5-07-2019
ქარელის ვიცე-მერი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ნუგზარ დაბრუნდაშვილმა გუშინ საღამოს მიიღო.
მისი თქმით, თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა:
,,რატომ წავედი სამსახურიდან, ეს უკვე ჩემი საქმეა. მივდივარ სახლში" - განაცხადა ნუგზარ დაბრუნდაშვილმა.
უკავშირდება თუ არა მისი გადადგომა ძამას ხეობაში განვითარებულ მოვლენებს, ამის თაობაზე, ნუგზარ დაბრუნდაშვილმა საუბარი აღარ ისურვა.
ქარელის მერი ზაზა გულიაშვილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
ის გუშინ სასულიერო პირებთან შეხვედრას აპირებდა.
ქარელის ვიცე მერმა გადაცემა "ქართლის სტუდიაში" სტუმრობისას განაცხადა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ხეობა ათობით ოჯახმა დატოვა.
ამის მიზეზი კი სასულიერო პირების მიერ, ადგილობრივ მცხოვრებლებზე განხორციელებული ზეწოლაა.
ქარელის ხელისუფლების მაღალჩინოსანი ამბობს, რომ სასულიერო პირები ადგილობრივებს არამარტო რელიგიური, არამედ სხვა ნიშნითაც დევნიან.
აჭარელი ეკომიგრანტები, რომლებმაც ხეობა სასულიერო პირების სავარაუდო შევიწროვების შედეგად დატოვეს, მუსლიმები არიან.
ვიცე მერი საკუთარ პოზიციას იმ რეალობით ამყარებს, რა რეალობაც გვერძინეთის სკოლაშია.
კერძოდ, აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში 3-4 წლის წინ თუ 60 ბავშვი სწავლობდა, ახლა მათი რიცხვი მხოლოდ 11-ს აღწევს.