვენ კეთილი ურთიერთობები გვაკავშირებს. როგორც კი ყირიმი მშობლიურ „ნავსაყუდელს“ დაუბრუნდა, მასთან აქტიური კონტაქტები დავამყარეთ. შარშან ეკონომიკური ფორუმის ჩარჩოებში კარგი ურთიერთობები ავაწყეთ. წელს დაგეგმილი გვაქვს ერთობლივი პროექტების შემუშავება და მათი რეალიზება... მაგალითად, ჩვენებური ღვინის ექსპორტი უკვე ხორციელდება....
- მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს არ აღიარებს. თქვენი აზრით, კიდევ რამდენი დრო დაჭირდება საერთაშორისო აღიარების მიღწევას?
- სამხრეთ ოსეთი უკვე აღიარებულია. ქვეყნების რაოდენობით აღიარების მნიშვნელობა არც მატულობს და არც კლებულობს. [ორიოდე წლის წინ] ბევრი ამბობდა, რომ სამხრეთ ოსეთს არავინ აღარ აღიარებს, პროცესი შეწყდაო, მაგრამ ხომ ნახეთ, გასულ წელს სირიამ გვაღიარა. საერთოდ, აღიარების საკითხი - ეს ერთგვარი ჯაჭვია: ურთიერთმიბაძვით სხვებიც თანდათან გვაღიარებენ, მოკავშირეები ამაზე დაფიქრდებიან. რამდენი დრო დაჭირდება ამას - ხუთი წელი, შვიდი თუ ათი, ეს მთავარი არ არის. მთავარია, რომ პროცესი მიმდინარეობს და ვერავინ შეაჩერებს. ჩვენ ახლა ვმუშაობთ დამასკოში სამხრეთ ოსეთის საელჩოს გახსნის საკითხზე, ვეძებთ შესაფერის ადგილს. ასევე გაიხსნება სირიის არაბთა რესპუბლიკის საელჩო ცხინვალში.
- რომელი მიმართულებით უფრო ვითარდება რუსეთთან თქვენი თანამშრომლობა?
- რუსეთთან თანამშრომლობა პრაქტიკულად ყველა სფეროს მოიცავს. კონკრეტული ნაბიჯები იდგმება შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით. ფაქტიურად, გასული წლიდან უკვე არსებობს საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრი... ვფქირობ, ამ სტრუქტურას დიდი პერსპექტივა აქვს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით. ცენტრი უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი, საშუალებას იძლევა ისეთი ექსპერტიზები ჩატარდეს, რომლებიც ადრე ჩვენთან შეუძლებელი იყო. ცხადია, თანამშრომლობა ხდება კულტურასა და განათლების დარგებში, სამხედრო სფეროში. ფაქტიურად, ყველაფერში ვთანამშრომლობთ. რაც შეეხება ეკონომიკას: გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინტენსიური მოსავლის ბაღები, რომლებიც ერთობლივად დავაპროექტეთ, უკვე ეფექტს იძლევა. გასულ წელს 20 ტონა ვაშლი მოვიწიეთ. ბაღებს დიდი პოტენციალი აქვთ. რუსი ბიზნესმენები მათი ფართობის გადიდებით არიან დაინტერესებულნი. ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულებაა მინერალური წყლის ჩამოსხმა, რომელიც სამხრეთ ოსეთის კლიმატისა და ბუნებრივი სიმდიდრის პროდუქტია....
- როგორც ცნობილია, თანამშრომლობა მიმდინარეობს რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროსა და სამხრეთ ოსეთის შესაბამისი სტრუქტურას შორის. ხომ არ გეგემავთ თქვენს ტერიტორიაზე ჰუმანიტარული ცენტრის შექმნას, რომელიც ოპერატიულად იმოქმედებს საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში?
- როცა მე ჩვენს სამინისტროს ვხელმძღვანელობდი, რუსეთთან შესაბამისი შეთანხმება გავაფორმეთ, რომელშიც ყველაფერი ჩაიწერა - რა უნდა გავაკეთოთ ერთობლივად გარკვეული მოვლენების დროს, რა ჰუმანიტარული დახმარებებეი უნდა განხორციელდეს, როგორ უნდა მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ მათში მონაწილეობა და ა.შ. სულ ახლახან ჩვენ ხელი მოვაწერეთ დამატებით შეთანხმებას აუცილებლობის შემთხვევაში ავიაციის გამოყენებაზე ჩვენი რესპუბლიკისათვის. რაც შეეხება ჰუმანიტარული ცენტრის დაარსებას, რეალურად ეს ცენტრი უკვე არსებობს, წინა შეთანხმებების საფუძველზე.
წყარო: «Известия»
რედაქციისგან: სტატიაში მოყვანილი ტოპონიმიკა და პოლიტიკური ტერმინები აღებულია ორიგინალიდან, რაც, რა თქმა უნდა ოკუპირებული ტერიტორიებისა და ხელყოფილი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობიდან გამომდინარე, მიუღებელია...