„ბრაკონიერებს, სასაფლაოს გზის გამოყენებით, ტყის მიმართულებით აჰქონდათ უკანონოდ მოპოვებული ფიცარი, რომელსაც ადგილობრივი კერძო პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ასაწყობებდნენ. ამის შემდეგ, ტყეში სპეციალურად მოწყობილი ხის კონსტრუქციის გამოყენებით ხდებოდა ფიცრების დაღმართზე დაშვება. დაახლოებით 40 მეტრი სიგრძის ხის კონსტრუქციის ბილიკი ისევ კერძო მესაკუთრის ტერიტორიაზე სრულდებოდა, საიდანაც ფიცრის ტრანსპორტირება უკვე ავტომობილების საშუალებით ხდებოდა.
ე.წ ხეკოს უბანში საგუშაგოა, რომელზეც ხე-ტყის კანონიერების შემოწმების მიზნით, სვანეთიდან გამომავალ სატრანსპორტო საშუალებებზე მუდმივი კონტროლი ხორციელდება. ამ მეთოდით ბრაკონიერები საგუშაგოს გვერდის ავლით, შემოვლითი გზით ახერხებდნენ ფიცრის გადატანას“, - განაცხადეს დეპარტამენტში.
მათივე ინფორმაციით, ამოღებულ იქნა 11 მ3-მდე ფიცარი. ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
წყარო: reginfo.ge