გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

საგამოძიებო სამსახური: გახსნილი და მხილებულია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი დანაშაულებრივი სქემა

13-08-2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ახორციელებს ეფექტურ ღონისძიებებს ფულად-საკრედიტო სისტემაში დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით. ამ საქმიანობის ფარგლებში,

"დაწყებულია გამოძიება 9 სისხლის სამართლის საქმეზე 53 პირის მიმართ და გახსნილი და მხილებულია ფართომასშტაბიანი დანაშაულებრივი სქემა
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტებზე. 

უწყებამ ამ ეტაპისათვის საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინა და თავიდან აიცილა 100 მილიონი ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა და შესაბამისად, თავიდან იქნა აცილებული ამავე ოდენობის ზიანის მიყენების საფრთხე სახელმწიფო ბიუჯეტისათვის. 

ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში, 9 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ასეულობით საგამოძიებო მოქმედების, მათ შორის მოწმეთა გამოკითხვით, ამოღებით, ჩხრეკით, ფარული საგამოძიებო მოქმედებით და სხვა ღონისძიებების შედეგად, მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 53 პირის მიმართ, მათ შორის დღეის მდგომარეობით პატიმრობაში იმყოფება 38 პირი. პასუხისგებაში მიცემულ პირთა უმრავლესობა სხვადასხვა კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელია, ხოლო ნაწილი - კომპანიების ფაქტობრივი მმართველი. 

გამოძიებით დადგენილია, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღებისა და არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულებს საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში, რეგისტრირებული ჰქონდათ კომპანიები, რომელთა სახელითაც ახორციელებდნენ უსაქონლო ოპერაციებს, რა დროსაც ისინი აყალბებდნენ დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურებს. ასევე, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, იქმნიდნენ ყალბ აქტივს დამატებული ღირებულების გადასახადში. 
დღგ-ს დაბრუნების სისტემაში სახელმწიფოს აქვს კონტროლის ქმედითი მექანიზმი. სწორედ ამ მექანიზმისთვის თავის არიდების მიზნით, შემუშავდა დანაშაულებრივი სქემა, რომლის მეშვეობითაც კომპანიები შექმნილ ყალბ აქტივებს იყენებდნენ მათ მიერ საქართველოში იმპორტირებული საქონლის, ძირითადად ნავთობპროდუქტების განბაჟებისათვის განკუთვნილი გადასახადების და მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებების დასაფარად.

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად, გამოყენებული აქტივის ოდენობა ათეულობით მილიონი ლარია. 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების და ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, დაყადაღდა ბრალდებულების და მათთან დაკავშირებული პირების უძრავ-მოძრავ ქონება და საბანკო ანგარიშები. ამოღებული იქნა მილიონ ლარზე მეტი ნაღდი ფული და დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის ნაკეთობები.

საქმეზე გრძელდება ინტენსიური გამოძიება ამ და სხვა დანაშაულებრივ სქემებში მონაწილე შესაძლო დამნაშავე პირთა გამოვლენა-მხილების მიზნით.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3, 210-ე მუხლის მე-2, 218-ე მუხლის მე-2 და 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

აქვე გაცნობებთ, საგამოძიებო უწყებების კოორდინირებული მუშაობის ფარგლებში, პარალელურად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობს გამოძიება, ზემოაღნიშნულ დანაშაულებრივ სქემაში შესაძლო მონაწილე საჯარო მოხელეთა გამოვლენის მიზნით. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დღგ-ს აქტივის საბაჟოში ჩათვლისთვის გადასახადის გადამხდელს არ სჭირდება შემოსავლების სამსახურის თანამდებობის პირთან ფიზიკური კონტაქტი, ჩათვლა ხორციელდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ანტიკორუფციული სამსახური ასევე სწავლობს საჯარო მოხელეები უშუალოდ იყვნენ ჩართულნი ამ დანაშაულებრივ სქემაში, თუ მათი დანაშაულებრივი გულგრილობის შედეგად გახდა შესაძლებელი მისი ჩადენა.
ამასთანავე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში დანიშნულია საინფორმაციო-ტექნოლოგიური და კომპიუტერული ექსპერტიზები, რომელთა შედეგების მიხედვით შესაძლებელი იქნება მსჯელობა კონკრეტულ საჯარო მოხელეთა პასუხისმგებლობის შესახებ.

საგამოძიებო სამსახური, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება დანაშულის ჩამდენი ყველა პირი, რომელმაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებით მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სახელმწიფო ბიუჯეტს"-აცხადებენ უწყებაში.