14-02-2023
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 45 პირი დააკავა. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებსა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 45 პირი დააკავეს, მათ შორის 23 ნარკორეალიზატორია.
სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
დაკავებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე, მათი პირადი, ავტომანქანების, საცხოვრებელი სახლებისა და ბინების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: "ჰეროინი", „კოკაინი“, "ალფა პვპ", "ბუპრენორფინი", „სუბოქსინი“, „ექსტაზი“, „ლსდ“, „მეტადონი“, "კეტამინი", "მეფედრონი", "მეტამფეტამინი", "მდმა", "ამფეტამინი", ე.წ. ბიო, "მარიხუანა", „ტრამადოლი“ და სხვ.
ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე და 262-ე, 273 პრიმა და 19-273 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.