გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები წალენჯიხელი მეწარმისგან

3-09-2019

52 წლის წალენჯიხელი დათო მოსიძე ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებს რამდენიმე წელია ამზადებს. მასალად სხვადასხვა ჯიშის ხის მერქანს, ძირითადად, თუთას, ურთხმელს და კაკალს იყენებს. პროფესიით ინჟინერ - მშენებელი გვიყვება, რომ საკუთარი საქმიანობისთვის მასალის მოსაპოვებლად ხეებს არ ჭრის. 


"მთავარია, რომ ამ პროდუქციის დასამზადებლად ხე არ იჭრება, ბუნება ჩვენ მას უფასოდ გვჩუქნის. დავდივარ ტყე - ტყე, ხან მდინარე ჭანისწყალი გამორიყავს ხის მორებს, ხან მეზობელმა გააკეთა რემონტი და მაჩუქა ხის ბუნებრივი მასალა",- გვიყვება დათო მოსიძე.


მშობლიურ სოფელში 2002 წელს დაბრუნდა, როცა ადგილობრივი ამბულატორია დააპროექტა. ამბობს, რომ პროფესიულმა გამოცდილებამ საქმიანობაში ხელი შეუწყო. 

"მშობლების გამო მომიწია აქ ჩამოსვლა და თან ჩემს საყვარელ საქმესაც დავუბრუნდი. მანამდე კი გადაწყვეტილი მქონდა საზღვარგარეთ წასვლა", - გვითხრა მან.


ამჟამად მთელი დღეს სახლის ეზოში მოწყობილ სახელოსნოში ატარებს, სადაც ხისგან 8 სახეობის ნაკეთობას ამზადებს. როგორც თვითონ გვითხრა, უკვე 100- მდე ასეთი სათამაშო დაამზადა.


"ეს არის ფაზლის ტიპის სათამაშოები, ეკოლოგიურად სუფთა, ლაქზე და საღებავზე უარს ვამბობ, არანაირ ქიმიურ შენაერთებს არ ვიყენებ. მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი ხე, რომ ბავშვებისთვის იყოს უვნებელი. ასევე, ამ დაშლილი სათამაშოს დეტალებს ასაწყობად ვათავსებ ხის ყუთში და მოზარდს შეუძლია ააწყოს. დამერწმუნეთ ეს უფრო მოსწონთ. მაგალითისთვის, მოზარდს შეუძლია ააწყოს სატვირთო მანქანა, მთელი თავისი ატრიბუტიკით, ბენზინგასამართი სადგურით. ასევე დამზადებული მაქვს ამწე, სატვირთო მანქანა და სარაკეტო დანადგარიც", - ამბობს ოსტატი. 


მეწარმის თქმით, პროდუქციის რეალიზაცია არ უჭირს. ამისთვის ონლაინ სივრცეს იყენებს.

"მაქვს ჩემი ვებ-გვერდიც. ბუნებრივია, კონკურენცია ბაზარზე დიდია, მაგრამ მე ჩემი ნიშა უკვე დავიმკვიდრე. ძირითადად, მოზარდ ბიჭუნებს მოსწონთ სამხედრო თემატიკის სათამაშოები. რაც შეეხება ფასს, ყუთიანად 20 ლარი ღირს".


დათო მოსიძე 2015 წელს, პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, 5 000 ლარით დაფინანსდა და საკუთარ სახლში მცირე სახელოსნო გახსნა. მეწარმის მიზანია, თავისი საქმიანობა მომავალ თაობასაც შეასწავლოს და საწარმოო გააფართოვოს.

რადიო "ათინათი"