დეპუტატის ბიურომ 2017 წლის 12 იანვარს, გამარტივებული წესით გაფორმებული ხელშეკრულებით, შპს „გდ ალკო“-სგან იყიდა 2 ბოთლი ვისკი „William Lawson“, 2 ბოთლი არაყი „Finlandia“ და 2 ბოთლი შუშხუნა ღვინო „Chinzano Asti Gran Dolce“, ტორტი კი ერთი დღის შემდეგ შპს „სვითტერია“-სგან შეიძინა. ორივე ხელშეკრულებას პირადად იოსებ მაკრახიძე აწერს ხელს.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის მაჟორიტარი წევრის ბიუროს დებულება, რომელიც 2013 წლის 7 თებერვალს არის დამტკიცებული, ბიუროსთვის გადარიცხული თანხით საკვები პროდუქტების შეძენას არ ითვალისწინებს.
იოსებ მაკრახიძე კომპანია „იბოლიას“ 40 % წილის მფლობელია, იმავე კომპანიის 15 – 15 %-ს მისი შვილები - მარიანა და ოფელია მაკრახიძეები ფლობენ. ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2017 წელს იოსებ მაკრახიძემ ბიზნესიდან 910 663 ლარის ოდენობით შემოსავალი მიიღო, 2016 წელს კი 829 319 ლარი.
საინფორმაციო ცენტრების ქსელი წერდა, რომ გორის მაჟორიტარი და მისი კომპანია „ნაციონალური მოძრაობის“ მსხვილი დამფინანსებლები იყვნენ. 2010 წელს შპს „იბოლია“-მ მაშინდელ მმართველ პარტიას 100 000 ლარი ჩაურიცხა, 2011 წელს - ასევე 100 000 ლარი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კი იოსებ მაკრახიძემ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა „ნაციონალურ მოძრაობას“ 39 000 ლარი შესწირეს.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში იოსებ მაკრახიძე „ქართული ოცნების“ შემომწირველი იყო, - სახელისუფლებო პარტიას მან 50 000 ლარი გადაურიცხა.