1-11-2019
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ყობში 19-წლიანი ლოდინის შემდეგ ელექტროენერგია ჩაირთო. სოფელს დენი ათწლეულები არ მიეწოდებოდა.
Qartli.ge-მ ამასთან დაკავშირებით მასალა 2 კვირის წინ მოამზადა, სოფელში მცხოვრები ბოსიკოვების ერთადერთი ოჯახი დახმარებას ითხოვდა.
გენადი ბოსიკოვბი, მეუღლესთან სვეტლანა თიგიშვილთან ერთად სოფელში მარტო ცხოვრობს.
ყობში მომზადებული Qartli.ge-ს სიუჟეტის შემდეგ იქ USAID-ის წარმომადგენლები მივიდნენ და მზის ბატარიები დადგეს. 31 ოქტომბერს
კი ბოსიკოვებმა ნათურა აანთეს.
„გუშინ იყვნენ მოსულები USAID-ის წარმომადგენლები , დადგეს მზის ბატარიები და დენი მოვიდა, ახლა წყლის საქაჩსაც ჩავრთავ და სასმელი წყის მოტანა სოფელ აბანოდან აღარ მომწიევს, რომელიც 3 კილომეტრით არის დაშორებული ყობთან. ტრაქტორის მოვიდა, მიწა დავამუშავე და ხორბალი დავთესე“- უთხრა Qartli.ge-ს გენადი ბოსიკოვმა.
ყობს ჩრდილოეთიდან ოკუპირებული წნელისი ესაზღვრება, სამხრეთით კი სოფელი წაღვლი, აქვეა ჩორჩანაც, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგუშაგო დადგა. სწორედ ამან გააღიზიანა დე-ფაქტო რეჟიმი და ტერიტორიაზე ვითარება დაიძაბა. ბოსიკოვები ბოლო პერიოდში გენერატორსაც ვერ რთავდნენ, რადგან დიდი ხმა აქვს.
,,ღამე ისეთი სიჩუმე ჩამოვარდება გარშემო, წნელისში რასაც ლაპარაკობენ, აქ ისმის. გენერატორს ვეღარ ვრთავთ, რომ შუქი გვქონდეს. ძალიან ხმამაღალზე მუშაობს, ღამე განსაკუთრებით. რაც ეს გზების გაყვანა დაიწყეს, ვერიდებით გენერატორის ჩართვას. შუქი არ გვაქვს. შარშან მზის ბატერიებს დაგვპირდნენ, მაგრამ დღემდე არ ჩამოუტანიათ“ - გვითხრა სვეტლანა თიგიშვილმა.
Qartli.ge-ს ჟურნალისტებს არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები უსაფრთხოებიდან გამომდინარე სოფელ ყობში არ უშვებდა, თუმცა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებმა შეძლეს და სოფელში შევდინენ. სწორედ ამის შემდეგ მოხდა ყობში დენის მიყვანა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელში დენი 2001 წლიდან არ მიეწოდებოდათ.