26-09-2019
„ჩვენ მივაღწიეთ ძალიან დადებით შედეგს. პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რომ მეშახტეების გაფიცვა შეწყდა. პრაქტიკულად, დღეიდან, ინვესტორი კომპანია, რომელიც ტყიბულში შემოდის, საქმიანობას განაახლებს, მეშახტეებთან ერთად დაიწყებს შახტაში ჩასვლას და არსებული ვითარების შესწავლას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტყიბულში, გაფიცულ მეშახტეებთან და კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, კომპანია მზად არის, რომ ორშაბათს სახელფასო დავალიანება გაისტუმროს. გარდა ამისა, კომპანიამ ვალდებულება აიღო, გაისტუმროს გარკვეული სოციალური გადასახადები, მათ შორის დაზარალებული ოჯახებისთვის.
ამასთან, ნათია თურნავას ინფორმაციით, ნოემბრის დასაწყისში ქვანახშირის მოპოვება აღდგება. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაჟღერდა გეგმა - პრაქტიკულად, ერთ თვეში, ნოემბრის დასაწყისში აღდგეს ქვანახშირის მოპოვება და ეს არის ძალიან დამაიმედებელი, რადგან ერთ წელზე მეტია, შახტა გაჩერებულია. უახლოესი 2 წლის განმავლობაში მოხდება შახტების, მოპოვების გაფართოება, გადაიარაღება და ახალ ნიშნულებზე ასვლა“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.