გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ცხინვალში ჯაშუშობის ბრალდებით სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი დააკავეს

26-12-2025

საქართველოს მოქალაქე, რომლის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავების შესახებ ინფორმაცია ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედმა ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა, სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილია, — ამის შესახებ ინფორმაციას Эхо Кавказа ავრცელებს.


სხვა მედიასაშუალების, Кавказский узел-ის ცნობით, დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე მეარაყიშვილმა მეგობრებს აცნობა, რომ ცხინვალში მდებარე მის ბინაში უცნობი პირები შევიდნენ. ამის შემდეგ მასთან კავშირი გაწყდა, რაც ახლობლებისა და უფლებადამცველების შეშფოთების მიზეზი გახდა.


ე.წ. პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულ პირს ბრალად ედება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ყოფნისას “რესპუბლიკისთვის“ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტებზე ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება. უწყების მტკიცებით, ეს ქმედებები უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდა.


გამოძიება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ჯაშუშობას ეხება და 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავებული იზოლაციაში იმყოფება, ხოლო საგამოძიებო ორგანოები შესაძლო თანამონაწილეების გამოვლენაზე მუშაობენ. დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ გავრცელებულა.


მეარაყიშვილი ალან გაგლოევის დე ფაქტო რეჟიმის მიმართ ღიად კრიტიკულად განწყობილი აქტივისტია. ბოლო დღეებში მან განაცხადა, რომ 23 დეკემბრიდან შიმშილობას იწყებდა, რათა გაეპროტესტებინა, მისი შეფასებით, ძალაუფლების თვითნებური გამოყენება, საჯარო სამსახურისა და შრომის კანონმდებლობის დარღვევა და საკუთარი უფლებების სრული იგნორირება. იგი დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევსა და თვითგამოცხადებული პარლამენტის თავმჯდომარე ალან მარგიევს შეხვედრას სთხოვდა.


საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ ცნობა გავრცელდა სოფელ ერგნეთში გამართული ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრის დასრულების შემდეგ.


ბოლო წლების განმავლობაში მეარაყიშვილი აქტიურად აკრიტიკებდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ კორუფციას, ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ხარვეზებსა და სოციალურ პრობლემებს. მისმა საჯარო განცხადებებმა იგი ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო კრიტიკულ ხმად აქცია ცხინვალში, სადაც დამოუკიდებელი სამოქალაქო აქტივიზმი მკაცრი კონტროლის პირობებში მოქმედებს.


jam-news.net