17-10-2020
„ჩვენი მიწა-წყალი რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შემოინახეს და მოგვიტანეს, ამის ბედის განკარგვა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა ხელისუფლებისთვის. ამ პასუხისმგებლობას თუ ვერ აცნობიერებენ, ეს დიდი დანაშაულია, ეს არის ღალატი. არ ვიცი რა მოტივაცია ჰქონოდა გამოძიებას. ჩვენ გავიგეთ, რომ საქმე ეხება უსერიოზულეს დანაშაულს, სავარაუდოდ სახელმწიფო ღალატს, ტერიტორიების გადაცემის მცდელობას. ვიცით, თუ როგორ ბინძურ ძალასთან გვაქვს საქმე, ანტიეროვნულ, ყველაფრის მკადრებელ, კრიმინალურ, მკვლელების ძალასთან“ - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია ქართულ არხზე გადაცემა „კიდობანში“ განაცხადა.
მინისტრის თქმით, დაუჯერებელია, რომ სააკაშვილის გარეშე გადაწყვეტილიყო ეს საკითხი. „სააკაშვილმა თავად თქვა, რომ დამაბრალებენ 80 მილიონი დოლარის აღებასო. საიდან მოიტანა ეს ციფრი, რატომ?! ჩვენ ასეთ სისულელეს ხომ არ ვიტყვით, არა?! „ქურდს კუდი ეწვოდაო“. რატომ პანიკობენ რა ხდება?!“- აღნიშნა მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, როცა ის პოლიტიკაში დაბრუნდა მამა კირიონის ნახვის შემდეგ საქმის კურსში აყენებს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მისი ჩართულობით ეს საკითხი ბოლომდე იქნა მიყვანილი.
„აპრილის თვეში მივიღეთ რუკების პირველი პარტია, მეორე ივლისის ბოლოს. დაახლოებით 11 – 12 დღე დაგვჭირდა იმისთვის, რომ ეს კიდევ ერთხელ გაგვეანალიზებინა და თავდაცვის სამინისტროს დასკვნა წარგვედგინა მთავარი პროკურორისთვის. ეს მოხდა 17 აგვისტოს. რა შუაშია ან ის კონფლიქტი, რომელიც რეგიონში გრძელდება?“- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია ქართულ არხზე გადაცემა „კიდობანში“.