13-03-2019
სიღნაღში, სოფელ ქვემო ბოდბესთან გადაშენების პირას მყოფი ბექობის არწივის მოკლული მართვე იპოვეს.
ბუნების კონსერვაციის საზოგადოება „საბუკოში“ განუცხადეს, არწივი ბრაკონიერმა მოკლა. ორგანიზაციის ინფორმაციით, მოკლულ არწივს დამაგრებული GPS გადამცემის საშუალებით მიაკვლიეს. „საბუკომ“ ორი წლის წინ GPS გადამცემი ბექობის არწივის სამ მართვეს დაუმაგრა.
„უკანასკნელ სამ წელში, 13 დანიშნული არწივიდან 11 სხვადასხვა მიზეზების გამო დაიღუპა. სტატისტიკა მეტად დრამატულია და ჩვენი მხრიდან დაუყოვნებელ ქმედებებს მოითხოვს“, – აცხადებენ ბუნების კონსერვაციის საზოგადოება „საბუკოში“.
ბოლო 15 – 20 წლის განმავლობაში საქართველოში მობუდარი ბექობის არწივების რიცხვი 55-დან 17 წყვილამდე შემცირდა.
არწივების შემცირების მიზეზი ბუდობის დროს ადამიანის მიერ საბუდარი ხეების თუ ელექტრო გადაცემის ბოძების მოჭრა, ბუდიდან კვერცხების და მართვეების ამოყვანა, მოწამვლა, ძლიერი უამინდობის შედეგად ბუდის ჩამონგრევაა.