გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მარტვილის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ახალი შენობა გადაეცა

24-08-2019

მარტვილის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ახალი შენობა გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.


მათი ინფორმაციით, დღეიდან მარტვილის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი მუშაობას ახალაშენებულ ცენტრში განაგრძობს. ადმინისტრაციული შენობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორ ალექსანდრე მოწერელიასთან და მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარ დეპუტატ ოთარ დანელიასთან ერთად გახსნა. ჯანდაცვის მინისტრი პერსონალს პირადად გაესაუბრა და მათ სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო.


„საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული ფართი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული. ოფისი სრულად არის აღჭურვილი საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. სამედიცინო სახარჯი მასალის შენახვისთვის სპეციალური ოთახია გამოყოფილი. შენობის გარე პერიმეტრი კი სპეციალურად სასწრაფოს ავტოპარკის განსათავსებლად არის მოწყობილი. ამ დრომდე, მარტვილის სასწრაფო სამედიცინო დახმარება ერთ-ერთი კერძო შენობის ორ ოთახში იყო განთავსებული, სადაც თანამშრომლებისთვის ღირსეული სამუშაო და მოსასვენებელი პირობები არ არსებობდა.


საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.


დღეისთვის, ახალ შენობებში განთავსებულია ფოთის, ბორჯომის, ხონის, ქობულეთის, საჩხერის, ახალციხის, თელავის, ჩოხატაურისა და აბაშის რაიონული სამსახურები“, - აღნიშნულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.