გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი გახარია: დიდი შეკრებებისგან რაღაც პერიოდი თავი უნდა შევიკავოთ, პირველ რიგში, ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი ახლობლების და მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის

15-10-2020

ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, წლევანდელი არჩევნები არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ჩვენი ქვეყნის მომდევნო 2-3 წლის პერიოდში, სამუშაო ადგილები და ეკონომიკა იქნება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით არჩევნების შემდგომ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ არის ორი განზომილება - ადამიანის სიცოცხლე და რა თქმა უნდა, ეკონომიკა.

„ამიტომ არის ჩვენთვის ძირითადი ამოსავალი წერტილი და კრიტერიუმი, როდესაც ვირუსთან ბრძოლაში გადაწყვეტილებას, ან ტაქტიკას ვიღებთ, ან ვცვლით, სწორედ ეკონომიკა. ორი განზომილებაა - ადამიანის სიცოცხლე და რა თქმა უნდა, ეკონომიკა. ამას ხომ ყოველთვის ვამბობდით. ყველა ის ნაბიჯი, მაშინაც, პირველ ეტაპზეც, პირველი ტალღის დროსაც, მძიმე ჩაკეტვები, პირველ ეტაპზე იყო ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარე. ყველას კარგად გვახსოვს, მაშინაც რამდენი საუბრები იყო და შეხედეთ დღეს საქართველოს ეკონომიკის მაჩვენებლებს, ბევრად უფრო უკეთეს ფორმაშია ვიდრე რეგიონში სხვა ქვეყნები. რატომ, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ მაშინ შევძელით, სამწუხაროდ, მძიმე ჩაკეტვით, ვირუსის სწრაფი გავრცელება და ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი აგვერიდებინა თავიდან“, - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, ჯანდაცვის სისტემა ამოუწურავი არ არის და არც ერთ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავი არ არის.

„საჭირო იყო ის ელემენტარული მზაობა, რომელიც ჩვენ დაგვჭირდა ამ რამდენიმე თვის განმავლობაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავია, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს. არც ერთი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავი არ არის. ამიტომ არის, რომ მოწოდება - პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და ელემენტარულად გაფრთხილება ჩვენი ოჯახის წევრების და ახლობლების, არის ის შესაძლებლობა, რომელიც გვაძლევს ასევე ეკონომიკის დაცვის პირობებსაც, იმიტომ, რომ სხვანაირად შეუძლებელია, თან გავაგრძელოთ ჩვენი ელემენტარული საბაზისო სოციალური ცხოვრება, ვმართოთ ვირუსი და შევინარჩუნოთ ეკონომიკის განვითარების რაღაც საჭირო მინიმალური ტემპები, რასაც ჩვენ ვცდილობთ, რომ გავაკეთოთ, ჯერ-ჯერობით გამოგვდის. ეს არ არის ჩვენი მთავრობის დამსახურება, ეს ჩვენი ყველას დამსახურებაა. სამწუხაროდ, ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ცოტა მოვდუნდით და ეს ქალაქშიც გვეტყობა, ჩვენს მოქალაქეებსაც ეტყობათ. სამწუხაროდ, ბევრი არასაჭირო მობილობაა, განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში, მაინც ბევრი დაბადების დღეები და რიტუალური ღონისძიებებია. რაღაც პერიოდი თავი უნდა შევიკავოთ, პირველ რიგში, ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი ახლობლების და მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენი ეკონომიკისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.