15-09-2024
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ხაშურის მუნიციპალიტეტში ახლად აშენებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება დაათვალიერა.
მინისტრი კოლეჯის განახლებულ ინფრასტრუქტურას, ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარ დეპუტატ ზაალ დუგლაძესთან და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრ მარიამ ლაშხთან ერთად, გაეცნო.
აღსანიშნავია, რომ პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ხაშურის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ განახორციელა. პროექტის ღირებულებამ 10 მლნ 200 ათასი ლარი შეადგინა.
ხაშურის მუნიციპალიტეტის კოლეჯში მოეწყო თანამედროვე ადმინისტრაციული საქმიანობის სივრცეები და სასწავლო აუდიტორიები, მაღალტექნოლოგიური მანქანა-დანადგარებით და ტექნიკით აღჭურვილი სახელოსნოები, კაფეტერია, ბიბლიოთეკა, სამედიცინო ოთახი, სპორტული, საკონფერენციო და სააქტო დარბაზები, რეკრეაციული შიდა
და გარე ზონები. შენობა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის.
ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების შედეგად ხაშურის მუნიციპალიტეტში არსებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები 2024 სასწავლო წელს ახალ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის შენობაში შეხვდებიან.
კოლეჯის სივრცეში განხორციელდება ხაშურის მუნიციპალიტეტის და შიდა ქართლის რეგიონის საჭიროებებზე მორგებული ისეთი საგანმანათლებლო პროგრამები, როგორებიცაა: ელექტრობა, შედუღება, სანტექნიკური სამუშაოები, გათბობა-კონდიცირების სისტემები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ავტოტრანსპორტის სერვისი და სხვა.