გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან დავითაშვილი და ნათია თურნავა კახეთში ფერმერებსა და სასტუმროს მეპატრონეებს შეხვდნენ

6-07-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კახეთში, ქალაქ გურჯაანში ტურიზმისა და აგროსექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის წინაპირობა იყო კახეთის კერძო სექტორის თხოვნა, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს მათთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია, თუ რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს მთავრობა რუსეთიდან პირდაპირი ავიაფრენების შეჩერების შემდეგ. შეხვედრას ორგანიზება გაუწია კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი და სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

შეხვედრას 200-მდე ადგილობრივი მეწარმე დაესწრო, რომელთა საქმიანობაც, მეტნაკლებად, რუსეთთან არის დაკავშირებული. მათ შორის იყვნენ ღვინის კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც წარმოებული პროდუქციის დიდ ნაწილს რუსეთის ბაზარზე ყიდიან, აგრეთვე ღვინის ტურიზმის ობიექტების - ღვინის მარნების მფლობელები, რომელთა სტუმართა დიდი ნაწილი რუსეთიდან ჩამოსული ტურისტები იყვნენ.


შეხვედრას ასევე დაესწრნენ სხვა აგროკულტურების, მათ შორის, ატმის ექსპორტიორებიც რუსეთის ბაზარზე.

შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი, რათა მოხდეს საქართველოსა და რუსეთს შორის ვითარების ნორმალიზება, რათა დანაკარგი, რომელიც საქართველოს შეიძლება მიადგეს, კიდევ უფრო მეტად არ გაიზარდოს და ქართულმა პროდუქციამ რუსეთის ბაზარი არ დაკარგოს.

გარდა ამისა, გამომსვლელთა უმრავლესობა მთავრობის წევრებს სთხოვდა აქტიურ ქმედებას, რათა ინფორმაცია საქართველოში არსებული სტაბილური ვითარების შესახებ გავრცელდეს არა მხოლოდ რუსეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. „საქართველო მხოლოდ რუსთაველის გამზირი არ არის“, - აღნიშნეს მათ.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ მცირე საოჯახო სასტუმროების მფლობელებიც, რომლებიც ღვინის ტურიზმში აქტიურად არიან ჩართული. აღინიშნა, რომ ტურიზმის ეს მიმართულება კახეთში დიდ აღმავლობას განიცდის, რაზეც მეტყველებს ახალი ღვინის სასტუმროების გახსნა რეგიონში, თუმცა შექმნილი ვითარება, განსაკუთრებით, რუსი ტურისტების მხრიდან ჯავშნების გაუქმება მნიშვნელოვნად დააზარალებს აღნიშნულ სექტორს. სასტუმროების მეპატრონეთა განცხადებით, მათ უკავშირდებიან პოტენციური ტურისტები რუსეთიდან და ინტერესდებიან საქართველოში ჩამოსვლის ალტერნატიულ გზებზე.

"ვიმედოვნებ, რომ რუსეთი სავაჭრო ემბარგოს არ დააწესებს", – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა. 

ლევან დავითაშვილის განმარტებით, რუსეთთან დღეს არსებული სავაჭრო ურთიერთობები წლების განმავლობაში მიღწეული მუშაობის შედეგია და ამ მიმართულებით ხელისუფლება პრაგმატულ პოლიტიკას გააგრძელებს.

"ვფიქრობ, რუსეთთან მიღწეული პროგრესი იქნება შენარჩუნებული. ჩვენმა ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ შეგვიძლია პრაგმატული პოლიტიკის გატარება. ჩვენ შევძლებთ სავაჭრო ურთიერთობების გაგრძელებას, მათ შორის ღვინის სფეროში, საკმაოდ მნიშვნელოვანია აგროსასურსათო საექსპორტო პროდუქტი. საკმაოდ მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობები იყოს პრაგმატული კავშირზე დაფუძნებული, ემოციებისგან დაცლილი და ექსპერტული. იმედია რუსეთის ფედერაციისგანაც მივიღებთ პასუხებს და მათი მხრიდანაც პროცესი ადეკვატურად იქნება აღქმული", - განაცხადა დავითაშვილმა.

შეხვედრის დასასრულს მთავრობის წარმომადგენლებმა შეკრებილ მეწარმეებს გააცნეს ქვეყნის მთავრობის ხედვა, როგორ გეგმავენ ისინი შექმნილი რთული ვითარებიდან გამოსვლას. აღინიშნა, რომ ხელისუფლება იმოქმედებს მხოლოდ იმ მოთხოვნებიდან გამომდინარე, რომელიც კერძო სექტორს გააჩნია ამ კუთხით, რათა მათ შორის, რუსეთთან ეკონომიკური ვითარების ნორმალიზების მიმართულებით.