გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ქვეშეთი -კობის შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობა 370 მლნ ევროთი დაფინანსდება

27-08-2019

აზიის განვითარების ბანკთან (ADB) წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებების შედეგად, 27 აგვისტოს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და აზიის განვითარების ბანკის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში იეშიმ ელჰან კაიალარიმ ხელი მოაწერეს ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ქვეშეთი-კობის შემოვლითი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობის დაფინანსების თაობაზე სასესხო შეთანხმებას.
სასესხო შეთანხმების საფუძველზე, აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთვის გამოყოფს, დაახლოებით, 370 მლნ ევროს ოდენობის გრძელვადიან ფინანსურ რესურსს, რომელიც მოხმარდება ქვეშეთსა და კობს შორის 23-კილომეტრიანი ორზოლიანი შემოვლითი გზის, 6 ხიდისა და, ჯამში, დაახლოებით, 10.5 კილომეტრი სიგრძის 5 გვირაბის მშენებლობას. შეგახსენებთ, რომ, პროექტის მიხედვით, ყველაზე გრძელი გვირაბი 9 კმ-ის სიგრძისაა და ამიერკავკასიაში არსებულ გვირაბებს შორის ყველაზე მასშტაბური იქნება.

“ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის განმტკიცებისათვის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვს. პროექტი მნიშნელოვანი წინაპირობა იქნება რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის. იგი გააჩენს ახალ პერსპექტივებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის რეგიონში ახალი ეკონომიკური საქმიანობის წამოსაწყებად.

მადლობას ვუხდი აზიის განვითარების ბანკს აღნიშნული პროექტის მხარდაჭერისათვის," - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ.


“მაღალი ხარისხის საგზაო ქსელი, რომელიც საქართველოში რეგიონებსა და ბიზნესებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებთან დააკავშირებს და ეროვნული და რეგიონული ღირებულებების ჯაჭვში ჩართავს, მეტისმეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის ზრდისა და განვითარებისთვის. მოხარული ვართ, რომ ხელს ვუწყობთ საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნებში მთავარი სატრანსპორტო და სავაჭრო გზების გაფართოებას,” - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში იეშიმ ელჰან კაიალარმა.


საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შესრულებული პროექტის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზრდება ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი ჩრდილო-დასავლეთის მაგისტრალის მიმართულებით, რადგან ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა მთელი წლის განმავლობაში ნებისმიერ კლიმატურ პირობებში უზრუნველყოფს უსაფრთხო საავტომობილო მოძრაობას და დაახლოებით ერთი საათით შეამცირებს გზას დედაქალაქიდან სტეფანწმინდამდე. პროექტი მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის, გაჩნდება ახალი ეკონომიკური საქმიანობის წამოწყების შესაძლებლობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის.


პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.


აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი დონორი საფინანსო ინსტიტუტია, რომლის მხარდაჭერით ქვეყანაში ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები მუნიციპალური და ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ასევე, განსაკუთრებით აღსანიშნავია ბანკის მონაწილეობა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის მიმართულებით.