23-09-2019
"ქრონიკის" ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში სამართალდამცველებმა "კახური ტრადიციული მეურნეობის" ქარხნის სასწორზე კუსტარულად დამზადებული მოწყობილობა იპოვეს, რომელიც მევენახეებისგან ყურძნის ჩაბარების დროს წონას ხელოვნურად ამატებდა.
მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ, 23 სექტემბერს პოლიცია იყო მობილიზებული. ყვითელი ლენტით სასწორი შემოსაზღვრეს, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. სწორედ სამართალდამცველებმა იპოვეს სპეციალური მოწყობილობა, რომლითაც ღვინის მწარმოებელ კომპანიას ზარალი მიადგა. ამ მიზეზით ღვინის კომპანია რამდენიმე საათის განმავლობაში გუშინ პარალიზებული იყო. დღეს დილიდან კი ქარხანამ ყურძნის ჩაბარების პროცესი ისევ განაახლა.
"ქრონიკის" მიერ მოპოვებულ ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებამ მომხდარზე გამოძიება თაღლითობის მუხლით დაიწყო, რაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან მოტყუებით ქონებრივი უფლების მიღებას გულისხმობს.
ძალოვან უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე ჯერ არავინ დაუკავებიათ და მიმდინარეობს გამოძიება.