გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კომუნიკაციების კომისიამ ევროკავშირის მხარდაჭერით დეზინფორმაციასთან გამკლავებაში 700-ზე მეტი პედაგოგი გადაამზადა

2-12-2021

კომუნიკაციების კომისიამ ევროკავშირის მხარდაჭერით, დეზინფორმაციასთან გამკლავებაში საქართველოს მასშტაბით 44 ტრენინგი ჩაატარა და 500-მდე საჯარო სკოლის 700-ზე მეტი პედაგოგი გადაამზადა. პროექტის „დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში" ფარგლებში, ტრენინგები თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ჩატარდა. ოთხი თვის მანძილზე ტრენინგები ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, გურიის, აჭარის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების 50-მდე ქალაქსა და სოფელში ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ ტრენინგს საკუთარი ინიციატივით მასწავლებლები აფხაზეთიდან შემოუერთდნენ.


პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებმა მიიღეს ცოდნა დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის ნეგატიური ზეგავლენისა და მათგან თავის დაცვის მექანიზმების შესახებ. მასწავლებლებმა შეისწავლეს ის პრაქტიკული მეთოდები, თუ როგორ უნდა ამოიცნონ დეზინფორმაცია მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების გამოყენებით. ამასთან, სასწავლო სემინარებმა პედაგოგებს მისცა შესაძლებლობა, მიეღოთ ამომწურავი და გააზრებული ინფორმაცია ევროპული ღირებულებებისა და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესის შესახებ. ტრენინგების შედეგად, მათ განივითარეს კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების უნარები, რაც ყოველდღიურ საქმიანობაში გამოადგებათ და ტრენინგის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებას პრაქტიკაში, მოსწავლეებისთვის ცოდნის გაზიარებით გამოიყენებენ.


პედაგოგები მოწვეული ექსპერტების მიერ შემუშავებული შემოქმედებითი და ინტერაქტიული საგანმანათლებლო მოდულით გადამზადდნენ, რომელიც სპეციალურად აღნიშნული პროექტისთვის შეიქმნა. სასწავლო სემინარებს კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების ტრენერთან ერთად, მოწვეული ტრენერები, ნინო კაჟაშვილი და მანანა ჯინჭარაძე უძღვებოდნენ. სატრენინგო მოდული აგებულია სწავლების აქტუალური და თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა: კრიტიკული აზროვნება, დეზინფორმაციის იდენტიფიცირების სხვადასხვა ხერხი, ინფორმაციის ვალიდაციის მეთოდები და სხვა. მოდული პრაქტიკულ დავალებებს მოიცავდა.


შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების განვითარების მიმართულებით, კომუნიკაციების კომისიის მნიშვნელოვანი როლი და ეფექტური მუშაობა არაერთხელ იქნა აღიარებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. სწორედ მედიაწიგნიერების წარმატებული პროექტები გახდა იმის საფუძველი, რომ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის დაფინანსება კომუნიკაციების კომისიამ მიიღო. პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, 3 თვის განმავლობაში 500-მდე პედაგოგი უნდა გადამზადებულიყო, თუმცა მაღალი ინტერესისა და მოთხოვნის შესაბამისად, პროექტი ერთი თვით გაგრძელდა და ტრენინგები დამატებით 200-ზე მეტ პედაგოგს ჩაუტარდა. გამომდინარე იქიდან, რომ პედაგოგების მხრიდან პროექტში მონაწილეობის მიმართ მაღალი ინტერესი და მოთხოვნა ამ დრომდე ფიქსირდება, კომუნიკაციების კომისია აღნიშნული სასწავლო მოდულის გაგრძელებას მიმდინარე აკადემიური წლის ბოლომდე გეგმავს.