13-05-2020
ქუთაისის ლაბორატორიაში 134 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, ანალიზები
იმერეთის რეგიონის სამედიცინო დაწესებულებებიდან და საკარანტინო სივრცეებიდან იყო გადაგზავნილი.
იმერეთის რეგიონში არსებულ საკარანტინო სივრცეებში 211 მოქალაქე იმყოფება.
ცნობისთვის, რეგიონში კორონავირუსი 52-მა პაციენტმა დაამარცხა. გარდაიცვალა ორი. აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა მე-13 დღეა არ გამოვლენილა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 642 ადამიანი, აქედან 349 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 4600 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 413.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.