გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სვანეთში ძველი წელთაღრიცხვის მერვე-მეექვსე საუკუნეებით დათარიღებული ნამოსახლარი აღმოაჩინეს

8-08-2019

სვანეთში, სოფელ ბოგრეშში ძველი წელთაღრიცხვის მერვე-მეექვსე საუკუნეებით დათარიღებული ნამოსახლარი აღმოაჩინეს.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის, კათედრის პროფესორ ზვიად კვიციანის განცხადებით, სოფელ ბოგრეშში იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე, სადაც გათხრები ჯერ კიდევ 1979 წელს დაიწყო, ბოლო დღეების განმავლობაში აღმოჩენილია ძველი წელთაღრიცხვით დათარიღებული ნამოსახლარი. მათ შორის იატაკი, ასევე ორნამენტებიანი კერამიკა, რომლითაც ნამოსახლარის თარიღი დგინდება.


არქეოლოგი ზვიად კვიციანი ასევე ყვება, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში სოფელ ბოგრეშში ამ ტერიტორიაზე გასულ წლებში აღმოჩენილი იყო სხვადასხვა არტეფაქტი და ტერიტორია ბოგრეშის სამაროვანად მიიჩნეოდა, თუმცა პირველი აგვისტოდან ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო არქეოლოგიური გათხრები და ნამოსახლარი დადასტურდა.


„ძეგლი მდებარეობს მესტიის მუნიციპალიტეტის, იფარის თემის სოფელ ბოგრეშში. 1979 წელს მესტია-უშგულის გზის გაფართოების დროს აღმოჩენილ იქნა თიხის ჭურჭელი და ამ თიხის ჭურჭელში არსებული ბრინჯაოს ხანის არტეფაქტები, სამაჯურები, მძივები, სატევრები, შუბის პირი და რამდენიმე ნივთი. 1979 წლიდან ეს ადგილი მიიჩნეოდა, როგორც ბოგრეშის სამაროვანი, მაგრამ 2012 წელს, როდესაც ჩავატარეთ გათხრები, აღმოჩნდა, რომ სამაროვანი არის გვიანი შუა საუკუნეების ზედა ფენა და ქვემოთ სავარაუდოდ, იყო ნამოსახლარი, თუმცა ზუსტი პასუხი ამაზე არ გვქონდა, სანამ არ გაითხრებოდა აღნიშნული ფართობი. წლევანდელმა გათხრებმა აჩვენა, რომ ეს არის ნამოსახლარი და არა სამაროვანი, ძველი წელთაღრიცხვის მერვე-მეექვსე საუკუნეებისაა, შემორჩენილია იატაკი, კერამიკა ორნამენტირებული, რომელიც ათარიღებს, შემორჩენილია სახურავიც ამ შენობის, ძელები, ნახანძრალია, ხანძრისგან განადგურებულია. ბოგრეშის ამ ნამოსახლარის სახით მესტიის მუნიციპალიტეტს შეემატა კიდევ ერთი წინარე ანტიკური ხანის გორა ნამოსახლარი, ორი ასეთი გორა ნამოსახლარი არის აღმოჩენილი ხაიშის ცენტრში. ეს ნამოსახლარი ამ დღეებში დადასტურდა. 15 ივლისიდან დაიწყო არქეოლოგიური სამუშაოები, მაგრამ ინტენსიურად დაიწყო პირველი აგვისტოდან. ახლა ვცდილობთ მასშტაბების ადა ამ ნაგებობის ხასიათი დავიჭიროთ, მაგრამ ძალიან რთული სამუშაოა ორმეტრნახევრის სიღრმეშია და ამხელა მიწის საფარის გადაყრა ძალიან რთული და შრომატევადია“, – აცხადებს ზვიად კვიციანი.


არქეოლოგის განცხადებით, სამუშაოები ტერიტორიაზე ამ დროისთვისაც ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.



https://1tv.ge