14-03-2018
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ახმეტის მუნიციპალიტეტის მერთან იოსებ ქარუმაშვილთან ერთად ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამები გააცნო.
გიორგი მიშელაძემ მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის, რძის მწარმოებელი და მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების შესახებ ისაუბრა.
რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამა მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის (თხა, ცხვარი) დარგის კოოპერატივების ხელშეწყობას მოიცავს .
პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მესაქონლეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობა და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები გადაეცემა. პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით, ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობას მიიღებენ.
თუ კოოპერატივის ან/და მის მეპაიეების საკუთრებაში არანაკლებ 200 სული თხაა (ნეზვი), მას 12 ადგილიანი საწველი და ყველის დამამზადებელი რძის საწარმოო აღჭურვილობა გადაეცემა.
სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კოოპერატივის ვალდებულებას საწარმოს შენობა-ნაგებობის აშენება წარმოადგენს, რომელშიც განთავსდა კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში გადასაცემი დანადგარები.
მეცხვარეობის კოოპერატივებს თანადაფინანსებით ღირებულების 30%-ად, მობილური ტიპის 24 ადგილიანი საწველი აღჭურვილობის გადაეცემა, თუ კოპერატივს ან/და მის მეპაიე(ებ)ს საკუთრებაში გააჩნიათ არანაკლებ 1000 სული ცხვარი (ნერბი).
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო აღნიშნულ პროგრამაში რეგისტრაციას ვებგვერდზე წწწ.აცდა.გოვ.გე 19 მარტამდე აცხადებს.