გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მთავრობამ, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის განკარგულება გამოსცა

12-03-2020

საქართველოს მთავრობამ, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ განკარგულება გამოსცა.

განკარგულების საფუძველზე, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად და მის წინააღმდეგ ერთიანი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, სამსახურში ორი კვირის განმავლობაში არ უნდა გამოცხადდეს საჯარო დაწესებულების ის თანამშრომელი, რომელიც განკარგულების ძალაში შესვლამდე ბოლო შვიდი დღის განმავლობაში, ძალაში შესვლის დროისთვის ან შემდეგ იმყოფებოდა კორონავირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნებში - ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანში, ავსტრიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, და ესპანეთში, ან მოემგზავრება ამ ქვეყნების გავლით საქართველოში.

განკარგულების საფუძველზე, აღნიშნულმა პირმა ორკვირიანი პერიოდი უნდა გაატაროს თვითიზოლაციის წესების დაცვით. განკარგულების მიხედვით, ორკვირიან თვითიზოლაციას ექვემდებარება ასევე მოქალაქე, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა იმ პირთან, რომელსაც დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი,

მოქალაქე ვალდებულია, სამსახურში გამოუცხადებლობის მიზეზისა და რისკჯგუფში შემავალ პირთან კონტაქტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს დამსაქმებელი დაწესებულების უფლებამოსილ სამსახურს, ან თანამდებობის პირს, გადავიდეს თვითიზოლაციის რეჟიმში და შესაძლებლობის შემთხვევაში სამუშაო შეასრულოს დისტანციურად, უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესაბამისად.

საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა უნდა უზრუნველყონ მათ დაქვემდებარებულ საჯარო დაწესებულებებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში ჯანმრთელობის დაცვის პროტოკოლების, რეკომენდაციებისა და ჰიგიენის წესების დაცვა.

განკარგულების მიხედვით, იზღუდება სამსახურებრივი მივლინებები, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა.

დასაქმებულმა პირებმა მწვავე რესპირაციული დაავადების სიმპტომის არსებობის შემთხვევაში უნდა მიმართონ ექიმს, აგრეთვე აცნობონ დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ სამსახურს, ან თანამდებობის პირს, თუ საჭიროა თვითიზოლაციის რეჟიმში გადასვლა.

ეპიდემიური საფრთხის შემცირებამდე იზღუდება დაწესებულების მიერ საჯარო ღონისძიებების ორგანიზება გარეშე პირთა მონაწილეობით;

დაწესებულებების ხელმძღვანელებმა უნდა უზრუნველყონ დაწესებულებებში გარეშე პირთა დაშვებისა და გადაადგილების მაქსიმალური შეზღუდვა-რეგულირება.

საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა უნდა განსაზღვრონ დაწესებულებების თანამშრომლების ის ნაწილი, რომელიც დროებით გადავა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე. კერძოდ, ის თანამშრომლები, რომელთა საქმიანობაც განსაკუთრებულად არ საჭიროებს სამუშაო ადგილზე ყოფნას და დისტანციურად შეასრულებენ სამუშაოს.

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადასვლა არ ნიშნავს სამუშაო საათების შემცირებას ან თანამშრომელთა შვებულებაში ყოფნას. საჭიროების შემთხვევაში, დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადასული თანამშრომელი სამსახურში მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ, არა უგვიანეს 1 საათისა უნდა გამოცხადდეს. ცნობად იქნება მიღებული, რომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს უნარჩუნდება შრომის ანაზღაურება.

საბიუჯეტო ორგანიზაციებმა, დაწესებულებებმა და უწყებებმა უნდა უზრუნველყონ, ამ განკარგულების გათვალისწინებით, შიდაუწყებრივი სხვა დამატებითი ღონისძიებების განსაზღვრა, ასეთი საჭიროების შემთხვევაში.

განკარგულების მიხედვით, რეკომენდაცია ეძლევა ყველა პირს, მათ შორის, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, იხელმძღვანელონ ამ განკარგულებით გათვალიწინებული დებულებებით.