გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პაატა იმნაძე მოქალაქეებს ურჩევს, გრიპზე აიცრან, რათა კორონავირუსითა და გრიპით ერთდროულად არ დაინფიცირდნენ

18-05-2020

პაატა იმნაძე მოქალაქეებს ურჩევს, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ, რათა კორონავირუსითა და გრიპით ერთდროულად არ დაინფიცირდნენ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ეს უფრო დაამძიმებს სიტუაციას, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, მეტი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შევიძინოთ, რომ გრიპმა და კორონამ ერთდროულად არ შემოგვიტიოს. რაც მეტი ადამიანი გახდება ავად, მით მეტად დაიტვირთება სამედიცინო სისტემა. ჩვენი მიზანია, ყველაფერი გაკეთდეს, რომ ჯანდაცვის სისტემამ ყველას პატრონობა შეძლოს“, - აღნიშნა იმნაძემ.

კითხვაზე, სავალდებულო ხომ არ გახდება გრიპის აცრა, იმნაძე პასუხობს, რომ პირიქით, მსოფლიო ბაზარზე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დეფიციტია და შესაძლოა აცრის ყველა მსურველი ვერ დაკმაყოფილდეს.

„სავალდებულო კი არა, ახლა მსოფლიო ბაზარზე ისეთი დეფიციტია, ნეტავ ისინი დავაკმაყოფილოთ, ვისაც აცრა ენდომება, თუმცა რისკ-ჯგუფებისთვის ვაქცინა ყოველთვის გვექნება“, - აღნიშნა იმნაძემ.

არსებული ეპიდსიტუაციის შეფასებისას, პაატა იმნაძემ განცხადა, რომ ქვეყანაში ყველაფერი გაკეთდა, რათა პიკი მძიმე არ ყოფილიყო.

„ჩვენი პიკი იყო პატარა ბორცვი და არა - ჯომოლუნგმა, ახლა კი გადავაქციეთ თრიალეთის ქედად. კორონა არსად გაქრება, მასთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 701 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 432 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 3890 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 357. ინფექციას სულ 12 ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge