გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გვაძალებენ ნორმად მივიღოთ გარყვნილება, მამათმავლობა; მთავრობა ოფიციალურად დევნის ქრისტიანებს, გამალებული დევნაა ეკლესიის მიმართ - ინტერვიუ ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერზის მთავარეპისკოპოს მეუფე მიქაელთან

4-03-2024

ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერზის მთავარეპისკოპოსს, მეუფე მიქაელს ინტერვიუსათვის რეზიდენციაში ვესტუმრეთ, რომელიც ,,აბსტეიტ ანუ ზედა ნიუ-იორკის'' ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს.


სასულიერო ცხოვრების ურთულეს გზას 50 წელზე მეტი ხნის წინ შეუდგა!


დღემდე განუზომელი და შეუდარებელია რუდუნებით გაწეული მისი ნახევარსაუკუნოვანი ღვაწლი,რომელიც მას მიუძღვის ჩრდილოეთ ამერიკის მართლმადიდებლურ ეპარქიაში, ნიუ-ჯერზისა და ნიუ-იორკის საეპისკოპოსოში განლაგებულ მართლმადიდებლურ ეკლესიებისადმი.


ოჯახში პირველი შვილი იყო. დედა დიდ დროს უთმობდა შვილის აღზრდას. ყიდულობდა და უკითხავდა პატარა ბიბლიურ ისტორიებს, თავადაც დიდი ინტერესით კითხულობდა.10 წლისა უკვე სტიქაროსანი იყო. მსახურობდა 36 სტიქაროსანთან ერთად. ერთხელაც მიტროპოლიტი ესტუმრათ. ამ დროს 16-17 წლის სტიქაროსნებისთვის მიუციათ მსახურების კურთხევა. მაშინ იფიქრა რომ ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ ემსახურა და მართლაც თავის დროზე გახდა სტიქაროსნების ხელმძღვანელი. სკოლა რომ დაამთავრა სემინარიისათვის ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო და კოლეჯში ჩააბარა. კოლეჯის დამთავრებისთანავე კი სასულიერო სემინარიაში შევიდა. მალევე დაქორწილდა კიდეც. ქორწინებიდან რამდენიმე დღეში მღვდლად აკურთხეს. სამწუხაროდ მეუღლესთან ერთად მხოლოდ 29 დღე იცხოვრა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მეუღლე ადგილზევე გარდაიცვალა თვითონ კი ორი თვის მანძილზე კომაში იყო. შემდეგ იყო დეპრესია და ურთულესი პერიოდი...


ყველაფერ ამაზე და სხვა საინტერესო საკითხებზე ვრცლად ინტერვიუდან შეიტყობთ.


- თქვენო აღმატებულებავ, დიდად გმადლობთ, რომ მიუხედავად თქვენი გადატვირთული სამუშაო გრაფიკისა დაგვთანხმდით ინტერვიუზე.
რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხით მინდა დავიწყო თქვენთან საუბარი. პირველი ის, რომ ნიუ-იორკის წმ. ნინოს ქართული ტაძარი ოფიციალურად დაარსებიდან 20 წლის გახდა, სინამდვილეში კი არსებობიდან 30 წელზე მეტს ითვლის. ტაძრის მოძღვრის მამა ალექსანდრეს ღვაწლიდან გამომდინარე იწერება წიგნი. სასურველია, რომ წიგნში მოხვდეს თქვენი მოსაზრება წმ. ნინოს პირველი ქართული ეკლესისის, მისი მოძღვრისა და მრევლის შესახებ, ასევე საქართველოს, როგორც მართლმადიდებლური ქვეყნის შესახებ. მითუმეტეს, თქვენ ბრძანდებოდით საქართველოში...


მეუფე მიქაელი - დიახ მე ვიყავი საქართველოში სამწუხაროდ მხოლოდ რამდენიმე დღით, მაგრამ მცირე დრო საკმარისი აღმოჩნდა გავცნობოდი და გარკვეული წარმოდგენა შემქმნოდა საქართველოზე და დიდებულ ქართველ ხალხზე. ვიზიტის ფარგლებში მე წარმოვადგენდი მიტროპოლიტს და წმ.სინოდს. ეს ჩემი ოფიციალური ვიზიტი იყო საქართველოში. წასვლის წინ ვიყავი ნიუ-იორკის წმ.ნინოს ქართულ ეკლესიაში და მრევლს ვუთხარი, რომ მივდივარ საქართველოში და ხომ არ დამაბარებდნენ რამეს? ასევე დავპირდი რომ ჩასვლისთანავე ქართულ მიწას ვაკოცებდი მათთვის.


საქართველოში სხვა ადგილებთან ერთად მცხეთაშიც ვიყავი წირვაზე. ეს იყო განსაკუთრებული მომენტი ჩემს ცხოვრებაში. იქ იყო პატრიარქი ილია მეორე, იქ იყვნენ უამრავი მღვდელმთავრები, სასულიერო პირები. 40-მდე სტიქაროსანი ემსახურებოდა საკურთხეველს. ისიც მახსოვს, რომ პატრიარქი ხალხს ამხნევებდა და ეუბნებოდა რომ ახალგაზრდებს შეექმნათ ოჯახები, ჰყოლოდათ შვილები და თვითონ იქნებოდა მესამე ბავშვის ნათლია.


უამრავი ხალხი იდგა წირვაზე, ბევრის თვალებში ცრემლსაც კი ვხედავდი. გულში ვნატრობდი, რომ ასეთი დასწრება წირვაზე როცა მას მიტროპოლიტი ატარებს ჩვენთანაც, აქ, ამერიკაშიც ყოფილიყო. ასევე საინტერესო იყო ის, რომ სვეტიცხოვლის ეკლესიის 1000 წლისთავი აღინიშნებოდა. ერთი ეკლესია, რომელიც 1000 წელი დგას ერთ ადგილას. აქ ამერიკაში რომ აშენებენ ეკლესიას 50 წლის შემდეგ სრული აღდგენა სჭირდება -(იცინის)ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის.


სხვაც ძალიან ბევრი საყურადღებო რამ ვნახე საქართველოში. ვნახე,რომ ხალხი ეკლესია-მონასტრებში კილომეტრობიათ არიან დაშორებულნი და მაინც მოდიან, მსახურების ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფეხზე დგანან, ეკლესიები სავსეა, რომელშიც არ უნდა შეხვიდე. მოხიბლული ვიყავი პატრიარქით. მართალია იგი ხანდაზმულია, მაგრამ მაინც აერთიანებს ეკლესიას-ერთობის სიმბოლოა. ასევე საინტერესო და მნიშვნელოვანია ის, რომ მთავრობის წევრები პატივს სცემენ პატრიარქს დადიან ეკლესიაში და ასე შემდეგ. ამერიკის საელჩოში რომ ვიყავი მითხრეს პრეზიდენტები მიდიან-და მოდიან, პატრიარქი კი რამდენი წელია არისო, ეკლესიის სიძლიერის სიმბოლოაო.


ასევე მოხიბლული ვარ ქართული კულტურით, რომელიც თვითმყოფადია და განსხვავებული. ვნახე როგორ უყვართ ეკლესია, როგორ ცეკვავენ და მღერიან. ამას ყველაფერს სიყვარულით აკეთებენ და ვხედავ, რომ ქართველები აქ ამერიკაშიც იგივეს აკეთებენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოხიბლული ვარ ქართული სტუმართმოყვარეობით, ქართული სამზარეულოთი. ჩემი იქ ყოფნის ხანმოკლე დროის განმავლობაში 10 ფუნტი მოვიმატე(იცინის).
ჩემთვის საინტერესო კიდევ იცით რა იყო? სასტუმროში სადაც ვცხოვრობდი, იმ ტერიტორიაზე თურმე ლენინის ძეგლი იდგა, ქართველებმა ის დაანგრიეს და მის ადგილზე წმ.გიორგის ძეგლია აღმართული.


იქედან რომ დავბრუნდი ქართველებს წმ.ნინოს ეკლესიაში ვუთხარი, რომ პირობა შევასრულე - თქვენთვის ქართულ მიწას ვაკოცე-მეთქი და საქართველოდან წამოღებული ქართული მიწა გადავეცი მათ.


რაც შეეხება ნიუ-იორკის წმინდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესიის წინამძღვარს, მამა ალექსანდრეს, 15 წელია ახლოს ვიცნობ, თუმცა მანამდეც ვხვდებოდით ერთმანეთს. ის არის შესანიშნავი მოძღვარი მოძვრისათვის ყველა საჭირო თვისებებით შემკული, რომელიც ბევრს მუშაობს ქრისტეს ეკლესიისათვის, აქვს ეკლესიისა და თავისი მრევლის სიყვარული. ყველაფერს გულით და სიყვარულით აკეთებს. მისი საქმიანობა ადვილი არ არის. ის თავდადებული მოძღვარია.

- მეუფევ რაზეც უკვე ვისაუბრეთ ძალიან საინტერესო და სასიამოვნო მოსასმენი იყო ჩემთვის როგორც ქართველისათვის; მოდით ახლა თქვენს შესახებ ვისუბროთ,როდის გადაწყვიტეთ რომ ქრისტეს გზას შედგომოდით და და იმას რომ მეტად რთული და საპასუხისმგებლო ტვირთი გეტარებინათ რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა ხომ არ ჰქონდა საფუძვლად?

მეუფე მიქაელი - მე ოჯახში პირველი შვილი ვიყავი. დედაჩემი ძალიან დიდ დროს ანდომებდა ჩემს აღზრდას. ის ყიდულობდა ბიბლიურ ისტორიებს და მიკითხავდა. ეხლაც მახსოვს ის წიგნები მოოქროვილი ყდებით იყო. ათი წლისა უკვე სტიქაროსანი ვიყავი და ვოცნებობდი ჩემი მოძღვრისნაირი გავმხდარიყავი. ჩემთან ერთად 36 სტიქაროსანი იყო,ზოგი დიდი,ზოგი პატარა. ერთხელაც მიტროპოლიტი გვესტუმრა და მასთან მსახურების უფლება მხოლოდ 16-17 წლის სტიქაროსნებს მისცეს. მაშინ ვთქვი, ყველაფერს გავაკეთებდი იმისათვის, რომ მემსახურა და ისსმინა უფალმა... გავხდი სტიქაროსნების ხელმძღვანელი. დავამთავრე სკოლა,სემინარიისათვის ჯერ ახალგაზრდა ვიყავი და ჩავაბარე კოლეჯში. კოლეჯის შემდეგ კი სემინარიაში შევედი. დავამთავრა სემინარია და გოგო შემიყვარდა, მალევე დაქორწინდით, რის შემდეგაც მალევე მღვდლად მაკურთხეს. სულ 29 დღე ვიცხოვრე მეუღლესთან. ავარიაში მოვყევით,მეუღლე იქვე გარდაიცვალა, მე ორი თვე კომაში ვიყავი. კომიდან გამოსვლის შემდეგ დავუბრუნდი მსახურებას.


რამდენიმე თვის მსახურების შემდეგ ეპისკოპოსმა გამომიძახა და მითხრა - ვხედავ რომ პრობლემები გაქვს, დეპრესიული ხარ, რაღაც ძალიან გიჭირს, ძალიან განიცდი შენს მდგომარეობასო. მინდა, რომ ეკლესიიდან წახვიდე, დაანებო თავი მოძღვრობას და უმაღლესში გააგრძელო სწავლაო. მაშინ არც ფული მქონდა, მანქანა დამტვრეული იყო. ეპისკოპოსმა სემინარიის მანქანა მომცა, ამით იარეო მითხრა. ეს საუბრი იყო აგვისტოს ბოლოს და ჩასარიცხად უკვე გვიანი იყო და ვუთხარია ასეც, რომ ეხლა გვიანია და ვერ მოვასწრებ-თქო. მან მითხრა-უმაღლესი სასწავლებლის რექტორს კარგად ვიცნობ, უკვე ყველაფერი გაკეთებულიაო, შენ მიხვალ და მარტო ხელს მოაწერო. ახლა ვუთხარი, რომ ფულიც არ მაქვს მეთქი, მეუღლე რომ გარდაიცვალა დაზღვევა კი მქონდა მაგრამ სიმამრმა მითხრა-ამ დაზღვევას მე ვიხდიდიო. იმ წუთში ვუპასუხე თუ ფული გინდა წაიღე-მეთქი და მართლაც ცენტიც კი არ ამიღია დაზღვევიდან.


მღვდელთავარი ფეხზე ადგა ამოიღო $100-იანების შეკვრა და მაძლევდა. მე უარი ვუთხარი მაგრამ მაინც მომცა. შევეკითხე, ამას როგორ გადავიხდი-მეთქი. თანხა იმდენი იყო, ერთი წელი მეყოფოდა სასწავლებლისათვის. მღვდელმთავარმა მითხრა -მე არ გადამიხადო, შენ როცა პოზიცია გექნება და ფულს დააგროვებ სხვას გადაუხადე და გააგზავნე უმაღლეს სასწავლებელშიო.


ეკლესიაში სადაც ვმსახურობდი პიცბურგთან ახლოს იყო.12 წელი ვიმსახურე იმ ეკლესიაში. შემდეგ ფილადელფიაში გადამიყვანეს სადაც 16 წელი ვიმსახურე. ამ დროს ერთ-ერთი მოძღვარი იოანე კოვჩუკი მოვიდა, ბავშვი ჰყავდათ მოსანათლი, შევთავაზე მას, რომ ჩემთან ემსახურა, ბოლოს ქადაგება ვთქვი, რომელიც ძალიან მოეწონა.ეს მამაო წავიდა და უთხრა მიტროპოლიტ ჰერმანეს, რომელიც იმ დროისათვის იყო აღმოსავლეთ პენსილვანიის მღვდელმთავარი.


ფილადელფიაც იქ შედიოდა. მან მთხოვა რომ წმ.ტიხონის სემინარიაში წამეკითხა ლექციები. მანამდე ქადაგება ვთქვი და მიტროპოლიტს მოეწონა. ამან ყველაფერმა განაპირობა ის, რომ იმ დღიდან მოყოლებული სემინარიაში ვასწავლიდი და ვასწავლი დღესაც-ვკითხულობ ლექციებს.


6 წელი ვმსახურობდი წმ.ტიხონის სემინარიაში, როგორც რექტორი. შემდეგ დამნიშნეს ხელმძღვანელ თანამდებობაზე იქვე. ეს ნიშნავდა იმას რომ, მაშინ ვიყავი რუსულ ეპარქიაში და უნდა გადავსულიყავი ამერიკის ეპარქიაში. მიტროპოლიტმა მომცა განტევების ფურცელი და ოფიციალურად გადმოვედი ამერიკის მართლმადიდებლურ ეპარქიაში. ვკითხულობდი ლექციებს და აი16 წლის წინათ მაკურთხეს ეპისკოპოსად, მღვდელმთავრად. უკვე დიდ დროს სემინარიას ვეღარ დავუთმობდი, მაგრამ დღემდე ვაგრძელებ სემინარიაში მოღვაწეობას და ვარ სემინარიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.


- მეუფევ როგორი იყო თქვენი პირველი შეხვედრა მრევლთან როცა მათთან პირისპირ აღმოჩნდით? რას გრძნობდით, რა განცდა იყო ეს?


მეუფე მიქაელი - ჩემი მდგომარეობა სხვანაირი იყო, ვინაიდან ტრაგედია ახალი მომხდარი იყო და ახალი მოძღვარი ვიყავი მათთან. კარგი ურთიერთობა გვქონდა,მათ ძალიან ვუყვარდი, მეტად ვიდრე მე მიყვარდა ისინი. მარტოხელა ვიყავი, მეტი დრო მქონდა და მეტ დროს ვუთმობდი მათთან ურთიერთობას.


გაკვეთილებს ვუტარებდი, მცირერიცხოვანი ეკლესია იყო. ნელ-ნელა მომძლავრდა. შემდეგ ეკლესიასთან სახლი ავაშენეთ მოძღვრისათვის. იქედან როცა წამოვედი გამიჭირდა, რთული იყო, იგივე იყო მარჯვენა რომ მოეჭრათ ჩემთვის.


- ,,რაც მეტი მოგეცათ,მეტი მოგეთხოვებათ'', მითუმეტეს დიდი სამწყსო გყავთ, სხვადასხვა ეროვნების, როგორია თქვენი დამოკიდებულება მათთან ?

მეუფე მიქაელი - მსახურება როდესაც დავიწყე 50 წლის წინათ, მაშინ ეკლესიური მდგომარეობა დღვანდელთან შედარებით სულ სხვანაირი იყო.


იმდროინდელი ხალხი ეკლესიაზე იყო ორიენტირებული, მეტად მორწმუნე იყო, ახალგაზრდები გვყავდა მრევლში. დადიოდნენ საკვირაო კლასებზე, ათასი აქტივობები გვქონდა, რელიგიურ განათლებას ღებულობდნენ, კალათბურთსაც კი ვთამაშობდით და ეს ყველაფერი გვაერთიანებდა.


შემდეგ ამერიკა შეიცვალა, შეიცვალა ცუდისაკენ. განსაკუთრებით კენედის მკვლელობის შემდეგ შეიცვალა. ვიეტნამის ომის შემდეგ უამრავი ნარკოტიკი გაჩნდა. დაიწყეს სექსუალურ თავისუფლებაზე საუბარი. ყველაფერ ამან ცუდი გავლენა იქონია ეკლესიაზე. ამერიკის მართლმადიდებლურ ეკლესიაში დღეს რომ არ იყვნენ ქართველები, რუმინელები, რუსები, ბულგარელები და სხვები რთული მდგომარეობა იქნებოდა ეპარქიაში. მე როგორც მღვდელმთავარი დღეს ვებრძვი სეკულარიზმს(ურწმუნოებას).


ეკლესია არავის აღარ აინტერესებს. ასეთ მდგომარეობასთან გვიწევს დღეს შეჯახება. ამიტომ, დღეს ჩემი მთავარი მიზანია სეკულარიზმთან ბრძოლა.

მღვდელმთავარი ვარ, მაგრამ ჩვეულებრივ მოძღვარივით ვიქცევი. ყოველდღე დავდივარ სხვადასხვა ეკლესიებში, ვქადაგებ, ვასწავლი, მოძღვრებს ვეხმარები, ვცდილობ ფინანსები შევაგროვო ეკლესიისათვის. ასე, რომ იმდენად მღვდელმთავარი არა ვარ, რამდენადაც მოძღვარი. ასევე ხშირად დავდივარ საავადმყოფოებში, ვნახულობ ავადმყოფებს, მოძღვარი იქნება, დიაკონი თუ მრევლი და ასე შემდეგ.


ყველაფერს აფუჭებს ის,რომ რთული მდგომარეობაა დღევანდელ ეკლესიაში,ზოგადად ქვეყანაში.


წინათ პირველ საუკუნეებში როცა ქრისტიანთა დევნა იყო,მათ ქრისტიანობის შესახებ თითქმის არაფერი იცოდნენ. მაშინდელ ხელმძღვანელობას სურდა ქრისტიანობის მოსპობა და ეს იყო. დღეს ყველაფერი იციან ქრისტიანობის შესახებ და მთავრობა ოფიციალურად სხვადასხვა მეთოდებით დევნის ქრისტიანებს, გამალებული დევნა მიმდინარეობს ეკლესიაზე.


მთავრობა და ამა ქვეყნის მესვეურნი რას ქადაგებენ კარგად მოგეხსენებათ. ჩვენ გვაძალებენ ნორმად მივიღოთ გარყვნილება, მამათმავლობა. ეს ყველაფერი დაუშვებელი და მიუღებელია, ეკლესიის პრინციპებს ეწინააღმდეგება. ძალიან რთული მდგომარეობაა ამ მხრივ. ღია დევნა მიმდინარეობს ქრისტიანობისა და მთავრობას უნდა რომ ღმერთი გააუქმოს,რომ მისი ხსენება აღარ იყოს. ფეისბუქზე წავიკითხე ერთ-ერთი სტატია, მადლიერების შესახებ იყო საუბარი, მაგრამ ღმერთი არსად იყო ნახსენები. ვის უნდა ვმადლობდეთ ადამიანები, თუ არა ღმერთს?


დღეს ახალგაზრდები კოლეჯს რომ ამთავრებენ უკვე მათი ფსიქიკა შეცვლილია, ღმერთი არ აინტერესებთ. მათ სხვა რამეს ასწავლიან, ეს ადამიანები ეკლესიისათვის დაკარგულები არიან.


- ამ მხრივ არც საქართველოშია კარგი მდგომარეობა; მთელ მსოფლიოში მოდებული ლიბერალიზმი ასევე განსაკუთრებულად ებრძვის საქართველოს, როგორც მართლმადიდებლურ ქვეყანას...


მეუფე მიქაელი -ეს ბრძოლა სწორედაც ახალგაზრდებისთვისაა, მიმართულია იქეთკენ რომ ტვინები გამოურეცხონ და შეუცვალონ აზროვნება. ამიტომაც კოლეჯიდან რომ გამოდიან მათი ფსიქიკა სხვააა იქ სულ სხვა რამეს ასწავლიან. ეს კატასტროფაა.


ძალიან ბევრი რამ მინახავს სხვადასხვა ეკლესიებში. ერთ-ერთ სამრევლოში დადიოდა ადამიანი, რომელმაც სქესი შეიცვალა,კაცი იყო და ქალი გახდა.


ამას რომ ადამიანი გააკეთებს სერიოზული კანონიკური დარღვევაა. მერე რას ჩაიცმევს რა მნიშვნელობა აქვს უკვე ორგანო თუ მოკვეთილი აქვს. მამათმავლების ურთიერთობა დიდხანს არ გძელდება. ცოტა ხნით არიან ერთად,რაც არ უნდა გააკეთონ ბედნიერები მაინც არ არიან. ასეთი ხალხი რათქმა უნდა ეკლესიურად არ ცხოვრობენ. მათ უნდათ რაღაც თავისუფლება,მაგრამ ასეთი თავისუფლება მათ ბედნიერების განცდას არ აძლევს. ამიტომ ასეთ თემში, განსაკუთრებით ამ ბოლო წლებში ყველაზე მეტი თვითმკვლელობაა,მაგრამ ამის შესახებ საინფორმაციოები სამწუხაროდ არ საუბრობენ,პირიქით პრპოპაგანდას უწევენ. როგორც ვთქვი კოლეჯებში ტვინებს ურეცხავენ იქ ასწავლიან და რომ გამოდიან ეკლესიას უპირისპირდებიან. ზოგი კი შეიძლება მოვიდეს ეკლესიაში, მაგრამ სრულყოფილი წევრი ვერასოდეს გახდება. ასე,რომ ბევრ სირთულეებთან მქონია შეხება.


ლიბერალების საქმიანობა დიდ ზიანს აყენებს ეკლესიას, მაგრამ როგორც ქრისტე შეგვპირდა მართლმადიდებლური ეკლესია გადარჩება. შეიძლება დაპატარავდეს, მრევლი შემცირდეს, მიუხედავად ყველაფრისა გადავრჩებით. საქმე იმაშია, რომ მაინც ბევრი ხალხი მოდის ეკლესიაში, ისეთებიც რომლებიც ადრე არ მოდიოდნენ. არავინ იცის ისინი დარჩებიან თუ არა, მაგრამ ფაქტი ის არის რომ ახალ-ახალი ხალხი მოდის ეკლესიაში და ეს კარგის ნიშანია.

ურთულესი დროა იმ მხრივაც რომ შეიძლება ნებისმიერ დროს დაიწყოს ატომური ომი. სამწუხაროდ ბევრ ქვეყნებს აქვთ ეს იარაღი. ღილაკზე თითის დაჭერაა საჭირო და პროცესები უმართავი გახდება, მაგრამ ქრისტეს ეკლესია მაინც გადარჩება.


სამწყსოს ვეტყოდი, ინტენსიურად იარონ ეკლესიაში, მოიყვანონ სხვებიც. მშობლებს მოვუწოდებ, რომ იარონ ეკლესიაში და ესაუბრონ შვილებს ღმერთის შესახებ, შვილებმა უნდა დაინახონ რომ მათი მშობლები ეკლესიურები არიან და ღმერთი სწამთ.


აი, ასეთი მიდგომა გადაგვარჩენს. რაც შეეხება წმ.ნინოს ეკლესიაში სტუმრობას გადავხედავ ჩემს ,,სქეჯუალს'' და თავისუფალი დღის მიხედვით ვესტუმრები მამა ალექსანდრეს მრევლს.


ლელა ჭელიძე
Newspress-ის კორესპოდენტი ამერიკა-კანადაში


რედაქციისგან: საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" მადლობას უხდის მამა ალექსანდრეს თარგმანში დახმარებისთვის, აგრეთვე, ლევან სალუქვაძეს ფოტომასალისთვის.