23-10-2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზეგავლენით ვაჭრობისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გიორგი გ. და ქარელის მერის წარმომადგენელი დირბის ადმინისტრაციულ ერთეულში სოსლან ქ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გიორგი გ. მოქალაქეს დაჰპირდა, რომ 2000 ლარის სანაცვლოდ ქარელის მერის წარმომადგენელს დირბის ადმინისტრაციულ ერთეულში სოსლან ქ-ს საქონლის შეძენის დამადასტურებელ ცნობაში შეატანინებდა ყალბ მონაცემებს მასზედ, რომ თითქოსდა სოფელ დირბის მაცხოვრებელმა თავის მიწის ნაკვეთზე მოყვანილი 20 ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქტი აღნიშნულ მოქალაქეს მიჰყიდა.
2019 წლის 23 ოქტომბერს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა მოქალაქეს აღნიშნული ცნობა გადასცა და მის მიერ მოთხოვნილი 2000 ლარი აიღო, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.
გამოძიება ზეგავლენით ვაჭრობისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 339-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 341 მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინების თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 5 წლამდე.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.