11-04-2020
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის ტერიტორიაზე, თანამედივე საწარმო "ჯორჯიან მეტალი" შენდება. საწარმო ერთ-ერთი პირველი იქნება რეგიონში, რომელიც რკინის მადნიდან, მაღალი ხარისხის პროდუქტის, არმატურის წარმოებას დაიწყებს.
სამშენებლო პროცესს პარლამენტის წევრი, ზესტაფონის მაჟორიტარი შალვა კიკნაველიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.
"ჩვენ, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, დღეს განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფებით. ამ რეალობაში ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ხელისუფლება, როგორც ყოველთვის, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს როგორც ბიზნესს, ასევე მოქალაქეებს ეპიდემიის შემდგომი კრიზისის დროულად და ეფექტურად დასაძლევად"- განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.
ახალი საწარმო, სამშენებლო ინდუსტრიისთვის 600 ათას ტონამდე პროდუქციის წარმოებას გეგმავს, რომლის რეალიზაციას, საქართველოს გარდა, რამდენიმე ქვეყანაში განახორციელებს.
ქარხნის მშენებლობაზე ამჟამად 50-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, ამოქმედების შემდეგ კი საწარმოში დაახლოებით 550 ადამიანი დასაქმდება.
მშენებლობის დასრულება 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება.